სხვისი ცხოვრებით ცხოვრება - ამ სიტყვების უკან განსხვავებული სცენარით და დასასრულით, არაერთი ისტორიაა. ამ სიტყვების უკანაა იმ ქალებისა და გოგოების ცხოვრებაც, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების ჩარჩოებში არიან მოქცეულები და მცდარი შეხედულებები მათ თემსა თუ სოფელში კანონივით შეუვალია. ერთი სიცოცხლე კი საკმარისად ხანმოკლეა იმისთვის, რომ სხვისი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ცხოვრებით, რომელიც შენამდე უკევ გაიარეს, დაიჩაგრნენ და ხმა სამუდამოდ დაიდაბლეს.
ისტორიამ გვაჩვენა, რომ იმ გოგოებისა და ქალების არსებობა უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მცდარი შეხედულებების , რომელსაც მომავლის მთავარი გადაწყვეტილებები ანდეს. ეს ქალები ადრეული ქორწინების წლების სტატისტიკაში არიან. „ტრადიციას“ ამოფარებულმა სტერეოტიპებმა არაერთი გოგო და ქალი ისე აცხოვრა, როგორც სხვებს უნდოდათ: განათლების, ხმის უფლების, ხმამაღლა სიცილის და თავის აწევის გარეშე თავდახრილი ქალები და გოგოები შეიძლება იყვნენ შენი ბებიები, დიდი ბებიები, მათი დები ან მეგობრები.
მაშინ, ცოტა უფრო ძველ დროში, ალბათ არ იცოდნენ, რომ ამბავს ყოველთვის ორი პერსპექტივა აქვს და შენი სოფლისა და თემის ვიწრო შეხედულებებს მიღმა, ძალიან დიდი, შესაძლებლობებით სავსე სამყაროა. სამყარო, რომელიც გამბედავ ნაბიჯებს ელის. ასე გაიხსნა სამირა ისმაილოვას გზები, ხოლო მისი დის, რომელიც 15 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს, დიდი ხნით დახურული იყო. სამირა და მისი და ბოლნისის სოფელ დარბაზში დაიბადნენ. “ჩემს დას არ ჰქონდა სკოლის დამთავრების შანსი, არც განვითარების, სამი წლის შემდეგ ოჯახიც დაენგრა. მერე ხელი შევუწყვეთ და ბოლნისის სხვადასხვა სკოლაში, მოხალისე მასწავლებლად მუშაობდა. ის ტრავმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა მასზე და დიდი წნეხის ქვეშ იყო - ოჯახი დაენგრა, ახლა დადის, რაღაცას ასწავლის - ამბობდნენ სოფელში.
როგორც სამირა ყვება ეს წლების წინ მოხდა, ახლა მისი და საზღვარგარეთ ცხოვრობს და მეორე ოჯახი აქვს, უკვე მისი არჩევანით და სურვილით შექმნილი. „მისი ცხოვრება კარგი მაგალითია, რომ მიუხედავად არაერთი ბარიერისა, არ დანებდა. შეძლო და მიაღწია გარკვეულ საფეხურს, საკუთარ თავში ტრავმები გადალახა“- ამბობს სამირა ისმაილოვა.
სამირას ისტორია დისგან რადიკალურად განსხვავდე,ბა. დის ადრეული ქორწინების შემდეგ, ოჯახმა მხარი დაუჭირა და სოფლიდან სასწავლებლად ქალაქში წავიდა. ის პირველი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალი იყო, რომელიც 2011 წელს განათლების მინისტრის მრჩეველი გახდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში. მომდევნო წლებში ამ მიმართულებითვე იყო პრეზიდენტის მრჩეველ-კონსულტანტიც. 2016 წელს ბოლნისში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა და ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. 2017 წელს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე აღმოჩნდა ადგილობრივ თვითმმართველობაში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანის წევრი გახდა. „მჯერა, დღეს ბევრი გოგოსთვის სამაგალითო იქნება, რომ თუ ერთ ჩვეულებრივ გოგოს სოფლიდან, სამირა ისმაილოვას შეუძლია თავისი სწავლით განვითარდეს და საკუთარი თავი იპოვოს, მათაც შეუძლიათ“- ამბობს სამირა.
ქვემო ქართლი ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. არამხოლოდ ბოლნისში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დღემდე დამკვიდრებულია სტერეოტიპები, რომლის მსხვერპლებიც 21-ე საუკუნის გოგოები და ქალები ხდებიან. სამირა, რომლის ოჯახმაც მავნე პრაქტიკებს თავი დააღწია, ამბობს, რომ პრობლემაა „ტრადიციას“ ამოფარებული სტერეოტიპებიც.
„ზოგ შემთხვევაში სტერეოტიპებს ეძახიან ტრადიციას, თუმცა უმეტესობა საერთოდ არ არის ტრადიცია და ვიღაცის ინტერპრეტირებული აზრია, იმ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებაა და სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ამას ვაწვდით - ჰგონიათ, ეს ეროვნული უმცირესობების პრობლემაა, მათ ტრადიციებს ახასიათებს. იქ, სადაც ინფორმაციის ნაკლებლობაა და განათლება ნაკლებად ხელმისაწვდომია, ეს ყველაფერი მარტივდ იკიდებს ფეხს“- ამბობს სამირა.
ამრიგად, სტერეოტიპები ახალისებდა და ახალისებს მავნე პრაქტიკას, ქალებსა და გოგოებს უთანასწორო მდგოამრეობაში აყენებს. თავის მხრივ, ადრეული ქორწინება განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგოებზე. გოგოებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, მათ სციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის განათლების დასრულებაში.
ელადა სამირასა და მის დაზე გაცილებით პატარა ასაკისაა და სკოლა სულ რამდენიმე წლის წინ დაამთავრა. ახლა უმაღლეს სასწავლებელშია, თუმცა ამბობს, რომ ადრეული ქორწინების გამო, მის სოფელში გოგოები სკოლას ხშირად ტოვებენ.
„როგორ უამრავ თემში, ჩემს თემშიც გენდერული დისკრიმინაცია ისევ გამოწვევად რჩება. ჩემს შემთხვევაში, საქმეების გამო, თბილისიდან გვიან დაბრუნება მიწევს სოფელში, საუბარია საღამოს 7-8 საათზე. ძალიან ხშირად მეუბნებიან - გვიან რატომ ბრუნდები სახლში, გათხოვების დროა, როდემდე უნდა ისწავლო - და თავის მხრივ, ნაადრევი ქორწინება კვლავ არის პრობლემა. ვინც თხოვდება ჩემს თემში, ისიც სტერეოტიპების მსხვერპლია და თავადაც სჯერა, რომ ასე უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ეს ძირითადად განათლების არ მქონე გოგოების შემთხვევაში ხდება. უფრო მეტად განათლების და აღზრდის პრობლემაა“-ამბობს ელადა რიზალი, ბოლნისიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინების შემთხვევებმა შეიძლება ითქვას, წინა წლებისგან განსხვავებით იკლო, პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ისევ პრობლემად რჩება. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ გვეკუთვნის და იმისთვის, რომ მისი დაგეგმვა შევძლოთ, განათლება უპირველესი იარაღია.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება