უცნაური ქვეყანაში ვცხოვრობთ, გოგონები იზრდებიან ოჯახებში, საიდან გაქცევაც მათთვის ერთადერთი ,,გამოსავალია”, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი გენდერული სტერეოტიპები თუ ტრადიციებია, ,,გოგოა სხავლა რად უნდა’’, ,,გოგოა და ვალდებულია’’, ,,გოგოს საღამოს გარეთ რა უნდა’’, ,,მეგობრებთან ვერ დარჩები,გოგო ხარ არავინ არაფერი გაკადროს’’, ,,ძმას უნდა მიხედო’’, ,,სწავლა შენს ძმას უფრო სჭირდება’’... იმდენია ალბათ ჩამოთვლას ვერ დავასრულებ, თუ არ შევჩერდები, სწორედ ეს შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში გოგონებს ჩარჩოებში აქცევს, ამ ჩარჩოებიდან თავის დაღწევის გზას კი ისინი,როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახალი ოჯახის შექმნაში ხედავენ.
მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა ქორწინებას კანონი კრძალავს მაგრამ, ხშირად გოგონებს ისეთ გამოუვალ რეალობაში უწევთ ცხოვრება რომ, ისინი ამ აკრძალვასაც არ უშინდებიან, თხოვდებიან და ქმნიან ოჯახებს, რა თქმა უნდა, ამაზე არც მშობლები, არც ოჯახის სხვა წევრები და მით უმეტეს მეზობლები არაფერს ამბობენ, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისინი იმ თაობის წარმომადგენლები არიან,რომელშიც 18 წლის გოგო უკვე შინაბერად და დაწუნებულად ითვლებოდა,ხოლო გოგოს მოტაცება ჩვეულებრივი და ყოველდღიური ფაქტორი იყო. სამწუხაროდ, იმაზე არავინ ფიქრობს რამხელა საფრთხე ექმნება გოგოს, რომელმაც ოჯახი ნაადრევად მიატოვა, ახალი ოჯახის შესაქმნელად. გოგონების სხეული, დაახლოებით 21-22 წლამდე იზრდება, ყალიბდება, ვითარდება და განიცდის სხვადასხვა ცვლილებებს, მაგრამ, ფაქტი ერთია, 15-17 წლის ასაკში ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა დიდ საფრთხეს უქმნის გოგონას ორგანიზმს და ორგანიზმსაც რომ თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ რა ემართემა მის ფსიქოლოგიას, ამ ასაკის გოგონები ჯერ კიდევ ბავშვები არიან, რომლებისთვისაც საჭიროა თამაში, გართობა, სწავლა, ცხოვრებასთან შეგუება... ამ დროს კი, მათ უწევთ ახალი სამყაროს შესწავლა, იმ სამყაროსი, სადაც ცოლები, დედები და დიასახლისები ხდებიან, მათ მხრებზე ახლა უკვე ოჯახის გაძღოლაა, სწორედ, ასეთი ოჯახებისა და გოგონებისთვის, ცხოვრების მთავარი საყრდენი-განათლება მეორე ხარისხოვანი ხდება, ისინი შორდებიან სკოლას, უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლებლებს, დრო გადის... რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში, მარგამ, ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახებში, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოიქმნება, დაძაბულობა...სტრესი...ჩაგვრა...ხშირ შემთხვევაში ქალები ამას ითმენენ, ითმენენ იმიტომ რომ ოჯახია, იმიტომ რომ შვილები ჰყავთ ან ყველაზე ცუდი, ითმენენ იმიტომ, რომ არ აქვთ განათლება, არ იციან საკუთარ უფლებებზე და ეს ყოველივე ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ. ითმენენ, ითმენენ და ბოლოს... ბოლოს ძალადობა ფიზიკურ სახეს იღებს, ამასაც პატიობენ... პატიობენ მანამ სანამ...
ახლა ჩემო მკითხველო, შენ თვითონ დაფიქრდი, რა მოსდევს ამ ყოველივეს, დაფიქრდი რამდენჯერ წაგიკითხავს სოციალურ ქსელში ან მოგისმენია ტელევიზიით ოჯახში ძალადობას შეწირული ქალთა ისტორიები, ძალიან ბევრჯერ, ძალიან რთული ფორმითა და დაუვიწყებელი ისტორიებით.
ყველაზე რთული იცი რისი გააზრებაა?! ამ ყველაფრის მომსწრე ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე უყურებდნენ ქალის ტანჯვას, მეზობლები, რომლებსაც ესმოდათ ხმა, მშობლები, რომლებსაც შვილი მის ტკივილს უყვებოდა, ბოლოს ამბობენ მხოლოდ ერთს "გვესმოდა და ვიცოდით, მაგრამ ოჯახის საქმეში ჩვენ ხომ არ ჩავერეოდითო’’.
და მაინც, ჩემთვის ყველაზე რთული იცით რისი გააზრებაა? თქვენთან ძალიან ახლოს, ცხოვრობენ ადამიანები,რომლებიც შვილებს თვითონვე, ძალით ათხოვებენ, ტრადიციებისა თუ უბრალოდ სურვილის გამო... ნუთუ შეიძლება შვილს ამხელა საფრთხე შეუქმნა? კარგი, დავუშვათ ის ჯერ ბავშვია და ვერ იაზრებს მაგრამ, მშობელი... ნათესავი... მეზობელი...
ძვირფასო მკითხველო, ბოლოს მხოლოდ ერთს გეტყვი, გახსოვდეს, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე განათლება, თავისუფლება და სიცოცხლე, როდესაც შენს ირგვლივ ხედავ ამ სამ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, როგორ ართმევენ ადამიანს, სწორედაც რომ შენი საქმეა, სწორედაც რომ შემ უნდა ამოიღო ხმა და დაიცვა მისი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც არ მეორდება და სიცოცხლე, რომელიც არ შეიძლება ვინმეს შესწირო.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება