თბილისში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის", „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისში, გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ლიდერისა და ”ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის” თავმჯდომარის, მანანა მებუკეს ხსოვნას.
შეხვედრა ასოციაციის "მრავალფეროვანი საქართველოს ქალები" თავჯდომარის ალლა ბეჟენცევასა და გენდერის ექსპერტის, მაია კუპრავა-შარვაშიძის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა და გააერთიანა მანანა მებუკეს მეგობრები, კოლეგები, თანამოაზრეები და ოჯახის წევრები.
ღონისძიებაზე მოეწყო პუბლიკაციის "მე ვარ ძლიერი ქალი" წარდგენა და ვიდეო რგოლის პრეზენტაცია მშვიდობის მშენებელობის პროცესში მანანა მებუკეს ღვაწლის შესახებ. ვიდეო რგოლი მომზადდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ პუბლიკაცია გამოიცა პროექტის "მე ვარ ძლიერი ქალი” ფარგლებში, ქალთა ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებლები არიან ორგანიზაცია "ფემინისტური მოძრაობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა ქვემო ქართლის რეგიონში“ და ასოციაცია "მრავალფეროვანი საქართველოს ქალები".
2008 წელს მანანა მებუკე- „ომისგან დაშავებულ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშრის“ თავმჯდომარე, ცხინვალელ პარტნიორებთან ერთად ქმნის მოძრაობას „ქალები - მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“, რომელშიც გაერთიანდნენ ქალები ქართული და ოსური მხრიდან. მოძრაობა და მისი დამფუძნებელი მიზნად ისახავდა ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ქალთა ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, მესამე ქვეყანაში პირდაპირი დიალოგის გზით საერთო პრობლემების მოგვარებას, ნიადაგის მომზადებას პოლიტიკური პროცესების დაძვირსათვის და ასე ქმნიდა გაერთიანებულ ისტორიას ამ პროცესში ჩართულ 3000-მდე მშვიდობისმშენებელ ადამიანთან ერთად.
მანანა მებუკეს ინიციატივით ასევე შეიქმნა „გედნერული თანასწორობის ქსელი“ (GEN), რომელიც მოიცავდა საქართველოს ყველა რეგიონს.
„დავდიოდით და ვხვდებოდით ქალებს. ვიკვლევდით მათ საჭიროებებსა და ვმუშაობდით მათ გაძლიერებაზე. იმაზე, როგორ შეგვეწყო ხელი პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისთვის. ჩემთვის საინტერესო იყო ჩვენი ერთად მუშაობა, ის საოცრად კომფორტული ადამიანი იყო, მცოდნე, პროფესიონალი და ასევე, საუკეთესო მძღოლი. ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, ერთ-ერთ შეხვედრაზე ზუგდიდში, პოლიტიკური პარტიიის წევრებს ვხვდებოდით და ერთმა მონაწილე კაცმა მითხრა: „თქვენ, ქალები, მხოლოდ მძღოლებად ასაქმებთ კაცებსო.“ მე გამეღიმა და ვუპასუხე, „ჩემი მძღოლი ქალია და თან ორგანიზაციის დირექტორი-მეთქი“, - იხსენებს მაია კუპრავა-შარვაშიძე.
„გავა წლები, და მასთან გამოსამშვიდობებლად შეკრებილი საზოგადოება იტყვის: მან შეძლო „ნაბიჯ-ნაბიჯ“, მყარი სვლით მიახლოვება მიზანს, მან შეძლო თავისი კვალი დაეტოვა თავის ქვეყანაში, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა.“გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში!-მოგვიწოდა და...წავიდა“- იხსენებს ნანა საბანაძე, მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ქვემო ქართლის კოორდინატორი.