სამხრეთ სუდანში ძმებმა სიკვდილამდე სცემეს 20 წლის გოგონა, რომელმაც უარი განაცხადა მშობლების მიერ ორგანიზებულ ქორწინებაზე.
სუდანის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მშობლები აიძულებდნენ გოგონას დაქორწინებულიყო მამაკაცზე, რომელმაც ოჯახს მის სანაცვლოდ ორმოცი ძროხა შესთავაზა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კაცი, გოგონას მამა და ძმები.
სამხრეთ სუდანში ბევრი ოჯახი იძულებით აქორწინებს შვილებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკის გოგონებს. 2018 წელს სამხრეთ სუდანში Facebook აუქციონზე 17 წლის გოგო გაყიდეს. აუქციონში 5 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ სუდანის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ. როგორც ცნობილია, ოჯახმა 17 წლის გოგო პატარძლის სტატუსით, - 500 ძროხის, 3 ძვირადღირებული მანქანისა და 10 000 დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.
UNICEF-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ სუდანში ლეგალური ასაკი ქორწინებისთვის 18 წელია, 52%-ზე მეტი სუდანელი გოგო აღნიშნულ ასაკამდე ქორწინდება.