გენდერული სიახლეები
ეკლესია, რომელიც ქალებმა გადაარჩინეს
2023-12-05 12:13:52

ორი კვირის ვიყავი თურმე, როცა ჩემმა დიდმა ბაბომ, ფეფრუნამ მომნათლა. ახალშობილი ხელზე გადამიწვინა, თავზე ნაკურთხი წყლის რამდენიმე წვეთი დამასხა და თქვა:

– თამარ, მე გნათლავ შენ, სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა ამენ... – ამას ჩემს სოფელში ‘წყლისნათვლით’ ნათლობას ეძახდნენ... მას შემდეგ კათოლიკე ვარ... და წლების შემდეგ, უკვე ზრდასრულმა, ჩემი აღმსარებლობა მღვდლის მიერ მირონის ცხებით განვამტკიცე.

თუმცა ახლა ჩემზე კი არა, ჩემს დიდ ბაბოზე მინდა მოვყვე. ქალზე, რომელმაც საბჭოთა პერიოდში, ‘დაკეტილი ტაძრის’ მსახურებისა და ხალხის გაძღოლის პასუხისმგებლობა აიღო და იმ რიტუალების შესრულებასაც შეუდგა, რომლებიც თემს სჭირდებოდა. ფეფრუნა იყო ერთი ქალი, იმ რამდენიმე ათეულ ყოჩაღ ქალს შორის, რომლებმაც თავიანთი მონდომებით არალში კათოლიკობა შემოინახეს.

ამბავი კი ასე იწყება:

საბჭოთა პერიოდში, მაშინ, როცა ხელისუფლებამ ღვთისმსახურება ყველა აღმსარებლობისათვის აკრძალა და სასულიერო პირები იდევნებოდნენ, არალი მღვდლის გარეშე დარჩა. დაიკეტა მისი „ახალი ეკლესია“ და საწყობად იქცა, თუმცა ადგილობრივებმა შეინარჩუნეს მეორე, უფრო ძველი XIV საუკუნის ტაძარი. მოიფიქრეს, რომ „გადარჩენისთვის“ სჭირდებათ ლოცვა... ლოცვა, რომელიც მშობლებმა, ბაბო–პაპებმა ასწავლეს და არ უნდა დაივიწყონ... სწორედ ამიტომ, უძველეს, თითქმის ჩამონგრეულ ტაძარში, ყოველდღიურად იკრიბებოდა ათობით ქალი და ღვთისმშობლისადმი ლოცულობდა. ესენი იყვნენ
ქალები, რომლებმაც თავად გადაინაწილეს სასულიერო პირების როლები და აღსრულებასაც შეუდგნენ. ასე გახდა ფეფრუნა ტაძრის „მთავარი ქალი“, 1960–70–იანი წლებიდან.

ფეფრუნას სკოლაში არ უსწავლია. უნდოდა საკუთარი დის მსგავსად სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში გაეგზავნათ სასწავლებლად, თუმცა არ წაიყვანეს... 15 წლის იყო, როცა გათხოვდა. მერე 13 შვილი გააჩინა და მათგან 9 გაზარდა... წერა–კითხვა უჭირდა, მაგრამ ლოცვები და გალობები ზეპირად იცოდა.

ასე დააზეპირებინა დილის, საღამოს, ღვთისმშობლის, იესოსა და სხვა წმინდანებისადმი მიძღვნილი ლოცვები ცხრავე შვილს, შემდეგ კი, 29 შვილიშვილს: „წინ დაგვისვამდა და გვალოცებდა. თუ ლოცვას ზეპირად არ ჩავაბარებდით, სათამაშოდ არ გვიშვებდა“, – იხსენებენ შვილიშვილები. ეს ძალიან მკაცრი და თავისებური ქალი, გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც ავტორიტეტია თავის ცხრა შვილისა და ოცდაცხრა შვილიშვილის ოჯახში.

იხსენებენ, რომ მხრებზე თავშალშემოხვეული, შრომისგან უკვე წელში მოხრილი ფეფრუნა ყოველდღიურად მიდიოდა ძველ, კედლებმორღვეულ ტაძარში. საკურთხეველთან ახლოს ჯდებოდა და ლოცვას იწყებდა... მის უკან ასევე თავშალმოხვეული ქალები სხდებოდნენ, ჯერ გალობისას ხმებს უწყობდნენ, შემდეგ კი ხელში კრიალოსნებს მარცვლავდნენ... უმღვდლოდ და უდიაკვნოდ დარჩენილებს, ვინმე სჭირდებოდათ, ვინც წინამძღოლობას გაუწევდა და ეს მისია სწორედ ფეფრუნას ერგო.

სწორედ ამის გამო იყო, რომ მას შეეძლო ჩვილების მონათვლა მხოლოდ წყლით. ეს ერთგვარი რწმენის აღიარებაა, რომელიც კათოლიკე ეკლესიაში მაშინ სრულდება, როცა გამოუვალი სიტუაციაა. არ ვიცი ვინ უთხრა ფეფრუნას ამის შესახებ, თუმცა ფაქტია, რომ ის წესების დაცვით ნათლავდა სოფელში ბავშვებს და ეუბნებოდა რომ მათი ნათლობა მხოლოდ 7 წელს გასტანდა. ასეთი პირობით მოვნათლულვარ მეც... 2004 წელს, როცა სრულყოფილი ნათლობისთვის უკვე სოფელში დამკვიდრებულ პოლონელ კათოლიკე მოძღვართან მივედი, რატომღაც ფეფრუნას ნათლობის ამბავი გამახსენდა და მოვუყევი. ჯერ გაუკვირდა,

შემდეგ კი გაუხარდა. თქვა – სწორად მოიქეცი, რომ მითხარი, რადგან შენ წყლით ნათლობა აღარ გჭირდება, მხოლოდ მირონს გაცხებო. ასეც მოხდა.. მღვდელმა ფეფრუნას ნათლობა ჭეშმარიტად მიიჩნია და ამიხსნა, რომ კათოლიკე ეკლესია თანახმაა საერო პირის მიერ აღვლენილ ნათლობაზე, მაშინ, როცა არ არის მღვდელი და არსებობს საგანგებო სიტუაცია.

ფეფრუნ ბაბოს ‘მსახურებაში’ ტაძრის მოვლა–პატრონობაც შედიოდა. ის იღებდა შესაწირის ფულს და შემდეგ ეკლესიისთვის საჭირო ინვენტარს ან რელიგიური დანიშნულების ნივთებს ყიდულობდა.

„ეკლესიიდან რომ ხურდებს ჩამოიტანდა, შვილიშვილები ჩამოვუდგებოდით წინ, ვიცოდით რომ უნდა დაეთვალა. ტაძრიდან ჩამოტანილ ფულს გვერდზე დადებდა, ოთახიდან ცალკე შეკრულ ხურდებს გამოიტანდა და ჩამოგვირიგებდა: ოღონდ ამ ეკლესიის ფულიდან არაფერი მომპაროთ და ჩემი აიღეთო... დათვლაში ვეხმარებოდით, კაპიკ–კაპიკ ჩავითვლიდით“, –  იხსენებენ შვილიშვილები.

დათვლილ „ეკლესიის ფულს“ ერთად გამოკრავდა და რომელიმე სტუდენტ შვილიშვილთან ერთად თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ეკლესიაში (ეს ერთადერთი კათოლიკური ტაძარი იყო საქართველოში, რომელიც საბჭოთა პერიოდში არ დაკეტილა) წაიღებდა. მღვდლისას – მღვდელს მიუთვლიდა – საწირავიაო, თავისი ეკლესიისთვის კი სანთელ–საკმეველს წამოიღებდა და ისევ შვილიშვილის დახმარებით გამოუყვებოდა არლის გზას. ასე შეწირული ფულით უყიდია ფეფრუნას ღვთისმშობლის ქანდაკებისთვის ოქროს გვირგვინი, ასეთი ფულით გააკეთეს ორგანიზება, რომ ძველი სასაფლაოს ტერიტორია შეეღობათ... არა სამოქალაქო განათლებით, თუმცა სამოქალაქო შეგნებით ასრულებდა თემი და განსაკუთრებით ქალები, მათთვის საჭირო საქმეს.

პატარა ეკლესია, სადაც ფეფრუნას წინამძღოლობით არლელი ქალები სალოცავად იკრიბებოდნენ, სოფელში „ირმის ეკლესიის“ სახელით არის ცნობილი. ზაქარია ჭიჭინაძის ინფორმაციით, ტაძარი XIV საუკუნეშია აღდგენილი... შემდეგ კი ოსმალთა შემოსევებმა იგი საბოლოოდ დააქცია და კედლებმორღვეული დატოვა.

უკვე გვიან შემოუკრავთ კედლები, უფრო მცირე ზომით. ახლა, გარედან თუ შეხედავ ტაძრის ფორმა არ აქვს, თუმცა შიგნით, მის ყველა კუნჭულში ხატი და კრიალოსანია განთავსებული.

კრიალოსანი, იგივე „სავარდი“, კათოლიკეებისთვის მნიშვნელოვანი რელიკვიაა. ასეთი კრიალოსანი ფეფრუნამ თითქმის ყველა შვილს უსახსოვრა. მახსოვს, მისი შვილის, პაპაჩემის ხის კრიალოსანი – „დედამ მაჩუქაო“ ამბობდა. ყავისფერ ხის მარცვლებზე ღვთისმშობლის ლოცვას „გიხაროდენს“ მარცვლავდა და დედა ახსენდებოდა. პაპაჩემსვე ფეფრუნასგან ერგო წმინდანების ნაწილების „საცავი“, რომელსაც სახლში სომხური ენის გავლენით „სურფნიშანს“ ვეძახით და რომელიც ოჯახის რელიკვიაა:„ფეფრუნას ქმარმა, თომამ „სურფნიშანი“ მამისგან მიიღო, როგორც დიდმა ვაჟიშვილმა; ფეფრუნამ მის პირველ ვაჟს იოსებს გადასცა, იოსებმა მის უფროს ვაჟს – თომას, თომამ მის ვაჟს – სოსოს... ფეფრუნამ დაგვიბარა, რომ ეს სურფნიშანი უფროს ვაჟებზე უნდა გადავიდეს“, – იხსენებენ ოჯახში.

ამბობენ, რომ უკვე 60–ს გადაცილებულმა ფეფრუნამ რუსულის სწავლა დაიწყო, რადგან ქართულ ენაზე ახალი ლოცვები თარგმნილი არ იყო. თავად წერა უჭირდა, ამიტომ ლოცვებსა და გალობებს რვეულებში შვილიშვილს აწერინებდა. სიცოცხლის ბოლო წლებამდე კრიალოსანზე მლოცველი, თავშალმოხვეული, შეუპოვარი ქალი დარჩა ფეფრუნა. ჩემი მონათვლიდან ორი წლის შემდეგ, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა... მისი მოვლილი ტაძარი, მისი ნასწავლი ლოცვები და მისი ნაჩუქარი კრიალოსნები კი ცოცხალია...

30 წელი გავიდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი, კათოლიკე ეკლესია არალში, მესხეთში და საერთოდ საქართველოშიც, ფეფრუნასნაირი, შეუპოვარი ქალების გადარჩენილი ეკლესიაა, რომელმაც შთამომავლებში თავისი ნაკვალევი დატოვა.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
 

თაკო ფეიქრიშვილი
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად