…ელენა გარსია მთელს ქვეყანაში ცნობილი იყო მისი დამსახურებებით, იმ საქმეებით, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე აქამდე არავის გაუკეთებია. შესაბამისად, მას არ აკლდა თავდაჯერება იმისთვის, რომ გამხდარიყო პირველი ქალი პრეზიდენტი და მომავალ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
ელენამ გამოავლინა ლიდერობის იმგვარი უნარები, რაც ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო. რაც მთავარია, იგი აჩენდა იმედს, რომ ქვეყნის პროგრესი ახლოს იყო და ამ იმედს მობღაუჭებულები მივუყვებოდით ჩვენც მის მიერ ნაჩვენებ გზას.
ყველა გამოკითხვა მეტყველებდა ელენას გამარჯვებაზე, სოციალურ ქსელებში არ წყდებოდა კომენტარების ნაკადი და მაოცებდა კიდეც ამდენი სიყვარულის გამოჩენა პოლიტიკური ფიგურის მიმართ. მისი გამოსვლები კი ყოველთვის მხურვალე ტაშით და ოვაციებით მთავრდებოდა.
…მაგრამ მხურვალე ტაშის პარალელურად, თურმე იმავე წუთებში სხვა ტიპის ხმაური ვრცელდებოდა სოციალური მედიის ჩრდილში. ჩურჩულები გადაიზარდა ჭორებში, შეთხზული ამბები ელენას პირად ცხოვრებაზე უკვე ზედაპირზე ამოტივტივდა და ამ ამბების გავლენამ იგი სრულად ჩამოაშორა პოლიტიკურ ასპარეზს…
სამწუხაროდ, ეს ამბავი მხოლოდ ფანტაზიის შედეგს არ წარმოადგენს, ძალიან ბევრი მსგავსი ისტორია უკვე დაიწერა და დღეს, მაშინ როცა შენ ამ სტატიას კითხულობ, კვლავაც იწერება.
გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია პოლიტიკოსი ქალების მიმართ არის იმგვარი თავდასხმა, რაც ძირს უთხრის ქალთა სანდოობას, დაბრკოლებებს უქმნის მათ საარჩევნო წარმატებას და, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც ბევრი ქალი ტოვებს პოლიტიკურ კარიერას. ზოგიერთ შემთხვევაში, გენდერული დეზინფორმაციის კამპანიებით გაძლიერებულ სიძულვილსა და ონლაინმუქარას მოჰყვება ხოლმე ფიზიკური ძალადობა. სხვა და უფრო ხშირ შემთხვევებში - უდიდესი მორალური ზიანი. ქალების პოლიტიკური ასპარეზიდან გაძევება კი ხშირად მხოლოდ პირველი ნაბიჯია უფრო ფართო, სახიფათო სტრატეგიისა, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
დასაწყისისთვის, ორი ძირითადი განსხვავებული ტერმინი თანაარსებობს იმ ქოლგის ქვეშ, რაც სასაუბროდ ცნობილია, როგორც ყალბი ამბები: დეზინფორმაცია (disinformation) და არასწორი ინფორმაცია (misinformation). არასწორი ინფორმაცია (misinformation) არის სიტყვა, რომელიც გამოიყენება „ცრუ ინფორმაციის აღსაწერად, რომელიც გაზიარებულია ზიანის მიყენების განზრახვის გარეშე“. ხოლო მაშინ, როდესაც ცრუ ინფორმაცია პირდაპირ გამოიყენება განზრახ შეცდომაში შეყვანისა და უარყოფითი განწყობის (შიში, ეჭვი) შექმნის მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება გენდერის ნიშნით არჩეულ სამიზნეებს, ეს უკვე წარმოადგენს დეზინფორმაციას.
გენდერული დეზინფორმაციის უპირველესი მიზანია ქალი პოლიტიკოსების ჩამოყალიბება, როგორც არსებითად არასანდო, არაინტელექტუალური, ან ზედმეტად ემოციური პირებისა, რაც შეუფერებელს ხდის მათ თანამდებობის დასაკავებლად ან საერთოდაც დემოკრატიულ პოლიტიკაში მონაწილეობისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიერ ხდება ორგანიზებული გენდერული დეზინფორმაციის კამპანიების გამოყენება, რაც წარმოადგენს წინასწარგანზრახულ ტაქტიკას, რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა და შეაფერხოს დემოკრატიული პროცესები.
ადამიანის უფლებათა სისტემის შესუსტების ეს მცდელობები უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს თანახმად, ქალთა უფლებების ეროზია „არის მთელი საზოგადოების ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებათა სტანდარტებისთვის“ და ფართო შედეგებია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
დეზინფორმაციის კამპანიები, რომლებიც მიმართულია ქალი პოლიტიკოსებისაკენ ძირითად შემთვევებში შეიცავს ყალბ ისტორიებსა და მუქარებს, ასევე, დამამცირებელ და სექსუალურად დატვირთულ ფოტოფალსიფიკაციებს. როგორც კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკოს ქალთა თითქმის 42%-ს უნახავს „საკუთარი თავის უკიდურესად დამამცირებელი ან სექსუალურად დატვირთული სურათები“ ინტერნეტში. გრაფიკული გამოსახულების გამოყენების ცნობილი მაგალითია უკრაინელი პარლამენტარის სვიტლანა ზალიშჩუკის შემთხვევა, რომლის დროსაც გაეროში ქალთა უფლებების მხარდამჭერი გამოსვლის შემდეგ, იგი გახდა სოციალური მედიის დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი. ასევე, კარგი მაგალითია 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ჰილარი კლინტონი დემონიზებულ იქნა ტრეფიკინგის სკანდალებში (Pizzagate conspiracy theory) მონაწილეობის ამბებით. ორივე შემთხვევაში, დეზინფორმაცია ფოკუსირებული იყო გენდერული სტერეოტიპული მახასიათებლების განმტკიცებაზე.
მაშინ როცა გენდერული დეზინფორმაცია საკმარისად არ არის შესწავლილი სამეცნიერო საზოგადოების მიერ, მისი შედეგები კიდევ უფრო ნაკლებადაა გაანალიზებული, როცა სამიზნეს წარმოადგენენ ფერადკანიანი ქალები. ძალიან ცოტა კვლევითი ნაშრომი თუ აღწერს გენდერული დეზინფორმაციის ფენომენს და მის მექანიზმს, როდესაც კატეგორიზაცია ხდება რასის მიხედვით. ერთ-ერთი ასეთი კვლევის შედეგად, სახელად ,,არაწარმომადგენლობითი დემოკრატია: როგორ აფერეხებს დეზინფორმაცია და ონლაინ თავდასხმები ფერადკანიანი ქალების პოლიტიკურ კანდიდატობას ამერიკის შეერთებულ შტატებში’’, აჩვენებს, რომ ფერადკანიანი ქალები კიდევ უფრო მეტად ხდებიან დეზინფორმაციის სამიზნეები მათი კანის ფერის გამო. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ,,თავდასხმები ეფუძნება რასისტულ რწმენას, რომ კანდიდატი ,,არ არის საკმარისად თეთრი ან საკმარისად მუქი კანის ფერის’’, რომ მიჩნეული იყოს ლიდერად. შესაბამისად, აქ ერთვება რასისტული რიტორიკა, რომ დისკრედიტირებული იყოს ქალი პოლიტიკოსის აქტივობის მცდელობები. Amnesty International-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 84%-ით მეტია შანსი იმისა, რომ შავკანიანი ქალები გახდენენ ონლაინ ძალადობის სამიზნეები Twitter-ზე, ვიდრე თეთრკანიანები.
რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის?
ნებისმიერი დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული პოლიტიკოსები, როგორც უკვე აღინიშნა, უდიდეს გავლენას ახდენს დემოკრატიაზე მისი სერიოზული შედეგების გამო. დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პროცესების მთლიანობას, იქნება ეს არჩევნები თუ ყოველდღიური საჯარო დებატები. მისი გრძელვადიანი შედეგია მედიის, სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნელი შერყევა.
დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფაქტორია, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციის მიუკერძოებელ, ფაქტებზე დაფუძნებულ წყაროებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბება. როდესაც უნდობლობა ჩნდება, საზოგადოება მსოფლმხედველობის ფორმირებისთვის ე.წ. ,,ალტერნატიულ ფაქტებს’’ ეტანება. იზრდება პოლარიზაცია, უარეს შემთხვევებში ეს იწვევს ძალადობრივ კონფლიქტს. არა მარტო თავად დემოკრატიული ინსტიტუტები, არამედ ისეთი სფეროებიც კი როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა (მაგ. ვაქცინაციის შესახებ დებატები) და ტერიტორიული უსაფრთხოებაც კი შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ.
ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დეზინფორმაცია მიმართულია ქალი პოლიტიკოსების მიმართ, ეს კიდევ უფრო ზრდის არაწარმომადგენლობითი დემოკრატიის ჩამოყალიბების რისკებს, რასაც მთელი ამ წლების მანძილზე ვებრძვით და ეს ბრძოლა ამჯერად სხვა კუთხით გრძელდება.
რა იქნება გამოსავალი ამ სიტუაციიდან?
საზოგადოების იმუნიტეტის გამომუშავება დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაძლებელია მედია წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების და პასუხისმგებელი ჟურნალისტების დახმარებით, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დეზინფორმაციის ნაკადის შესუსტებას და შემცირებას. თუმცა ეს კვლავ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას თავდასხმები ქალ პოლიტიკურ ლიდერებზე.
2020 წლის ზაფხულში, აშშ-ის ქალთა დემოკრატიულმა ჯგუფმა (U.S. Democratic Women’s) Facebook-ს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იყო მოწოდება ქალების დაცვისთვის ონლაინ თავდასხმებისგან და დეზინფორმაციული კამპანიებისგან, რაც მრავალჯერ გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალებმა მიატოვეს კარიერა პოლიტიკასა თუ საჯარო სამსახურში. წერილში, რომელსაც ხელს აწერს 30 ქვეყნიდან 100 ამჟამინდელი და ყოფილი კანონმდებელი ქალი, ნათქვამია: „არ შეცდეთ, ეს ტაქტიკა, რომელიც თქვენს პლატფორმაზე გამოიყენება მავნე განზრახვით გამიზნულია ქალების გაჩუმებისთვის და საბოლოოდ ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიებს“. ეს ქმედება წარმოადგენდა პირველ კოორდინირებულ გლობალურ ძალისხმევას სოციალური მედიის პლატფორმების პასუხისმგებლობის დაკისრებაზე იმ ზიანის გამო, რომელიც მათ აყენებენ ქალებს პოლიტიკაში, იმის აღიარებით, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არის წინაპირობა ძლიერი, მონაწილეობითი დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის.
სამართლებრივი მოწესრიგება
კანონმდებლებმა სოციალური მედიის რეგულირების აქტებში უნდა შეიტანონ შინაარსის კონტროლის იმგვარი მოთხოვნები, რომ დანერგონ ანგარიშვალდებულება ქალთა ონლაინ დაცვაზე. მათ უნდა შექმნან მკაფიო სტანდარტები, რომლებიც კრძალავს გენდერული და სექსუალური შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის გამოყენებას ოფიციალურ ბიზნესში.
როდესაც საქმე ეხება ონლაინ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოდერაციას, მიმდინარეობს დებატები ყველაზე პროდუქტიული და ეთიკური მიდგომის შესახებ. პირველი და უფრო რბილი ფორმაა ინფორმაციის რეგულირება, სადაც ყალბად მონიშნულ შინაარსს თან ახლავს ფაქტებით შემოწმებული ინფორმაცია. (fact-checkers). ზოგიერთმა სოციალური მედიის პლატფორმამ ჩაატარა ექსპერიმენტი ამ სისტემაზე Covid-19-ის დროს: პლატფორმაზე პანდემიის ნებისმიერი ხსენება მოიცავს ინფორმაციის სანდო წყაროს ბმულს. შესაბამისად, მოქმედი რეგულირების ალტერნატივა არის თანარეგულაცია, სადაც ფაქტებით შემოწმებული ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები გათვალისწინებულია საკანონმდებლო და მარეგულირებელი ორგანოების მიერ.
ქვეყნების მთავრობებმა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და კანადა, ცდილობდნენ ამ მიდგომის გამოყენებას. მათი ძალისხმევა მოიცავს ხელისუფლების უფლებამოსილების მინიჭებას, ყალბი ინფორმაციის წაშლას და პლატფორმებზე ჯარიმების დაწესებას შეცდომაში შემყვანი მასალის არ წაშლის გამო. თუმცა, კონკრეტულად გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლება აუცილებელი იქნება იმ პროგრამებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაზე, გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ გენდერული მეტყველება ბევრ პლატფორმაზე ნორმად იქცა.
ამავდროულად, ეს პროცესი მოითხოვს მკაფიო პროპორციულობის საზღვრებს ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის გავლენისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას შორის, რაც მიმდინარე დებატების საგანია. ხოლო მაშინ როცა განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციები თამაშობს გადამწვეტ როლს ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ რეაგირებაში, მთავრობათა ნაწილმა გადაწყვიტა უპასუხოს დეზინფორმაციას, იმგვარად რომ არ დააზიანონ პლურალიზმი და ადამიანის უფლებებები, ხოლო მეორე ნაწილმა კი ამჯობინა კანონმდებლობის გამოყენება და თავისუფლებათა შეზღუდვა მცდარი ინფორმაციების აღკვეთის მიზნით.
The Poynter Institute-მა გამოაქვეყნა ანტიდეზინფორმაციული ქმედებები მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც ასახა განსხვავებული რეაგირებები, დაწყებული კანონპროექტებიდან, რომ დაისაჯონ პოლიტიკოსები მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის (მაგ. ჩილე, 2019), დამთავრებული ჩინეთის მიერ კრიმინალიზაციით ისეთი ინფორმაციებისა, რომელიც ძირს უთხრის ეკონომიკურ და სოციალურ წესრიგს. ასევე, ცვლილებები ხორციელდება კიბერუსაფრთხოების სამართლის რეგულაციებშიც, როგორიცაა ვიეტნამში მაგალითად მთავრობის მიერ მოთხოვნილ იქნა Facebook-სგან, რომ წაშალოს მსგავსი კონტენტი.
განსხვევებული მიდგომების კვალდაკვალ, კანადამ და საფრანგეთმა წარადგინეს კანონი, რომლითაც მოხდება ტექპლატფორმების გამჭვირვალობა პოლიტიკური რეკლამებისას, მოითხოვება რა სოციალური მედიისგან რომ შექმნას რეკლამების საცავები (ad repositories). თუმცა, მაშინ როცა ფრანგული კანონმდებლობა უფლებას აძლევს მაუწყებლობის სააგენტოს შეაჩეროს იმგვარი მაუწყებლობის მოქმედება, რომელიც ავრცელებს მცდარ ინფორმაციას სხვა ქვეყნის გავლენით და საარჩევნო ერთიანობას აზიანებს, კანადაში მთავრობამ შექმნა არაპარტიზანული პანელი, რომელიც იღებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.
გარდა სამთავრობო ქმედებებისა, ძალიან დიდ როლს თამაშობენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, არამხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვაში, არამედ სხვა ინიციატივებში ჩართვის კუთხითაც.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა სამოქმედო გეგმა (European Commision, 5.12.2018), რომელიც მიზნად ისახავს დაიცვას კავშირის დემოკრატიული სისტემები. ეს გეგმა ეხება როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, ისე წევრ ქვეყნებს და მათ ქმედებებს. ონლაინ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში გადამწყვეტი როლი კი დაეკისრა სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს (განსაკუთრებით მედია პლატფორმებს). გარდა ზემოაღნიშნულისა, ციფრული მომსახურების აქტი (Digital Services Act; 27.10.2022) და ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სტრატეგია 2020-2025 (EU Gender Equality Strategy 2020-2025), წარმოადგენს დოკუმენტებს რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა მათ შორის ციფრულ სამყაროში, თანასწრობისა და ონლაინ-შევიწროების, დეზინფორმაციის, არალეგალური შინაარსის მასალების აღკვეთის მიზნით. ასევე, არაერთი წამოწყება და ინიციატივაა რომელიც მხარს უჭერს მედიაწიგნიერებასა და ფაქტების გადამოწმებას. ონლაინ პლატფორმებისა და სარეკლამო ინდუსტრიის რეგულირება კი განხორციელებულია Code of practice-თი (2018), რაც გამჭვირვალეობას და მოქალაქეთა დაცვას ისახავს მიზნათ.
ევროპული ციფრული მედიის ორგანიზაციის (EDMO) ჰაბები ასევე ღირებული ინიციატივაა, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ კავშირს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
ცნობიერების ამაღლება
ამავდროულად, გენდერული დეზინფორმაციის კამპანიის ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს იგი ამომრჩევლებზე. თუ ყველა ადამიანი კრიტიკულად შეხედავს მიღებულ ინფორმაციებს, ასეთი კამპანიების გავრცელება სავარაუდოდ შემცირდება. შესაბამისად, სახელმწიფოებმა და სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმირებული მოქალაქეების კრიტიკულ ჩართულობაზე. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ბელგიამ და ნიდერლანდებმა, უკვე განახორციელა კიბერგანათლებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინიციატივები.
გაერთიანებული სამეფოს განათლების მდივანმა 2019 წელს გამოაცხადა, რომ ონლაინ უსაფრთხოება, მათ შორის ცრუ ინფორმაციის შესახებ, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. თუ ასეთი ინიციატივები მიაღწევს ადამიანთა საკმაო რაოდენობას, ის შეიძლება გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩევლებმა აღმოაჩინონ დეზინფორმაცია ინტერნეტში, როდესაც ჩამოსწორების ან წაშლის სხვა ვარიანტები არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია ძირს უთხრის ქალ პოლიტიკოსებს, ლიბერალურ ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, ის რჩება ნაკლებად შესწავლილ თემად. ამ დროისთვის, არ არსებობს ამ ტიპის თავდასხმის უნივერსალური მეცნიერული განმარტება. თუმცა, ასეთი განმარტება საჭირო იქნება, თუ საკითხი უკეთესად განიხილება და ეფექტურად განიხილება. მთავარი პლატფორმებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ონლაინ ძალადობასთან გამკლავება.
ა.შ.შ-ს 2020 წლის არჩევნებისას, LinkedIn, Pinterest, Reddit, Verizon Media და the Wikimedia Foundation შეუერთდა Google, Facebook, Twitter და Microsoft იმისთვის, რომ მომხდარიყო კოორდინაცია დეზინფორმაციული კამპანიების გამოსავლენად. შედეგად, მოხდა მსგავსი ქსელების წაშლა, მათ შორის, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსულ ტროლ საწარმოებთან.
სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა გააძლიერონ ინციდენტების შეტყობინებები, რომლებიც საშუალებას მისცემს ქალებს ერთდროულად დაარეპორტონ რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი. მათ ასევე რეგულარულად უნდა განაახლონ პლატფორმის კლასიფიკატორები ან საკვანძო სიტყვები, გააუმჯობესონ ავტომატური გამოვლენის მეთოდები, რათა ხელი შეუშალონ მომხმარებლებს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამოქვეყნებისგან. და ბოლოს, მათ უნდა შექმნან კროს-პლატფორმული კონსორციუმი, რათა თვალყური ადევნონ და უპასუხონ ონლაინ მიზოგინიას, უკვე არსებული კონსორციუმების მსგავსად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტერორიზმსა და ექსტრემიზმს.
გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს მრავალგანზომილებიან მიდგომას, რომელიც მოიცავს ინდივიდებს, ორგანიზაციებს და მთლიანად საზოგადოებას, რათა ბოლო მოეღოს დაუსჯელობის კლიმატს, რომელიც სუფევს ონლაინ ძალადობის ჩამდენი პირებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელია შინაარსის რეგულირების სტრატეგიის გარეშე. ონლაინ პლატფორმებს უნდა შეეძლოთ დაეყრდნონ მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც სურს გააძლიეროს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში. სახელმწიფოებმა ასევე უნდა განახორციელონ ინვესტიცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიებში.
ცნობიერება უნდა გაიზარდოს განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რათა მოხდეს მათი ინფორმირება დეზინფორმაციის მექანიზმების შესახებ (მათ შორის, ფაქტების შემოწმების ტექნიკები) და ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნება. ეს უნდა დაიწყოს პირველ რიგში, სასწავლო დაწესებულებებში მედიაწიგნიერების პროგრამების წახალისებით.
და ბოლოს, გადამწყვეტია ქალთა ხმის წახალისება და გაძლიერება, ვინაიდან, დეზინფორმაცია სწორედ ის ფაქტორია, რამაც ხელს უშლის ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მძაფრიც, რაც აქამდე ყოფილა. თუმცა, ზემოაღნიშნული მიდგომებით და ყველა მხარის ჩართულობით, ამ პრობლების აღმოფხვრაც მალე მოხდება.
***
გამარჯვებული სტატია მომზადებულია კონკურსის და პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით.