დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, დეზინფორმაცია ის მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც საზოგადოებაში მავნე სტერეოტიპებსა და უთანასწორობას აძლიერებს. გენდერული დეზინფორმაცია მიზნად ისახავს არამხოლოდ მიზოგინიის გაძლიერებას, არამედ ადამიანის უფლებათა დამცველობით სფეროს, ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესის უკუგდებასა და განადგურებას. უნდობლობა, სიძულვილი, სამართლიანობისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლა - სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ 21-ე საუკუნის დეზინფორმაციული ხანა.
მიზოგინია და დეზინფორმაცია: ორპირიანი ხმალი
ქალის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, გენდერული დეზინფორმაციისა და მიზოგინიის ყველაზე ნათელი მაგალითია. ამ ტიპის დეზინფორმაცია, ხშირად ერთი შეხედვით უწყინარი გზით ვლინდება - სოციალურ ქსელში, შემთხვევითი კომენტარები ქალების ემოციურ არასტაბილურობაზე, მათი ლოგიკური მსჯელობისა და ლიდერობის უნარების ეჭვქვეშ დაყენება - ეს არის მათ გენდერულ იდენტობასთან ტრადიციული მეთოდებით ბრძოლა.
მსგავსი დამოკიდებულება იმ დიდი და საშიში ნარატივის ნაწილია, რომელიც პატრიარქალურმა საზოგადოებამ, ქალების „თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად“ გაავრცელა, შედეგად კი, ისევ ამ სტერეოტიპების მსხვერპლმა ქალებმა, დაიწყეს თავისუფლებისა და პიროვნული დამუნათება.
იქიდან გამომდინარე, რომ ქართული საზოგადოება არც ისე დიდია, სამართალი კი დღემდე ნათესაობითა და ოჯახის წევრების დახმარებით „აღესრულება“, ქალები ხშირად, სწორედ რომ ამ ოჯახთან შეწინააღმდეგებას ერიდებიან და/ან ვერ ბედავენ. ამის საპირწონედ კი ითმენენ პირად თავდასხმებს, სისტემურ ეჭვს, უნდობლობას... ეს ყველაფერი კი მათ შუშის ჭერის გარღვევას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ურთულებს.
დეზინფორმაცია, როგორც დასავლეთთან ბრძოლის იარაღი
საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, „რუსული კანონის“ ყველაზე დიდი მხარდამჭერი, სწორედაც რომ დეზინფორმაციული კამპანიებია. გენდერული დეზინფორმაციის გამოყენება, ჩვენს ყოველდღიურობაში, ანტიდასავლური მიდრეკილებებით ხასიათდება. ამ ტიპის ნარატივი, ხშირად ვარაუდობს, რომ ადამიანის და განსაკუთრებით - ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და ლიბერალიზმი, შეუთავსებელია სხვა კულტურებთან, რამეთუ, მათი მტკიცებით, ის მკვეთრად წარმოადგენს დასავლურ ინტერესებს და არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციებთან. არადა, რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და სწორედაც რომ - ტრადიციებს, აღმოვაჩენთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც არათუ ხმის უფლება მოუტანა ქალებს, არამედ ჩვენ გვყავდა ქალი მეფეები, პარლამენტარები, ლიდერები და ეროვნული გმირები.
როდესაც ვსაუბრობთ გენდერულ დეზინფორმაციაზე, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ის ძირს უთხრის გლობალურ თანასწორობას, ამ გლობალიზაციის ნაწილი კი რა საკვირველია, პატრიარქარული იერარქიით გაჯერებული საქართველოცაა.
გენდერული დეზინფორმაცია და მიზოგინია, განსაკუთრებით საზიანოა რეგიონებში, სადაც ტრადიციული ღირებულებების დიდი პატივისცემა აქვთ განსხვავებული სქესის ადამაინებს. მოქალაქეების ამ ნაწილს, მსგავსი მავნე დამოკიდებულებები, უმტკიცებს მოსაზრებას, რომ თანასწორობისაკენ სწრაფვა არის საფრთხე როგორც კულტურული იდენტობისა და სუვერენიტეტისათვის, ასევე მომავლისა და განვითარებისათვის. დეზინფორმაციის გამავრცელებლები, ფაქტობრივად, ერთმანეთს უპირისპირებენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და კულტურულ ისტორიას, მას კი აქვს ძალა, გაამართლოს ქალთა უფლებების დათრგუნვა და მათი ჩაგვრა კულუტრული მემკივდრეობის დაცვის საფარქვეშ.
მცდარი წარმოდგენები გენდერული თანასწორობის შესახებ
დეზინფორმაცია, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ მცდარ წარმოდგენებს აძლიერებს, მას სახიფათო დესტაბილიზაციის პრინციპად ასახავს. კრიტიკოსების მტკიცებით, გენდერული თანასწორობის ინიციატივები, დაარღვევს სოციალურ წესრიგს და ზიანს მიაყენებს ეკონომიკურ ზრდას. მათ მიერ დახატულ ქაოსში, ირღვევა ტრადიციული როლები და საზოგადოება იშლება ახალი „არაბუნებრივი“ ნორმების სიმძიმის ქვეშ, რამეთუ თესავს შიშს საჭირო ცვლილებების განხორციელებისათვის.
სინამდვილეში კი, გენდერული თანასწორობა, ხელს უწყობს უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, მრავალფეროვან პერსპექტივებს და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისათვის.
სექსისტური სიძულვილის ენა და ქალთა უფლებები
სექსისტური სიძულვილის ენა, გენდერული დეზინფორმაციის ტოქსიკური პროდუქტია. ამის მსხვერპლი, ჩვენს ირგვლივ, ქალთა უფლებადამცველები, ქალი პოლიტიკოსები და ქალი ჟურნალისტები არიან.
ამგვარ დამოკიდებულებას, ყველაზე მეტად, სოციალურ მედიაში ვაწყდებით. სივრცეში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ამოეფარონ ანონიმურ ანგარიშებს და მიზანმიმართულად ავრცელონ დაუზუსტებელი, სიძულვილით სავსე ინფორმაცია, შეავიწროვონ და დაემუქრონ ქალებს მათი საქმიანობიდან გამომდინარე.
მიზოგინიის ეს ქარბორბალა, მიზნად ისახავს ქალების გაჩუმებას, მათი გავლენის შემცირებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.
ფემინიზმის დემონიზაცია
გენდერული დეზინფორმაციის ერთ-ერთი სამიზნე ფემინიზმია. მისი გამტარებლები, ფემინისტ აქტივისტებს ექსტრემისტული იდეოლოგიის გამავრცელებლად, მამაკაცების მოძულე რადიკალებად მოიხსენიებენ; მათი მტკიცებით, ფემინიზმი არა თანასწორობისათვის ბრძოლა, არამედ ტრადიციული ოჯახების, მათი ღირებულებების განადგურება და სოციალური დესქტუქტურიზაციაა. სინამდვილეში კი ეს დემონიზაცია, მხოლოდ ცილისწამების კამპანიაა, რაც ხშირად გამოწვეულია როგორც მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით, ასევე გაუნათლებლობითა და სიახლეებისადმი მიუღებლობით.
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მტკივნეულია დეზინფორმაციის ამ კამპანიების შედეგების იმ საზოგადოებაში ხილვა, რომლის გაძლიერებისათვისაც თითოეული აქტივისტი ვიბრძვით და უანგარო შრომას ვდებთ.
მიზოგინიის ნათელი მაგალითი, სწორედაც რომ, ქალთა უფლებების მიღწევების გაუქმებაა და ღიად თუ ფარულად ითხოვს ქალების უფლებების შეზღუდვას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: გენდერული კვოტირება, აბორტის დეკრიმინალიზაცია, ოჯახში ძალადობისაგან დამცავი კანონების, გაუპატიურებისა თუ სექსუალური შევიწროების მუხლების გადახედვა და სხვა.
ქალების უფლებრივი ბრძოლა, ჩვენს ქვეყანაში, ათწლეულებია გრძელდება, თუმცა, დეზინფორმაცია და მიზოგინიის წახალისება, უფრო მეტად გვართმევს ავტონომიასა და უსაფრთხოების შეგრძნებას.
სიძულვილის ენა და არასამთავრობო ორგანიზაციები
გენდერული დეზინფორმაცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე ხშირად ლიდერ, აქტივისტ ქალებს ეხებათ, თუმცა, რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ქალთა ორგანიზაციებია; რომლებსაც ასახავენ, როგორც მავნე აქტორებს ფარული დღის წესრიგით. ეს კამპანიები მიზნად ისახავს, საზოგადოებაში გააჩინოს ეჭვი და შეარყიოს მათი ნდობა ამ ორგანიზაციების მიმართ, წარმოაჩინოს როგორც კორუმპირებულები ან უცხოური ინტერესების გამტარი აგენტი-სუბიექტები, რომლებიც მუშაობენ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.
სინამდვილეში, კი არასამთავრობო სექტორი და ორგანიზაციები, აკეთებენ საქმეს, რომელიც ევალება სახელმწიფოს, ეს ჯგუფები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქალთა და გოგონათა უფლებების ადვოკატირებაში, მხარდაჭერის სერვისების მიწოდებაში და პოლიტიკური ცვილლებების წარმართვაში.
დეზინფორმაციითა და დაშინებებით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციისა და სანდოობის შელახვა, არამხოლოდ აფერხებს მათ მუშაობას, არამედ ხელს უშლის მსხვერპლებსა და ბენეფიციარებს, მიიღონ ის აუცილებელი სერვისები, რაც მათი სიცოცხლისათვის გადამწყვეტია, ფაქტობრივად, საზოგადოების მტრულად განწყობა, განაჩენია ქალებისათვის, რომ დარჩნენ აუცილებელი დახმარებების მიღების გარეშე.
საქართველოში დეზინფორმაციასთან ბრძოლა განსაკუთრებით ბოლო 1 წლის მანზილზე გახდა შესამჩნევი, მაშინ, როდესაც ყველა თაობის წარმომადგენელი საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. 300.000-მდე აქტივისტი აპროტესტებდა არამხოლოდ რუსული კანონის არსებობას, არამედ იმ ქალებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, აქტივისტებზე თავდასხმებსაც, რომლებიც საუბრობენ ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე.
ეს თავდასხმები შექმნილია მათი დაშინებისა და გაჩუმებისათვის, თუმცა, გამოწვევების მიუხედავად, აქტივისტი ქალები კვლავ აგრძელებენ უფლებების ხმამაღლა დაცვას და ყველა შესაძლო სამართლებრივი ხერხით ებრძვიან დეზინფორმაციას.
დასკვნა
გენდერული დეზინფორმაცია მრავალმხრივი და ღრმად ფესვგადგმული პრობლემაა, რომელიც ძირს უთხრის ქალთა უფლებებს, გენდერულ თანასწორობასა და თავისუფლებას. კულტურული ნარატივებით გაჯერებული სტერეოტიპები, ღიად უპირისპირდებიან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს თავისუფალი, ქმნიან მცდარ წარმოდგენებს და ავრცელებენ სიძულვილს იმათ წინააღმდეგ, ვინც პირველ ხაზზე იბრძვის სამართლიანი და თანასწორი საზოგადიებისათვის.
ამ ყველაფერთან ბრძოლა, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხებითაა შესაძლებელი - ინფორმაციის გადამოწმება, სანდრო წყაროების გამოყენება და მხოლოდ მას შემდეგ გავრცელება, პრაქტიკულად, ერთადერთი გზაა სწორი ამბების გასავრცელებლად; საზოგადოების ინფორმირება გენდერული თანასწორობის რეალობის შესახებ კი აუცილებელი ნაბიჯია ამ ბრძოლაში.
ჩვენ ერთად შეგვიძლია, ავაშენოთ და გავზარდოთ საზოგადოება, სადაც არა დეზინფორმაცია, არამედ თანასწორობა და სამართლიანობა თითოეული ჩვენგანის რეალობა იქნება.
***
გამარჯვებული სტატია მომზადებულია კონკურსის და პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით.