გენდერული სიახლეები
გენდერული თანასწორობა - ნაბიჯი ევროკავშირამდე მისასვლელად
2022-11-30 12:12:52

2022 წლის 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის განცხადება გააკეთა, რასაც საფუძვლად უკრაინაში რუსეთის მიერ აგრესიული საომარი ქმედებების კონტექსტი დაედო.

რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საბჭომ კომისიას ამ განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრების წარმოდგენა სთხოვა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებმა გადაწყვეტილება ვერსალში გამართულ არაფორმალურ ლიდერთა შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს

შედეგად, აპრილში, საქართველომ მიიღო კითხვარები, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების შესახებ, ასევე ევროკავშირის კანონთა კრებულთან დაკავშირებით 2600-ზე მეტ შეკუთხვას აერთიანებდა.

17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, მხარი მხოლოდ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას დაუჭირა.

კომისიამ საქართველოსთვის რეკომენდაცია გასცა, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭოს, რაც კონკრეტულ პუნქტებს დააკმაყოფილებს. ამ ინიციატივას მხარი 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა

კომისიის 12 რეკომენდაციას შორის ვკითხულობთ:

გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ

მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ევროკავშირის ღირებულებებს შორის ერთ-ერთია. ის სათავეს 1957 წლიდან, კერძოდ რომის ხელშეკრულებიდან იღებს, როცა თანაბარი ღირებულების სამუშაოს შესრულებისთვის ერთიდაიგივე ანაზღაურების პრინციპი განისაზღვრა და ხელშეკრულების ნაწილი გახდა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობდა თანაბარი მოპყრობის კანონმდებლობაზე, გენდერულ მეინსტრიმინგზე (გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებაზე პოლიტიკაში) და სპეციფიკურ ღონისძიებებზე, რომლებიც ქალთა წინსვლისკენ იყო მიმართული.

2020-2025 წლების ევროკავშირის გენდერულ სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად გადასადგმელია ექვსი მთავარი ნაბიჯი: 1) ძალადობისა და სტერეოტიპებისგან გათავისუფლება; 2) გენდერულად თანასწორი ეკონომიკის ხელშეწყობა; 3) საზოგადოების თანასწორი მმართველობის უზრუნველყოფა; 4) გენდერული მეინსტრიმინგი და ინტერსექციური პერსპექტივის გაძლიერება ევროკავშირის პოლიტიკაში; 5) ევროკავშირში გენდერული თანასწორობის სფეროში პროგრესის მისაღწევად ქმედებების დაფინანსება; 6) გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხისადმი ყურადღების მომართვა.

თავად ევროკავშირის წიაღშივე მსგავსი სტრატეგიული გადაწყვეტილებების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სტატისტიკურმა მონაცემებმა მრავალ ფაქტორში უთანასწორობა გამოავლინა. მაგალითად, კვლევებით დადგინდა, რომ ევროკავშირში, სრულ განაკვეთზე მამაკაცების დასაქმების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალების. 25-49 წლამდე მამაკაცთა 84% დასაქმებულია, ხოლო იმავე ასაკის ქალებში დასაქმების მაჩვენებელი 65%-ია. ამასთან ერთად, აშკარაა გენდერული სახელფასო სხვაობა და სხვა ისეთი პარამეტრები, რომლებიც ნათლად აჩვენებენ, რომ გაწეული ძალისხმევა საკმარისი არ არის და წინ არაერთი რეფორმაა განსახორციელებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებიც ავალდებულებს მათ, რომ ქალთა მიმართ ძალადობას ებრძოლონ, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევას და გენდერული ძალადობის სპეციფიკურ ფორმას, რომელიც ქალთა დისკრიმინაციასთანაა დაკავშირებული. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, ყველა ზომა მიიღონ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებების აღსაკვეთად და გენდერული თანასწორობისთვის ეფექტურად იმოქმედონ.

რატომ გახდა აუცილებელი, რომ კომისიას საქართველოსთვის გენდერული თანასწორობის მიმართულებით ძალისხმევის გაზრდა შეეხსენებინა?

როგორც ზევით აღინიშნა, ევროკავშირის ფასეულობებს შირის ერთ-ერთი თანასწორობაა, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ ევროპული პოლიტიკა ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპს ემყარება. შესაბამისად, ეს პრინციპი, ევროინტეგრაციის საფუძველს წარმოადგენს.

ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, საქართველოში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის ერთ-ერთი არჩევნებში გენდერული კვოტირების მიღება იყო.

კერძოდ, ეს მოიცავდა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, ან საარჩევნო ბლოკი ისე, რომ ცესკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. პარლამენტის 2028 წლის არჩევნებისა და მისი შემდეგი, 2032 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი, აუცილებელი იქნება ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც განსხვავებული სქესის იყოს.

წარმოდგენილ რეფორმებს წინ უძღვოდა ისიც, რომ 1999 წლიდან საქართველომ ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაექვემდებარა. მეტიც, ევროინტეგრაცია და ევროკავშირის სამართლებრივ-მარეგულირებელ სივრცესთან ჰარმონიზაცია მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამას მოჰყვა ასოცირების შეთანხმების გაფორმება და 2014 წელს ხელმოწერა სტამბოლის კონვეცნიაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მრავლისმომცველ საერთაშორისო ხელშეკრულებად ითვლება. მას შემდეგ, რაც სტამბოლის კონვენცია რატიფიცირდა, საქართველომ კონვენციით გათვალისწინებული მიმართულებების გაუმჯობესებისთვის ძალისხმევა დააჩქარა და პირველი ანგარიში 2020 წელს წარმოადგინა.
აგრეთვე, 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაცია დაიწყო. ნაციონალიზაციის პროცესი 2019 წელს დასრულდა და მოიცავდა SDG 5-ის, რომლის მიზანია, გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალების და გოგონების გაძლიერება.

მიუხედავად სტრუქტურული ცვლილებებისა, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, რასაც, ბუნებრივია, გამოხმაურება ხშირად მოჰყვება. 2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ყოველწლიურად ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობა, ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად არც პირველ და არც მეორე ადგილზე სახელდება.

ამ საკითხის მიმართ ყურადღება იზრდება, როცა, მაგალითად, საქმე ქალის ისეთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ეხება, როგორიც ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობის ქონა, ან ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაა. კვლევების მიხედვით, მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქალისთვის სექსუალური ურთიერთობები არასდროს არ არის გამართლებული სხვადასხვა წლებში 55-78%-ს შორის მერყეობდა

დაახლოებით იგივე მოცემულობაა ქალისთვის ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის შემთხვევაშიც, სადაც წლების მანძილზე გამოკითხულთა 42-63% თვლის, რომ ამგვარი ქცევა არასდროსაა გამართლებული

ეს შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას CEDAW კომიტეტი-ის 2014 წლის მოხსენებით საქართველოზე, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლებსა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ფესვები ღრმად აქვთ გადგმული. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, მედიის მიერ ქალების გაზრდილი სექსუალიზაცია სახელდება, რაც საბოლოო ჯამში ძირს უთხრის მათ სოციალურ მდგომარეობა, მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პროფესიულ კარიერაში

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოში ქალები მეუღლეებისა და პარტნიორების მხრიდან ძალადობის უდიდესი რისკის ქვეშ არიან. ისინი განიცდიან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ, თუ ეკონომიკურ ძალადობას. ამას ემატება ფაქტი, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ძალადობა როგორც კაცების, ისე ქალების მიერ გამართლებულად მიიჩნევა. შესაბამისად, გასაკვირი აღარ არის, რომ ქალების მიერ გაცხადებული ძალადობის მაჩვენებელი საქართველოში ევროპასთან შედარებით დაბალია. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს სექსუალური ძალადობის გავრცელებული შემთხვევები და მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სექსუალური შევიწროება, რაც საქართველოში ძირითადად არაპარტნიორის მხრიდან ხდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, 15-64 წლის ასაკის ქალებში, ყოველი მეშვიდე ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ან სექსუალური ძალადობა განხორციელებულა

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, ქალები ოჯახში ძალადობის უფრო მაღალი რისკრის ქვეშ დადგნენ, ვიდრე ეს მანამდე იყო, რადგან ამ პერიოდში, დროის უმეტეს ნაწილს სახლში, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ატარებდნენ

გაეროს მიერ საქართველოში COVID-19-ის გავლენის სწრაფი გენდერული შეფასების მიხედვით, ქალთა 20% ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ პანდემიის პერიოდში სმენია

ყველაფერთან ერთად, თუ ბოლო დროის მონაცემებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წელს ქვეყანაში ფემიციდის 22 შემთხვევა დაფიქსირდა; 2020 წელს - 27; 2021 წელს - 31. ამის მიუხედავად, „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კანონი“ არ განგვიმარტავს, რომ ფემიციდი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულია, რომელიც უშუალოდ გენდერის ნიშნით არის მოტივირებული

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება პოლიციისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, როცა საქმე ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. მდგომარეობას ართულებს, თუ ქალი ლგბტ თემის წარმომადგენელია. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ამ თემის წარმომადგენლები ოჯახში ძალადობის მიმართ ყველაზე დაუცველები არიან. ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების (LBs) 82.9% ამბობს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან გარკვეული სახის ძალადობა განუცდია. უმეტესობისთვის კი მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ოჯახის წევრების მხრიდან უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ შემთხვევაში, პოლიციისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და 7-8%-ს არ სცდება

ევროკავშირის 2021 წლის დეკემბრის საქართველოს გენდერული შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ზოგადად, გენდერული თანასწორობის მდგომარეობის ტენდენციები ქვეყანაში უწყვეტი პროგრესით ხასიათდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, გენდერული პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის ინსტიტუციური კოორდინაციის ნაწილში სუსტი რჩება. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გენდერული უთანასწორობის ინდექსის 2020 წლის მაჩვენებლით, საქართველო 162 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა

მსგავსი მონაცემების პირობებში, ბუნებრივია, რომ ევროპული პერსპექტივისთვის გაწერილ 12 რეკომენდაციას შორის, მეცხრე გენდერული თანასწორობას ეხება

2022 წლის 3 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს სამოქმედო გეგმა, რომელიც კანდიდატობისთვის გადასადგმელი 12 ნაბიჯის კრიტიკულ მინიმუმამდე ჩაშლას ემსახურება და მოიცავს პუნქტებს, რომლებიც წლის ბოლომდე ადვილად განხორციელებადია (პოლიტიკური ნების შემთხვევაში). გენდერული თანასწორობის პუნქტთან დაკავშირებით, დოკუმენტში შემდეგი სამი აქტივობაა გაწერილი:

  • სქესობრივი დანაშაულებები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, მოვიდეს შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან;
  • დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი სამოქმედო გეგმა;
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის გაუქმდეს „მხვერპლის სტატუსის“ მოთხოვნა.

ამ კონკრეტული რეკომენდაციებისთვის შესასრულებელ მიზანშეწონილ დროდ სამი თვე განისაზღვრა

წამზომი ჩართულია... 

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

ლელა ჯავახიშვილი
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად