ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო ერთ კვირარასი ეს ფემიციდის მესამე შემთხვევაა საქართველოში და ორი დღის წინ, 27 წლის კაცმა, დედა-შვილი, 20 წლის მარიამ სოფრომაძე და მისი დედა, 47 წლის ინგა ბეგაშვილი, ქუჩაში მოკლა.
"ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა"- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
16 მაისს, ასევე ქვემო ქართლში, გარდაბანში, 23 წლის კაცმა, განსაკუთრებული სისასტიკით, მოკლა 29 წლის და. გაირკვა, რომ ბრალდებული საკუთარ დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევდა და დის ქმართან დაშორების ფაქტს ღირსების შელახვად მიიჩნევდა. გარდაბანში 23 წლის გოგოს ამბავი, კარგად გვანახებს, რომ მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების გამო, რომლებიც ორმაგად პრობლემაა რეგიონებში, დადგა ფატალური შედეგი - ფემიციდი!!! ამ შეხედულებების გამო, ბრალდებულმა დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 2024 წლის პირველ ხუთ თვეში კი ფემიციდის მსხვერპლი 7 ქალი გახდა. ფემიციდის ორი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქვეყანა ახალი წლის დადგომას ზეიმობდა. დღესასწაულებს მიღმა, 7 და 9 იანვარს, საქართველოში ორი ქალი მოკლეს. ვარკეთილში, ქმარმა მოკლა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე, ხოლო ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ასევე ქმარმა, 36 წლის ირმა ბერიძე მოკლა. 28 თებერვალს, თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის კაცმა, მოკლა 21 წლის ქალი.