გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა, რომლის ძირითადი საქმიანობა სოფლად, წინაპრების მიერ გადმოცემული მესაქონლეობა და რძის პროდუქტის წარმოებაა. ნარჩვი ზამთრისთვის შენახული ყველია, რომლის დამზადებას სვანეთში ზაფხულში იწყებენ და აგრძელებენ მანამ, სანამ ძროხა საკვებად ცოცხალ ბალახს იყენებს. ტრადიციულ პროდუქტს 2020 წელს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დღეს სვანეთში ლილე ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელმაც ამ ყველის მომზადების წესი დღემდე შეინარჩუნა და მეტიც, ოჯახური ტრადიცია ბიზნესად აქცია.
15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა და ჩვენი გმირის ამბავი, რომელიც მესტიის სოფელ იდლიანში მისი გაცნობისას მოვისმინეთ, არაერთი ქალისთვის იქნება მოტივაცია, რომ მიუხედავად სოფლად მძიმე ფიზიკური შრომისა, თავიანთი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი თემის განვითარებაში. ლილეს ამბით, სოფლად მცხოვრები ქალების მსოფლიო დღეს, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ადამიანების, ქალების და მათი ოჯახების, შრომა ფასდაუდებელია და მადლიერების გამოხატვა არ უნდა დაგვავიწყდეს.
ლილემ ცოდნა მემკვიდრეობით დედისგან, დედამ კი ბებიებისგან მიიღო. ქართული ტრადიციების კვალდაკვალ ოჯახმა შეძლო, რომ ლილეს დედა სოფელ ლახამულაში, ლილე კი იდლიანში, ნარჩვის დამზადებას აგრძელებენ. ლილემ USAID-ისა და „ქეა ავსტირას“ გრანტი მოიპოვა, იდლიანში ფერმა ააშენა და ნარჩვის წარმოება, დედის მსგავსად, თავადაც დაეწყო. გვიყვება, რომ ტრადიციული პრუდიქტის მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან და სწორედ ამიტომ, სოფელში მძიმე ყოფის მიუხედავად, გაჩერებას არ აპირებს.
„ნატურალური პროდუქტის, ნარჩვის მღებამდე, ძალიან დიდი შრომაა გასაწევი. ჯერ ხბოს დაბადებიდან მისი გაზრდა და შემდეგ რძის მიღება, რძის პროდუქტად ქცევაც და ტრადიციული მეთოდით მომზადებაც დიდი ამბავია. დიდი ძალისხმევაა გასაწევი, რომ მივიღოთ სუფთა პროდუქტი, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა, ნარჩვი“- გვიყვება ლილე.
ლილეს ვკითხეთ, როგორია სოფლად მცხოვრები ქალების ყოფა და რას ეტყოდა ქალებს, რომლებსაც სოფელში დარჩენა და განვითარება სურთ.
„ჩემი საქმიანობა მოტივაციას მაძლევს, რომ გზა გავაგრძელო. მთავარია იცოდე რისი კეთება გინდა. რთულია სოფლად მცხოვრები ქალების ყოფა, სოფელში განვითარება ბევრ შრომას და აქტიურობას მოითხოვს, რისი შესაძლებლობაც ფაქტობრივად არ გვაქვს. არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემა გვაქვს, გზები, წყალი, საზოგადოებრივი ტრასნპორტი, რაც ხელს გვიშლის გარკვეულწილად საქმიანობაში.
მაგრამ, მიუხედავად გამოწვევებისა, მაინც უნდა შევძლოთ თვითრეალიზება, განვითარება, შრომის უნარიანობის შენარჩუნება. სოფელში სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო, უფრო მეტი ბუნებრივობაა და სილამაზე, რასაც ვერ დათმობ მარტივად. სოფლის განვითარებისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის და კიდევ არაერთი მიზეზის გამო, უნდა დარჩეს ქალი სოფელში და რაღაცის გაკეთება სცადოს“- ამბობს ლილე.
ერთ სტატიაში ბევრს ვერ მოვყვებით ქალებზე, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ თემის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოებასა და სიღარიბის დაძლევაში. ვერც იმ გამოწვევებს ჩამოვთლით, რომელთან გამკვლავებაც უწევთ ჩვენს გმირებს. თუმცა, აუცილებლად გიამბობთ ისტორიებზე, რომელიც თქვენი ამბის დაწერაში დაგეხმარებათ და მოტივაციას მოგცემთ.