გენდერული სიახლეები
ძალადობა ჩადრით და ჩადრის გარეშე
2022-10-11 12:30:52

არსებობს მოვლენები, რომლებიც ხდება ლოკალურ დონეზე, თუმცა ეხება მთლიან მსოფლიოს. ის, რაც ახლა ირანში მიმდინარეობს, თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და საჭიროებს მნიშვნელოვან ჩართულობას ადამიანების მხრიდან, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ქალებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოიპოვონ თანასწორი უფლებები და მათი სიცოცხლე დარჩეს ხელშეუხებელი მიუხედავად მათი არჩევნისა. აქ ქალებს დევნიან, კლავენ რელიგიური დოგმებიდან გადახვევის გამო. ამ ნაწილში თუ გაჩნდება კითხვა, მაშინ რატომ ირჩევენ რელიგიას, რომელიც არ ინდობს მათ, პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ. „ირანელობა“ ავტომატურად ნიშნავს მაჰმადიანობას, ხოლო ქალებისთვის „კაცის საკუთრებას“, ჰიჯაბის, ჩადრის, ნიქაბისა და ბურკას ქვეშ დამალულ ცხოვრებასა და თავისუფლების უვადოდ შეზღუდვას. ირანში ქალების ბედს დაბადებიდანვე კაცები განსაზღვრავენ - ჯერ მამა არჩევს ქალიშვილისთვის საქმროს, და ეს შეიძლება ძალიან ადრეულ ასაკშივე მოხდეს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ისინი მოვალეობითად რჩებიან ქმრების ერთგულნი, იმალებიან თავსაბურავების ქვეშ და სიშავეშივე მალავენ უამრავ ნიჭსა და შესაძლებლობას, რომელსაც, ალბათ, ბევრჯერ შეეძლო სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა. ფაქტობრივად, მათი როლი სამყაროს განვითარებაში საუკუნეების განმავლობაში იკარგებოდა, თუმცა, მგონი, დადგა დრო, აიმაღლონ ხმა რელიგიურ დოგმებსა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით რელიგიის კალთებს ამოფარებულ დიქტატორებზე.

წყარო

ირანული ამბების გადმოქართულებული ვერსია ჩადრებს არ შეიცავს, თუმცა ეს მხოლოდ ვიზუალურად, რადგან სინამდვილეში, საქართველოში ქალების უმრავლესობა ძალადობისა და გენდერული ნიშნით უთანასწორობის მსხვერპლია. ეს ყველაფერი რიგი მიზეზებიდან გამომდინარეობს, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც განათლების დაბალ დონეს ან, ხშირ შემთხვევაში, მის არქონას გამოვყოფდი, რადგან განათლებასთან ერთად მოდის რიგი ღირებულებები, რომლებსაც ადამიანები ერთგულებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღემდე არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალის მოვალეობა მხოლოდ „ერთგული ცოლობა“ და „კარგი დედობაა“. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ქალის ღალატი დაუშვებელი, გასასამართლებელი, სიკვდილით დასასჯელია, ხოლო კაცის ღალატი საზოგადოებაში დამკვიდრებული, მიღებული მახინჯი სტერეოტიპებიდან ერთ-ერთია. ყველაზე სამწუხარო კი მაინც ისაა, რომ საზოგადოება ტრაგედიად არა ზოგადად ღალატის ცნებას (ნებისმიერ ურთიერთობაში), არამედ ქალის ღალატს მიიჩნევს და ამ სტერეოტიპით ზრდის თაობებსაც. ხშირად, ქუჩის გამოკითხვებშიც ჩანს (იხ.ლინკი), თუ როგორ კიცხავენ ქალები ერთმანეთს ღალატის გამო - ჩვენს საზოგადოებაში მოიძებნება მიზეზები, რომლის გამოც ქალზე ძალადობა გამართლებულია.

წყარო

ყოველდღიურად, ცხადად თუ ფარულად, ვაწყდებით ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მაგალითებს.  არსებობს ქალთა ჯგუფები (სახელს გაზრახ არ ვასახელებ) სოციალურ ქსელში, სადაც ქალები ანონიმურად ყვებიან საკუთარ თავზე გამოცდილი ძალადობის ფაქტებს და ითხოვენ დახმარებას, თუმცა სამწუხაროდ, ყოველთვის არ ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, რომ რაიმე გზით მოძალადის კლანჭებს თავი დააღწიონ და თავისუფალ,  შემდგარ ადამიანებად იქცნენ. ეს ყველაფერი ერთეული ამბებიდან შემაძრწუნებელ სტატისტიკად  იქცა და 2021 წლის მონაცემებით, დადგინდა, რომ საქართველოს ქალი მოსახლეობის 26.2%-ს (რაც დაახ. 314 ათას ქალს უდრის) ძალადობა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, სადამდე უნდა გაიზარდოს ეს რიცხვი, რომ საზოგადოებამ მოქმედების საჭიროება დაინახოს? სინამდვილეში მოქმედება ძალადობის ერთ არსებულ შემთხვევაზეც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებულ რიცხვებამდე არ მივიდეთ.

ზემოთ მონათხრობი ამბები უბრალოდ ფაქტები ნამდვილად არაა - ეს ის შავი ლაქებია, რომელთან ერთად ცხოვრებაც გვიწევს. საზოგადოების ცნობიერებაში ღრმად ფესვებგადგმულია სტერეოტიპები, რომლებიც სამწუხარო სოციალურ, უთანასწორო ფონს ქმნის და განვითარების საშუალებას არ იძლევა. ცხადია, ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია განათლებით, სწორი ღირებულებების პროპაგანდითა და ძალადობის ანტიპროპაგანდით, რადგან სხვა შემთხვევაში შავი თავსაბურავი, რომელსაც თან მხოლოდ სიშავე მოაქვს, უფრო და უფრო გადაეფარება ცნობიერებას და ადამიანებს მის ქვეშ ცხოვრება მოუწევთ. ამ პროცესში თითოეული ადამიანის ჩარულობა უმნიშვნელოვანესია, რომ ქმედებას მოსალოდნელი და სასურველი შედეგი მოჰყვეს - მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გენდერული (ან სხვა ნიშნით) დისკრიმინაცია, ძალადობა, თავისუფლების შეზღუდვა ყოვლად მიუღებელია და ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი და ჰქონდეს არჩევანი.  

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 


 

 

ნატალი ოქროპირიძე
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად