“ქალთა მოძრობის” შეფასებით, “ქართული ოცნება” და “გირჩი” ბრძოლას უცხადებენ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას. ასე ეხმაურება მოძრაობა გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატივას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულუ წესით განიხილავს.
მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მმართველ პარტია თავისივე მხარდაწერილი კანონის გაუქმებას აპირებს.
“შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კვოტები თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აქტიური ჩართულობით, რასაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა მოჰყვა 14%-დან 20%-მდე. ამ პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობსდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ქალთა მოძრაობის” ლიდერებმა აღნიშნული განცხადება პარლამენტთან, საჯაროდ წაიკითხეს. მათი სათქმელი რამდენიმე პუნქტისგან შედგება:
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ვერთიანდებით ჩვენი უფლებებისა და თანასწორობის დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მტკიცედ დავდგებით ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად, რადგან ქალთა ყველა უფლება დგას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მოვითხოვთ მეტ ქალს პოლიტიკაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს მეტ ქალს პოლიტიკაში, რადგან ემიგრანტების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და სხვა დაუცველი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას სჭირდება სწორედ ქალების ხმა და ქალების ხედვა პოლიტიკაში;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაა და არა ხალხის ინტერესების დაცვა;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, არ დავუშვებთ ჩვენი კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას და ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევას;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ამ უსამართლობას არ შევეგუებით და ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოვითხოვთ, წარმოგვიდგინონ ქალების გაძლიერების გეგმა – არჩევნების დღეს ჩვენ საკუთარი უფლებების დასაცავად მოვალთ საარჩევნო ყუთებთან! ჩვენ ამომრჩეველთა უმრავლესობას – 53% შევადგენთ და 2024 წლის არჩევნებზე ვაჩვენებთ პოლიტიკურ ჯგუგფებს, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!