თანამედროვე საზოგადოებაში, მიუხედავად ტექნოლოგიური და სოციალური განვითარებისა, ადამიანები ხშირად ვეხვევით სტერეოტიპებისა და დეზინფორმაციის აბლაბუდაში. კულტურული ნიშნით შექმნილი ბარიერები, ხშირად ჩარჩოებში გვაქცევს ადამიანებს, და, განსაკუთრებით, ქალებს.
დღეს, ინფორმაციულად განვითარებულ მსოფლიოში, ფემინიზმის მიმართ გავრცელებული დეზინფორმაცია ელვის სისწარფით ვრცელდება სოციალური და ტრადიციული მედიის საშუალებით. ამას ემატება პოლიტიკოსების რიტორიკა და ე.წ. ‘echo chambers’-ონლაინ ფორუმები. სინქრონში ამ ხერხების გამოყენება, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და იწვევს ფემინიზმის დემონიზებას.
გენდერული დეზინფორმაცია ამახინჯებს ფემინისტების მიზნებსა და ქმედებებს. დეზინფორმაციის გავლენით ხდება ფემინზმის დემონიზება. ავრცელებენ ცრუ ნარატივებს ფემინისტების შესახებ: ფემინისტები ცდილობენ ოჯახური გაერთიანებების დაშლას, ქალის უპირატესობის დამყარებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლეგიტიმური ფემინისტური შეშფოთება და ქმედებები, გენდერული დეზინფორმაციის მიერ, გადაჭარბებულად ან არასწორად არის წარმოდგენილი, რათა რადიკალურად და არაგონივრულად გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში.
ფოტო: ვახო ქარელი
ქალთა დემონიზების საილუსტრაციოდ მოვიყვან მაგალითს 1987 წლის ფილმიდან ‘Fatal Attraction’. ამ ფილმის ანალიზი Julie Burchill-ის და Susan Faludi-ს პერსპექტივიდან ამგვარია: ისინი ხაზს უსვამენ ფილმის ორი პერსონაჟი ქალის, მსახიობ მაიკლ დუგლასის, ცოლისა და საყვარლის ხასიათს. დუგლასის ცოლი, ბეტი, ნამდვილია ქალია, მოსიყვარულე და მეოჯახე, ზრუნავს ოჯახსა და ქმარზე. ხოლო, მეორე მხრივ, ალექსი წარმოჩენილია როგორც არასტაბილური ხასიათის მქონე, საშიში, კარიერისტი და თავისუფალი ‘სხვა’ ქალი, რომელსაც ოჯახურ ღირებულებებთან არანაირი კავშირი აქვს. ფილმის ვიზუალი და შინაარსობრივი მხარე, მკვეთრად უსვამს ხაზს ამ ორი პერსონაჟი ქალის განსხვავებულ თვისებებს: ალექსის საცხოვრებელი გარემო და სახელი მიუთითებს სიცივესა და არასტაბილურობაზე, ხოლო ბეტის სახლი და მისივე სახელი იწვევს სითბოსა და სტაბილურობის შეგრძნებას.
ფოტო სათაურით - ‘I’m not a girly girl’
ფილმის კულმინაცია ასეთია: ალექსის დახრჩობა საყვარელმა ვერ მოახერხა და მისმა ცოლმა, ბეთმა მოკლა. ეს სცენა მეტაფორულად აკავშირებს ალექსს ჯადოქართან, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რადგან საფრთხეს უქმნის ოჯახურ სიმშვიდეს და ჰარმონიას. სცენა ამყარებს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებელი, პროფესიონალი ქალი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ნორმებს, ოჯახურ ტრადიციებსა და ფასეულობებს. ფილმი მთავრდება აღდგენილი ოჯახის ერთიანობით. მეორე მხრივ ეს გულისხმობს, რომ იდეალური გადაწყვეტა არის მარტოხელა, დამოუკიდებელი ქალის აღმოფხვრა - ‘the best single woman is a dead one' - აღნიშნავს Susan Faludi.
გენდერული დეზინფორმაცია არის ძლიერი ძალა, რომელიც აგრძელებს ფემინიზმის დემონიზაციას და აფერხებს პროგრესს გენდერული თანასწორობისკენ. ამ გამოწვევის მოგვარება მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მოიცავს განათლებას, ფაქტების შემოწმებას, პოზიტიურ წარმოდგენას და მარეგულირებელ ზომებს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზით საზოგადოებას შეუძლია შექმნას უფრო ინფორმირებული და მხარდამჭერი გარემო გენდერული თანასწორობის განვითარებისთვის.
***
გამარჯვებული ბლოგი მომზადებულია კონკურსის და პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით.