2017 წელს გავხდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. არჩევის დღიდან, ვიცოდი რომ ეს საქმიანობა მოითხოვდა, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურ მონაწილეობას, ასევე ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას მოსახლეობის წინაშე. ჩემთვის ეს პოლიტიკური როლი დიდი გამოწვევა იყო. რადგან,
ვიყავი საკმაოდ ახალგაზრდა, 25 წლის და ამასთანავე, ქალი.
მოგეხსენებათ, ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ. მეც ვიყავი მსგავსი სტერეოტიპული შეხედულებების სუბიექტი, რადგან ვიყავი ახალგაზრდა ქალი საკრებულოს წევრი. ეს ორი ფაქტორი, რატომღაც იწვევდა შეხედულებას ჩემი არაკომპეტენტურობის შესახებ, რაც არაერთხელ მიგრძვნია ადამიანებისაგან სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრების დროს. რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულება ჩემში იწვევდა პროტესტს. ამიტომ, ბევრჯერ ხაზგასმით აღმინიშნავს ქალების აქტიური პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელოვან როლზე, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე პარლამენტში.
ამ გამოწვევასთან ერთად, იყო კარგი გამოცდილებებიც. მე აქტიურად ვმუშაობდი ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და განვახორციელე რამდენიმე პროექტი ადგილობრივ დონეზე. ამ პროცესში, ხშირი ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან. მათი ჩართულობა პროგრამებში, პოზიტიური მოლოდინები და ნდობა ჩემს მიმართ იყო სრულიად გულწრფელი, რაც დიდ მოტივაციას მაძლევდა, რომ მეტი საინტერესო და საჭირო პროგრამა შემეთავაზებინა მათთვის და დავხმარებოდი ცოდნის შეძენასა და უნარების განვითარებაში.
ახალგაზრდებთან ეს ურთიერთობები იყო სრულიად ღია, ორმხრივი, შედეგზე ორიენტირებული, და, რა თქმა უნდა, გენდერული სტერეოტიპებისაგან ბოლომდე დაცლილი.
მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ბევრი ჭკვიანი პოლიტიკოსი ქალი მომავალში და ჩვენთვის ვისურვო გენდერული სტერეოტიპებისაგან დაცლილ და დაბალანსებულ საზოგადოებაში ცხოვრება.
***
ვლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება