გენდერული სიახლეები
ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან
2024-05-29 14:46:26

„ეს საქმე უნდა მეპოვა, რომ სიცოცხლე ისე შემყვარებოდა, როგორც ახლა მიყვარს.“ (ს.წ)

„არც ერთი წამით არ მინანია, რომ გავრისკე და ჩემი საქმე დავიწყე.“ (მ.კ)

„როცა იწყებ, ვეღარ ჩერდები, უფრო და უფრო მეტი იდეა მოგდის და მეტის გაკეთება გინდა.“ (ს.უ)

„ცხოვრების ხალისი დავიბრუნე.“ (გ.ლ)

„ყველაფერს სხვა თვალით შევხედე.“ (ქ.ს)

„ის, რასაც საფუძვლად სიყვარული უდევს, აუცილებლად იპოვის ნათელ წერტილს.“ (ლ.ბ)

„ვერანაირი სირთულე ვერ დაჩრდილავს იმ სიამოვნებას, რასაც ეს საქმე მანიჭებს.“ (მ.ნ)

„მინდა ვიყო დამოუკიდებელი და რეალიზებული.“ (მ.ა)

„სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ უსასრულოა ქალში ეს ძალა, ამოუწურავია მათი ფანტაზია.“ (ფ.მ)

„წარმატებას სქესი არ განსაზღვრავს, მთავარია იშრომო შენი მიზნისთვის.“ (თ.თ)

როგორი ჯადოსნური ყოფილა ქალების მოსმენა მაშინ, როდესაც საყვარელ საქმეზე ლაპარაკობენ. 

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, კახეთში მცხოვრებ მეწარმე ქალებს შევხვდი და უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანი, უამრავი საოცარი ისტორიით. 

უამრავიდან არც ერთი არ ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ, თითქოს, ყველა ისტორიაში ერთი, მთავარი მომენტი მეორდებოდა. ყველა ქალში დავინახე ის, რასაც მთელი ცხოვრებაა ვეძებ ყველგან, სადაც საკუთარი თავის ანარეკლს ვხედავ - საყვარელი საქმის სიყვარულით ანთებულ, აციმციმებულ თვალებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მეც ძლიერი „სუსტი სქესის“ გარემოცვაში  გავიზარდე, ამ ქალებთან შეხვედრამ კიდევ უფრო სხვა თვალით დამანახა ქალთა პიროვნული, პროფესიული, თუ ეკონომიკური განვითარების საკითხი. 

ყოველი ახალი ისტორია თავიდან იწვევდა აღტაცებას ჩემში, მათი შემართება, შრომისუნარიანობა, ენთუზიაზმი და ზრდის სურვილი ამოუწურავი მეჩვენებოდა. 

ყველა მათგანს საუბრის დასასრულს ვეკითხებოდი, რომ არა ფინანსური სარგებლის მოლოდინი, გააკეთებდნენ თუ არა იმას, რასაც აკეთებდნენ და გამონაკლისის გარეშე ყველას პასუხი ერთი იყო, მათთვის ფინანსური სარგებელი მეორე, მეათე, ან მეასე ადგილას იდგა, მთავარ მიღწევად იმ საქმის აღმოჩენას თვლიდნენ, რომლის გამოც დილით გაღვიძება უხარიათ. საქმის, რომლის გამოც ყველანაირი ამინდი, ყველა სეზონი, ყველა სირთულე, თუ გამოწვევა ახალი იდეების, მიზნებისა და შესაძლებლობების წყაროა.

იცით, ამაზე აქ რატომ ვწერ? ყველა ამ ამბის, ისტორიის, წარმატების, აციმციმებული თვალების უკან ის ორგანიზაციები დგანან, რომელთაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აშკარა, დაუფარავ, სასტიკ ბრძოლას უცხადებს. გამონაკლისის გარეშე, ყველამ, ვისაც მე შევხვდი, თავისი ოცნების ასრულება ამ ორგანიზაციების დახმარებით შეძლო. 
კიდევ შევხვდი იმ ქალებს...

მეორედ...

უკვე აქციაზე....

პირველ და მეორე შეხვედრას შორის თითქოს რაღაც შეცვლილიყო მათში, ბევრი ფიქრის შემდეგ დავინახე განსხვავება, მათ თვალებში სიყვარულისა და ბედნიერების ნაპერწკლებს იმედგაცრუების, თავდაცვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაპერწკლებიც დამატებოდა. 

იცით, აქციაზე რას აკეთებდნენ? 

მოწინავე რიგებში ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, თავიანთ შვილებთან ერთად თავიანთი ბედნიერების მთავარი წყაროსა და სამომავლო დიდი მიზნების დასაცავად იდგნენ. შეუძლებელია, რომ ლოგიკას მოკლებულმა, ანტიდასავლურმა პროპაგანდამ იმუშაოს ქალებზე, რომლებმაც ოდესღაც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ დახმარებით „სიცოცხლის სიყვარული“, „ნათელი წერტილი“, „ძალა“ და „ცხოვრების ხალისი“ იპოვეს. 

და ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და მხოლოდ ერთ გულწრფელ პასუხს ვითხოვ, რა ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო იმ ქალებს, რომლებმაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების საშუალებით მათი ცხოვრების მთავარი საქმე იპოვეს და „ცხოვრება ისე უყვართ, როგორც არასდროს“ და უფრო მეტად მაინტერესებს, რა ალტერნატივას გვთავაზობს მათ, ვინც ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ვეძებთ?


***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ანი ლომიძე
ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

სრულად 
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები

სრულად