ძალადობა - ეს სიტყვა დღეს ყველგან გვესმის, ტელევიზიაში, საზოგადოებაში, ქუჩაში... მაგრამ ვიცით თუ არა რას ნიშნავს იგი? ბევრი რამ ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ინფორმაციის და ცოდნის ნაკლებობის გამო ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ყოფა გვგონია, რომელიც ისე უნდა იყოს, როგორც არის. ეს ყველაფერი არ მოგვწონს, გვაზიანებს, უსუსურობის განცდას გვიჩენს, მაგრამ სად არის გამოსავალი? რა ხდება ჩვენს გარშემო?
სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობენ ამ თემაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეგვეძლოს ძალადობის იდენტიფიცირება. რაც უფრო მეტს ვსწალობ ამ თემას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ძალადობას ადამიანი ყოველ დღე აწყდება, ყველგან. რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ნათელი ხდება, თუ რა ხდება შენს ირგვლივ.
როგორც ქალმა, შემიძლია ვთქვა, რომ ქალები ძალადობას ხვდებიან ყველგან: ოჯახში, საზოგადოებაში, ქუჩაში... ძალადობა არ ნიშნავს მაინცდამაინც ცემას, ფიზიკურ შეხებას ან დასჯას. უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა, რომელიც მეტად შეუმჩნეველია. მისი იდენტიფიცირებაც მეტად რთულია, რადგან თვალით უხილავია, თუმცა, მისი შედეგები ხშირად საკმაოდ მძიმეა.
და მაინც საიდან იწყება ძალადობა? ვინ ხდებიან მოძალადეები? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ძალადობა შობს ძალადობას. ის არის როგორც გრძელი ჯაჭვი, რომელიც სადღაც ვიღაცამ თუ არ გაწყვიტა, განუწყვეტლივ გაგრძელდება. ძალადობა იწყება ბავშვობიდან. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული, მათ შორის, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ,,მტრად აღზარდე და მოყვარედ გამოგადგება’’, ,,ბავშვი თუ არ დასაჯე, ჭკუას ვერ ისწავლის’’ და სხვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბავშვზე ძალადობას დასაშვებადაც კი მიიჩნევს. სწორედ აქედან იწყება ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბება. ოჯახებში სადაც ბავშვი ხედავს თუ როგორ ძალადობს მამა დედაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, თუ ეკონიმიკურად, ეს ბავშვიც მსხვერპლი ხდება. შემდგომ ეჩვევა ამ ყველაფერს, ფიქრობს რომ ქალისადმი ამგვარი მოქცევა ნორმაა. ზრდასრულობისას კი იმავეს იმეორებს მისი პარტნიორისა თუ მეუღლის მიმართ.
საზოგადოდ ცნობილია, რომ ადრეული ქორწინების დროს, ხშირად, ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. ამის მიზეზებია განათლების, დამოუკიდებლად თავისა და შვილების რჩენის უნარის და ასევე, ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის არარსებობა. ამგვარი ქალების მიმართ კაცებს უადვილდებათ მათზე ძალაუფლებისა და კონტროლის განხორციელება. ქალს კი არ რჩება არჩევანის საშუალება და გზა, რათა თავი დააღწიოს სიტუაციას, რომელიც მუდმივად მეორდება, ახასიათებს ზრდადობა და საბოლოოდ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეს.
რატომ დგამს ქალი ამ ნაბიჯს ნაადრევად? ადრე საზოგადოებაში ნაადრევი ქორწინება ნორმად მიიჩნეოდა და ზოგჯერ ქალს არც ეკითხებოდნენ ისე აქორწინებდნენ სრულიად უცხო პირზე. დღესდღეობით, ეს მავნე ჩვეულება ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა გოგონები მაინც ადრეულ ასაკში დგამენ ამ ნაბიჯს. პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დასაწყებად ოფიციალურ ქორწინებაში შესვლას აღზრდა, რელიგია, ტრადიციები უბიძგებს. ზოგ გოგონას კი, დაქორწინება თავისუფლებისკენ მიმავალ გზად ეჩვენება, რადგან იმდენად შეზღუდულია საკუთარ ოჯახში, იმდენად დიდია მშობლების მხრიდან გოგონას მიმართ დაწესებული აკრძალვები, რისი უფლებაც ბიჭს აქვს და გოგონას არა, რომ სხვა არჩევანს ვეღარ ხედავს. ზოგი გოგონა კი, უბრალოდ საკუთარ ოჯახში არსებულ ძალადობას გაურბის.
საქართველოში დიდი პრობლემაა ახალგაზრდა გოგონებისთვის, თუ რატომ ვერ ხედავენ ისინი გამოსავალს სწავლაში და პოუვლობენ გათხოვებაში. აქ ისევ სტერეოტიპებამდე მივდივართ. აღზრდისას მათ ასწავლეს, რომ მათი უმთავრესი საქმიანობა დიასახლისობა და დედობაა, არ დაუსახეს პრიორიტეტად ცოდნის მიღება. გარემომაც იგივე ასწავლა ამ გოგონებს. მათ ,,გათხოვება’’ მარტივი გამოსავალი ჰგონიათ. ყველაზე დიდ პრობლემებს კი სწორედ შემდეგ აწყდებიან. როდესაც ისინი ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებიან, ან ხდებიან ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლნი, მათ საზოგადოება ზურგს აქცევს. თითქოს შეიცვალა დრო და პრობლემას აღარ წარმოადგენს მოძალადესთან ურთიერთობის დასრულება, მაგრამ სინამდვილეში ქალი ამ დროს მაინც გრძნობს საზოგადოების მხრიდან ზეწოლას, დადანაშაულებას, გარიყულობას. თვითონ ქალები არ უდგანან გვერდში ასეთ ქალებს. ეს იმ ქალთა კატეგორიაა, ვინც ძალადობას მიეჩვია და ნორმალურად მიიჩნევს. ეს ქალები აკრიტიკებენ მსხვერპლს, რომელიც მიდის ოჯახიდან, მოძალადისგან, რათა გადარჩეს და განაგრძოს ნორმალური ცხოვრება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა? ადამიანებმა არ უნდა წავახალისოთ დანაშაული, არ უნდა დავხუჭოთ თვალი ძალადობაზე და არავითარ შემთხვევაში არ მოვახდინოთ მსვერპლის ხელმეორედ დაზიანება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულებით. ხალხს ძალიან გვიყვარს დასჯა და კრიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვის ვსჯით. როდესაც ერთი ადამიანი დაიწყებს ,,ტალახის სროლას’’ მსხვერპლის მიმართ, სხვები უბრალოდ ბაძავენ მას, რათა საკუთარი ,,უპირატესობა’’ წარმოაჩინონ. ისინი ხომ კარგად მალავდნენ ძალადობის შემთხვევებს ოჯახის შენარჩუნების მოტივით ?! სხვამ კი, ეს არ გააკეთა, დაიცვა საკუთარი უფლებები, მიმართა პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა სტრუქტურებს, რომლებიც ეფექტურად ახორციელებენ მსხვერპლის დაცვას.
სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარდა, უმნიშვნელოვანესია ადამიანების მხრიდან ძალადობაზე რეაგირება,შეტყობინება შესაბამისი ორგანოებისათვის, მსხვერპლის მხარდაჭერა და გაძლიერება.
პრევენციული ღონისძიებების სახით კი - მეტი ინფორმაცია ბავშვობის ასაკიდან და სწორი აღზრდის მეთოდები.
და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მშვიდობიან და ნორმალურ ცხოვრებას, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. არ დავხუჭოთ თვალი ძალადობაზე და არ ვიყოთ შემწყნარებლები მის მიმართ!
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება