გენდერული სიახლეები
მე შემიძლია, მე ვმოქმედებ, მე ვცვლი
2023-12-05 12:55:18

2018 წლის მონაცემებით, 55 წლის შემდეგ, ქალებში ეკონომიკური აქტიურობის დონე საგრძნობლად მცირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათი დასაქმება რთულია და ისინი შემოსავლის წყაროს საზღვრებს გარეთ ეძებენ... ეს მიმდინარე პროცესია, სადაც გაღარიბების მაღალი რისკის და პარალელურად, მდიდარ ქვეყნებში იაფ მუშახელზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ჩვენ, ყველანი პოტენციური ემიგრანტები ვართ.

***
21 წლიდან ვშრომობ, ვიღწვი და ვიბრძვი შინ თუ გარეთ გაუფასურებული ლარის სიმწრით მოსაპოვებლად და როგორღაც ვუძღვები ოჯახს, მტერსა თუ მოკეთეს, თუმცა არაფერი საკმარისი არ არის _ არც საშოვნი, არც გასაცემი... გაჭირვებასთან გამკლავების მიზნით ერთ დღესაც დგება წუთი, როცა გულს ვიღებთ საგულედან, სულის არსებობას ვივიწყებთ ან სხეულის ერთ კუნჭულში გამოვკეტავთ, ვტოვებთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს და უკანმოუხედავად გავრბივართ სხვის ქვეყანაში სამუშაოდ... მეც ასე დავმართე საკუთარ თავს და ამაზე ჩემი ტრაგიკული ემიგრანტობიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ ვამბობ პირველად, რადგან უცხო მიწაზე ნანახისა და განცდილის გაზიარების სურვილი ვერგაგების შიშის ან „ქუსლებზე შემგარი კეკლუცი ქალის“ მუშად ქცევის „სირცხვილისა“ და ჯერაც ყბადაღებული „რას იტყვის ხალხის“ გამო არ გამჩენია აქამდე...

***
„ესეც ასე, ვფიქრობ, პირნათლად მოვიხადე საკუთარი თავისთვის საკუთარივე სურვილით გამოტანილი ,,განაჩენი“ - წუთების, საათებისა და დღეების თვლაში გასრულდა მრავალგვარი ემოციით, სულის და სხეულის ტკივილებით, იშვიათი ბედნიერი წუთების ძებნასა და მათ შენახვაში გატარებული 85 სევდიანი დღე...“ _ ეს სიტყვები პოლონეთის ქალაქ გდანსკის უზარმაზარი ქარხნის ფოიეში ფენიქსივით ხელახლა აღმდგარმა დავწერე, სადაც 2019 წლის ევროპული ზაფხულისა და შემოდგომის მრავალი ცივი, ნაცრისფერი საათი გავატარე...

გამომგზავრებისწინა სამუშაო დღის ბოლოს მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მონოპოლისტი საწარმოს ხელმძღვანელმა მოკრძალებით გადმომცა საჩუქარი და გერმანულად დამემშვიდობა: „ღირსებებისთვის, ბრძოლისუნარიანობისა და თავაზიანობისთვის ოსტატისაგან... ვიმედოვნებ, ცუდად არ გაგვიხსენებ!.." __ თავისი კაბინეტის წინ ერთი ქართველის მოლოდინში მდგარ ამ ახალგაზრდა კაცს ჩემთვის ნათქვამ ყველა სიტყვაზე ნაფიქრი ჰქონდა, რადგან, ალბათ, პირველი ვიყავი, ვინც წარმოუდგენლად მძიმე და უცხო სამუშაოს უხმოდ კი არ შეეჩვია, არამედ ხმა ამოიღო და ქარხანაში მისვლისთანავე ადგილობრივ მუშათა მიერ უკრაინელ-ქართველთა წინააღმდეგ წამოწყებულ ბულინგს პირიქით შეეწინააღმდეგა, დაუპირისპირდა და ადამიანურ ურთიერთობებზე ალაპარაკდა ჯერ ცრემლებით, ჟესტებით, თვალებით, ხელებით, ბოლოს კი გერმანულად დაიწყო მოლაპარაკება თვით დირექტორთან, ახალშეძენილ „კოლეგებთან“...

მარტო ღმერთმა იცის, ქარხანაში მომუშავე რამდენმა უკრაინელმა, შესაძლოა, ადგილობრივმაც, გამოხატა მადლიერება იქ ჩასულების მიმართ წარმოებული ბულინგის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ამაღლებული ხმისთვის ერთი ქართველი ჟურნალისტის მიმართ... 

იმ დღეს კი, ჩემი მუშაობის უკანასკნელ დღეს, უჩვეულოდ დუმდა ჩვეულებრივ ძალიან ხმამაღლა მოსაუბრე პოლონელთა აბსოლუტური უმრავლესობა და დამშვიდობებისას გულში ჩახუტებით დამილოცეს საქართველოსკენ მომავალი გზა ქალს, რომელმაც ქართველთა გაუტეხელი სული დავანახე მათ...

***
მახსენდება: იმ დღეებში, როცა სამუშაო ვიზა ჩამოვიდა, ჩემს პატარა ქალაქ ხონში მსოფლიოს 9 ქვეყნის ფოლკორული დელეგაცია გვყავდა სტუმრად... თავად მასპინძელი გახლდით, თუმცა რა  ზეიმი უნდა შემერგო, დანა არ მიხსნიდა პირს _ ჩემი ქალაქი ნათელ ფერებად ჩქეფდა და სიცოცხლით ხარობდა, მე კი მაგისტრს, წითელი დიპლომისა და ასობით მნიშვნელოვანი სერტიფიკატისა თუ ორიოდ მჟღერი სახელწოდების მქონე სამსახურის პატრონს, სტუდენტ შვილებთან გასატარებელი ცხელი აგვისტო და თბილი ქართული სექტემბერ-ოქტომბერი უცხო ქვეყნის საკვები ნედლეულის მწარმოებელი ქარხნის მინუს 8 გრადუს ყინვაში უნდა გამეტარებინა... 

***
... გავფრინდით უემოციოდ... უცხო მიწაზე დადგმულ ყოველ ნაბიჯზე ახალი სანერვიულო გველოდა _ არავითარი დამხვდური, არავინ გზამკვლევი, არავითარი გამოცდილება და პოლონურის ცოდნა... რუსულად დასმულ შეკითხვაზე კი ადგილობრივები ცივად გვშორდებოდნენ: ეროვნული ზიზღი აქვთ რუსებისადმი ვარშაველ პოლონელებს... 

ჩემმა გერმანული ენის ცოდნამ გვიშველა...

ასობით კილომეტრის მატარებელში ფეხზე დგომით გავლის შემდეგ უკრაინელმა დამსაქმებელმა „გვიშველა“, მხოლოდ მეცხრე დღეს მიგვიყვანეს გდანსკის ქარხანაში უკრაინელთა ჯგუფთან ერთად... როგორც აღმოჩნდა, ქარხანაში ეს პირველი პრეცენდენტი იყო ერთბაშად დიდი რაოდენობით „იაფი მუშახელის“ შედინებისა და ჩვენს შესვლას 50 ქალის უცნაურ ხმაზე ცხოველურად ზმული მოჰყვა... 

ალიონიდან დაწყებული შრომით დაღლილობისგან გახელებულ გულს მინუს 8 გრადუსიც ვერ აგრილებდა... შოკისგან ვერ ვერკვეოდი სად მოვხვდით, რა გვჭირდა და სადამდე უნდა გაგრძელებულიყო...

ვერავინ წარმოიდგენს, რა ძნელი იყო ცივ, სრიალა იატაკზე საათობით ფეხზე დგომა გაყინული და რუმბებად ქცეული ფეხებით... 

თავს მაღლა არ ვწევდი... თავდახრილი შვილების სახეებს ვიხსენებდი, თუმცა თვალს ვერცერთს ვუსწორებდი, რადგან ყველაზე გულწრფელები იყვნენ, ვინც ჩემს სამუშაოდ წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებიც მდუმარედ დავტოვე ჩემი ფიზიკური და სულიერი გაფრენის დილას...

მაღიზიანებდა საკუთარი უსუსურობა, მაღიზიანებდა უკრაინელთა თაღლითობები და ქართველების შიშით ნათქვამი: - ხმას თუ ამოვიღებთ, გაგვყრიან! სწრაფად, სწრაფად ვიმუშაოთ!

და მეც ვმუშაობდი მექანიკურად...

მერე იყო ჩემი დაცემა ყინულზე... ტრამვირებული მუხლი და ჩაწყვეტილი მყესები... ტრამვის დამალვა გულის წასვლამდე სამუშაოს დაკარგვის შიშით... სასწრაფო დახმარების გულიანი პოლონელი ექიმები და ევროპულ საავადმყოფოში ექიმი-ქირურგის მარტო ლოდინი ეტლში და ტკივილზე უფრო მტკივნეული თვითგვემით... 

მერე იყო საწოლში გაუნძრევლად მარტო ყოფნის ერთი და უმუშევრობის 3 კვირა, უპატრონოდ დარჩენილის გაურკვეველი მდგომარეობა, ჭკუიდან გადასვლის შემზარავი შიში და სიკვდილზე ფიქრი... 

მერე იყო განუწყვეტელი ლოცვა და რწმენა ფეხზე წამოდგომისა _ და მოხდა სასწაული _ ფეხი უცხო მიწაზე ხელახლა ავიდგი... 

მერე იყო ბრძოლა სამუშაო საათებისთვის და გადაწყვეტილება _ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა და დირექტორის კაბინეტში შესვლა: „ჰერრ რობერტ, მე ჟურნალისტი ვარ, საგანმანათლებლო საქმესაც ვეწევი ჩემს ქალაქში. მინდა იცოდეთ, რომ აქაურ მუშებს არ ვგავარ, საკუთარი ქვეყნის კი არა, დასახლების ისტორიაც რომ არ იციან და არც სტუმრის დახვედრა! იცით, მე შემეძლო გუშინ, როცა ხუთი ბიზნესმენი და ჟურნალიტების ჯგუფი გყავდათ აქ შემოწმებაზე, მეთქვა იმ ბულინგზე, რომლითაც გვასაჩუქრებენ თქვენი მუშები ყოველწამს და ამით მინიმუმ ეჭვს გამოვიწვევდი თქვენს რეპუტაციაზე, რადგან ჩემს უკან 25 უკრაინელი და ოთხი ქართველია და აუცილებლად დამეთანხმებოდნენ... ორი სტუდენტი შვილის დედა ვარ და თქვენთან იმიტომ ვძლებ, რომ საქართველოში ძვირია განათლება, მე კი მათ ხელი მინდა შევუწყო, სწავლის ფული დავაგროვო!.. ხომ ხედავთ, გერმანულად გეკონტაქტებით, საქართველოზე და ქართულ ოჯახებზე გიყვებით და ჩვენი შრომისმოყვარეობაც მინდა დაგანახოთ! ამიტომ, თუ ევროპა ხართ, ალაგმეთ ბულინგი, აკრძალეთ ადამიანების დამცირება! მე კი აუცილებლად მჭირდება 12-14 სამუშაო საათი რვის ნაცვლად, რომ ოჯახს ვალით არ დავუბრუნდე და რომ ჩემს წამებას გამართლება ექნეს!“

და მე მოვიპოვე ძალა და ტკივილთან ბრძოლით სამუშაო 12 საათი...

და მე მოვიპოვე ნდობა, რის გამოც დირექტორთან საუბრის მეორე დღიდან მთელი სამი დღე თვითონ იგი აკეთებდა განცხადებას ბულინგის შედეგებსა და ქართველების უცნაურობაზე... 

მალე ქარხანაში დასაქმებულებმა ჩემზე დაიწყეს მონიშნება, მზერა სითბოთი სავსე გაუხდათ, საქმის გაილოებას და ხელის წაშველებასაც ცდილობდნენ, საუბარში ჩართვას, მოსმენას, კითხვების დასმას და ამბების გაგებას... 

მე კი ყველას ვუამბობდი ქართველებზე, ლამაზ საქართველოზე, ჩემს შვილებზე, ადათ-წესებზე, სამსახურებზე, წარმატებებზე... 

ყოველ შესვენებაზე ხელიდან ხელში გადადიოდა მობილურში ჩამახსოვრებული ასობით ჩემი საქართველოში გადაღებული ფოტო და სიმწრით იჯერებდნენ, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ლაღი და წარმატებული ქალი მათ გვერდით წარმოუდგენლად ვშრომობდი ფრესკასავით გახევებული...

***
სამი თვის მერე შინ დავბრუნდი, ახლა ქართულ ცხოვრებას ავუწყვე ფეხი, სამი წელია ვშრომობ შინ თუ გარეთ, ფეხზე ვდგავარ 18 საათი სკოლაში, რედაქციებსა თუ თეატრში... ვშრომობ, მაგრამ მე ისევ მეშინია გარდაუვალი ემიგრანტობისა რიგი ძალადობის ელემენტების გამო, ასაკის მატებას რომ სდევს თან...  დიახ, ჩვენ ყველანი პოტენციური ემიგრანტები ვართ...
                                                           
***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გურანდა ცაგურია
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად