ნატალია
ნატალია ვარაბეი უკრაინიდან ლტოლვილია, რომელიც ორ შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად, საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა. მეგობარ, მაგრამ მაინც უცხო ქვეყანაში, ოჯახზე ზრუნვა სრულიად მარტოს უწევს. ნატალიას მისი ისტორიის გაზიარება ვთხოვეთ, როგორია ცხოვრება მშობლიური კერის დატოვების შემდეგ და რა გამოწვევებთან უწევს გამკლავება.
ამბობს, რომ უკრაინაში, 18 წლის განმავლობაში, ტურიზმის სფეროში საქმიანობდა და ბოლო წლებში, საკუთარ კომპანიას ხელმძღვანელობდა. პარტნიორები საქართველოშიც გაიჩინა, რაც დღესდღეობით ეხმარება, რომ მუშაობა არ შეწყვიტოს და საარსებოდ საჭირო თანხა გამოიმუშაოს.
"საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, როგორღაც ვახერხებ, რომ ტურიზმის სფეროში თანხა გამოვიმუშაო, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, კეთილ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ქალებს, არაჩვეულებრივი ქალები გყავთ.
ჩემ გარშემო არაერთი უკრაინელია, რომლებმაც არ იციან როგორ რეალიზდნენ უცხო გარემოში. უკრაინელები ერთ მუშტად შეგვკრა ტკივილმა და მწუხარებამ. ვცდილობთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ. საკუთარი ხალხისგან შორს ვიმყოფებით და ერთიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს. უცხო ქვეყანაში გამძაფრებულია დაუცველობის განცდა, მოწყვეტილი ვართ ჩვენს ახლობლებს, გვაკლია მათი თანადგომა. გამოწვევაა ისიც, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი ჩემი უფლებები, ლტოლვილის ამპლუაში"- გვიყვება ნატალია.
ირინა
ირინა ნავალენკომ კიევი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, შვილებთან და ძმასთან ერთად, დატოვა. გარკვეული პერიოდი ჩერნოვიცში ცხოვრობდნენ, შემდეგ იყო საქართველო, სადაც ომისგან მიყენებული სტრესი მეტ-ნაკლებად დაძლია.
"ვგეგმავდით უსაფრთხო გზას, რომ გადავრჩენილიყავით, თუმცა ყველა მხრიდან გვეუბნებოდნენ: აქ არ წახვიდეთ, ხიდია დაბომბილი, იქ ნუ წახვალთ, ჩასაფრებულები არიანო -გვიყვება და იხსენებს, რომ მაშინ, დარჩენისაც ეშინოდათ და იმ გზისაც, რომელის გავლაც წასვლის შემთხვევაში მოუწევდათ. არ იცი, როგორ მოიქცე, ოველდღე უარესდება სიტუაცია, საშინელი უსაფრთხოების განცდა გეუფლება. ჩემი ძმა ახლაც კიევშია, დედაჩემი იზმაილში. ვღელავ ოჯახზე, განსაკუთრებით დედაზე, რომელიც თხოვნის მიუხედავად, მშობლიურ სახლს არ ტოვებს. ჩერნოვციში არ იყო საბრძოლო ვითარება, თუმცა სულ განგაშის განცდა მქონდა, არცერთი ღამე არ მიძინია, საქართველოში ჩამოსვლიდან ერთ თვეში გაქრა შიში."- გვიყვება ირინა.
ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლა არასდროს უნანია, რადგან ჩამოსვლის წამიდან გრძნობს მხარდაჭერას.
"ჩამოსულიც არ ვიყავი საქართველოში, გამაოცა ყურადღებამ და მხარდაჭერამ. სოციალურ ქსელში ვიკითხე, საქართველოში მოხალისეები თუ იყვნენ და მახსოვს, მაშინვე მანქანით დამხვდნენ და ყველაფრის დაორგანიზებაში დამეხმარნენ. არასდროს დამავიწყდება ბავშვების ემოცია, საშიში და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, სუფთა და რბილი საწოლი რამხელა ბედნიერება იყო მათთვის."- ამბობს ირინა, რომელიც საქართველოში, დღესდღეობით, უკრაინული საქველმოქმედო ბანაკის კოორდინატორია და ეს საქმე ძალიან მოსწონს.