მოვლენები
მაგ დროს საბოლოოდ დაინგრა ჩემი...უდარდელი ბავშვობა - ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება
2023-08-09 13:02:57

ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება სევდიან ფრაგმენტებად ინახავს ქარიშხლის მოახლოებამდე უჩვეულოდ მშვიდ ცას, სახლში დატოვებულ ახალმომზადებულ სადილს და მერე გზას, სადაც ომში მიმავალი მომღიმარი ჯარისკაცები ხვდებოდნენ. 

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ბლოგების კონკურსში გამარჯვებული, ნატალი ოქროპირიძე დისევში ბოლოს შვიდი წლისა იყო და იმედი რომ ოდესმე ბავშვობის სოფელში დაბრუნდებოდა, მათი სახლის კედლებივით ჩამოინგრა. იმ ფოტოალბომში, რომელიც მთებში მოქცეული სოფლის მოგონებებს ინახავს, ბოლო ფოტოსურათზე ნატალის ბავშვობის დანგრეული სახლია აღბეჭდილი. ეს ოჯახისთვის უკანასკნელი ფოტოა დისევიდან. 

„პირველად ომის ამბები და ტყვიების ზუზუნი რომ დაიწყო, 7 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 3-ის. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჩვენს სოფელში თავიდან სიმშვიდე იყო, დედა ჩვენს ძილს მაინც დარაჯობდა. ღამღამობით აივანზე იდგა და ცას აჰყურებდა, რომ საფრთხის შემთხვევაში მაშინვე ემოქმედა. სოფლიდან 6 აგვისტოს წამოვედით იმ იმედით, რომ 2-3 დღეში უკან დავბრუნდებოდით. ამ იმედითვე დავტოვეთ ყველაფერი ხელუხლებელი: ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, ახალმომზადებული სადილი. მთელი გზა, თბილისამდე ომში მიმავალი ქართველი ჯარისკაცების ამალა არ წყდებოდა, გვიღიმოდნენ, ხელს გვიქნევდნენ და თითქოს, საბოლოოდ გვემშვიდობებოდნენ. არასდროს დამავიწყდება ის შიში, სასოწარკვეთა და უუნარობა, რომლებსაც მაშინ განვიცდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით სულ პატარა ვიყავი, ყველაფერს მთელი სიცხადითა და სიმძაფრით ვგრძნობდი. 

ალბათ, ეგ იყო შიშის პირველი რეალური განცდა ჩემს ცხოვრებაში. წამოსვლიდან რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ ჩვენი სახლი დაიწვა, მერე ფოტოც ვნახეთ ნანგრევების და აი, ზუსტად მაგ დროს საბოლოოდ დაინგრა ჩემი ბედნიერი, ბრჭყვიალა და უდარდელი ბავშვობა."- გვიყვება ნატალი.  

ნატა და სხვა ომში მოხვედრილი ბავშვები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლისთვისაც რუსეთის აგრესიის ალტერნატიული გაგება არ არსებობს. 

"15 წლის შემდეგ, როცა უკვე საკმაოდ დიდი ვარ ამ ამბების გაანალიზებისთვის, ბრაზი და გულისწყვეტა ერთიანად მიპყრობს. ვერ ვიჯერებ, რომ დღემდე ადამიანებს რუსეთი ერთმორწმუნე მეგობრად მიაჩნიათ. მებრაზება ყველა ადამიანზე, რომელიც მშვიდად შეჰყურებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. გული მწყდება, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო ფერმკრთალდება ჩემი ბავშვობის მოგონებები და ვერაფერს ვახერხებ მათ გასაცოცხლებლად. რუსეთმა მეც და ჩემნაირ უამრავ ბავშვს სახლ-კარი გაუნადგურა და ახლობლები უმოწყალოდ დაუხოცა. ამიტომ, ჩემთვის არ არსებობს არანაირი გამართლება, ამ ამბის მეორე, ალტერნატიული გაგება და გააზრება. ყველაზე მეტად კი გულს მაინც ის მტკენს, რომ ჩემი და ჩემნაირი გულგატეხილი და ბავშვობაგანადგურებული პატარების სამომავლოდ დასაცავად დღესაც კი არავინ არაფერს აკეთებს.” - გვიყვება ნატალი ოქროპირიძე.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სოფელი ერთადერთი არ არის, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია. დისევი ზღვის დონიდან 1 750 მეტრზე მდებარეობს, გამორჩეულია სალოცავებით, რომლებიც ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმაა დარჩენილი, სოფელში XI საუკუნის ტაძარი და IX საუკუნის ძელიცხოველი მდებარეობს. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ 300-მდე ოჯახზე, რომელმაც მშობლიური მიწა-წყალი იძულებით დატოვა.

საქართველოს ოკუპაცია არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც იმ ქარიშხლიან თვეს დასრულებულა. რუსეთის აგრესია უსასრულოა და 15 დღის ქრონოლოგიაში ამ ოჯახების სევდას ვერ ჩავატევთ. 

ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების შეთანხმებას ქართულმა მხარემ 12 აგვისტოს, რუსულმა მხარემ კი 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა სროლა, ქართული სოფლების დარბევა, მაროდიორობა და ეთნიკური წმენდა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ანექსიად და ოკუპაციად ცნო და რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად გამოაცხადა. 

აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დღემდე დაფიქსირებულია ბორდერიზაციის 100-ზე მეტი შემთხვევა და საქართველოს 3 000 -ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.

საქართველო 2008 წლის შემდეგ მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის რეჟიმში ცხოვრობს.
 

გვანცა სანაია
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად