მოვლენები
ქართველი ემიგრანტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ევროსტრუქტურებს მიმართავენ
2023-03-07 14:10:16

ქართველი ემიგრანტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ევროსტრუქტურებს მიმართავენ, სანქციები დაუწესონ იმ დეპუტატებს, რომლებიც რუსულ კანონს მხარს დაუჭერენ. ამ დროისთვის განცხადებას 300-ზე მეტი ემიგრანტი აწერს ხელს.

მათი თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილსაც "მისი როლისა და გავლენისთვის საქართველოს მმართველ პარტიაზე, მთავრობასა და დემოკრატიის მოშლაში, როგორც ეს უკვე აღინიშნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში".

ფორმულა ემიგრანტების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია. ევროატლანტიკური კურსისადმი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებმა მრავალჯერ დაადასტურეს. ის ასევე განსხეულებულია საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც ეროვნული თვითმიზანი.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროპულ ოჯახში გაწევრიანების უნიკალური შანსი მიეცა. თუმცა დღეს, საქართველოს მოქალაქეებს - საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - ამ შესაძლებლობას პრორუსული სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება’’ ართმევს.

ქართველი ემიგრანტები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 29 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა (ე.წ. “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა) დაანონსეს.

კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თუ მედია საშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20% ან მეტი “უცხოური ძალისგანაა” მიღებული, სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფინანსური სანქციები, ხოლო შემდეგ სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

მოგეხსენებათ, საქართველოში სამოქალაქო სექტორს ევროპის კავშირი მხარს აქტიურად უჭერს. ევროპის კავშირსა და მის წევრ ქვეყნებში არსებული ფონდების მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ათწლეულებია, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს, როგორც ქართული საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდებაზე, ისე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერა მმართველმა პარტიამ აქტიურად დაიწყო ევროკომისიის მიერ ანალიტიკური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ავსებს კომისიის 2022 წლის 17 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას. “ქართული ოცნების’’ ღია მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟია, რაც 2022 წლის ივნისში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნეგატიურ გადაწყვეტილებაშიც გამოიხატა.

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული საჯარო დისკურსი აღვივებს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ასოციაციების, სათემო ორგანიზაციების თუ პროფკავშირების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. პარალელურად, “ქართული ოცნების” სატელიტი, პრო-რუსული და კონსერვატიული ძალების ღია მუქარები საფრთხეს უქმნის აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა საქმიანობასა და პირად უსაფრთხოებას. მაგალითად, კრემლის მიერ დაფინანსებული, პრო-რუსული ორგანიზაცია “ალტ-ინფო” საკუთარ ეთერებსა და სოციალურ ქსელებში, ასახელებს ამა თუ იმ აქტივისტს და ღიად ემუქრება “აგენტების” კანონის მიღების შემდეგ ფიზიკური განადგურებით.

აღნიშნული წერილის ხელმომწერები მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ინიცირებული კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან. კანონპროექტის თითოეული მხარდამჭერი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ღია ნაბიჯი, რომლის მიღებაც ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ქართული საზოგადოების 80%-ზე მეტისთვის ღიად თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ევროპული მომავალი, მაგრამ გვექნება რუსული.

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი, იმეორებს რა რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებულ კანონს, ასევე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ორს - მედიის თავისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ. ამის დასტურია საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და მისი ზემდგომების განცხადებები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონი ევროპის კავშირის პრინციპებისა და ღირებულებებს წინააღმდეგაა მიმართული. იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმყოფება “მოლოდინის რეჟიმში” და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, უცხოური გავლენის აგენტების კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყებაც დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

აღნიშნული ღია წერილით, ვთხოვთ ევროპის პარლამენტს, ევროპის კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს

გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა;

დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები.

დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მისი როლისა და გავლენისთვის საქართველოს მმართველ პარტიაზე, მთავრობასა და დემოკრატიის მოშლაში, როგორც ეს უკვე აღინიშნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში;

მიმართვას ხელს აწერენ ქართველი ემიგრანტები ევროპაში და მის გარეთ, განურჩევლად პროფესიისა და პოლიტიკური გემოვნებისა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკური გზის დასაცავად და წინ ვუდგებით ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან დაახლოების მცდელობას".

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის: განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას

სრულად 
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სრულად