გენდერული სიახლეები
ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს
2022-08-12 15:14:58

რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ხაშურის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; რაზე მიგვანიშნებენ ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები?

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი ნინო სუხიაშვილი გვეუბნება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მაღალი არ არის, თუმცა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც გენდერული კვოტები პარტიულ სიებში სავალდებულო გახდა, ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 8 ქალია, რაც 29,62%–ს შეადგენს: 

„აქედან 4 ქალი წარმოადგენს მმართველ პარტიას – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, 3- „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 კი –  პარტიას „საქართველოსთვის“. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, 10 მუნიციპალური სამსახურიდან ქალი მხოლოდ 1–ს ხელმძღვანელობს, 9 განყოფილებიდან 5–ის ხელმძღვანელი ქალია, ხაშურის მუნიციპალიტეტი არ შედის იმ მცირერიცხოვანი მუნიციპალიტეტების რიგებში, სადაც არჩეული მერი ქალია“. 

მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობ ფაქტორებზე საუბრისას, ნინო სუხიაშვილი უპირველესად ისევ კვოტირებას აღნიშნავს. მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრი 8 ქალიდან 7 პარტიული სიით მოხვდა საკრებულოში, 1 კი – მაყვალა მაისურაძე – არჩეულია მაჟორიტარული წესით სურამის მაჟორიტარულ ოლქში: 
„ქალბატონი მაყვალა პროფესიით ექიმია და საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.  საყურადღებოა, რომ სურამის მაჟორიტარულ ოლქში ქალი დეპუტატის გამარჯვება უკვე ტრადიციად იქცა. მაყვალა მაისურაძე უკვე მეორე ვადით არის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, მანამდეც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში სურამის მაჟორიტარი იყო ირინე გელაშვილი. უფრო ადრე კი 2006 და 2010 წლების თვითმმართველობის არჩევნებზე სურამის მაჟორიტარად ორი ვადით იყო არჩეული ნინო ლომიძე–დოლიძე. 
ისიც აღსანიშნავია, რომ სურამი მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი მაჟორიტარული ოლქია, სადაც ყოველთვის მაღალი კონკურენციაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმ გამონაკლისთა შორისაა, სადაც არჩეული თავმჯდომარე ქალია. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნინო ლიპარტელიანი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ხელმძღვანელობს.  
რაც ეხება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელისშემშლელ ფაქტორებს – ეს კომპლექსური საკითხია და მოიცავს ისეთი გარემოებების ერთობლიობას, როგორიცაა საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, რომელიც გადაწყვეტილების მიმღების როლს მამაკაცს მიაკუთვნებს, ქალთა დაბალი თვითშეფასება, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვისთვის საკმარისი განათლება და ცოდნა აქვთ; ქონების გადანაწილების ტრადიციული წესი, რომელიც ქალებს სიღარიბისა და დამოკიდებულებისთვის წირავს, ვინაიდან პოლიტიკაში ჩართულობა დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს მოითხოვს და ა.შ.“ 

ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებზე ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მოხსენიებული, როგორც ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემაფერხებელი ფაქტორები, მხოლოდ ამას არ უშლის ხელს. მისივე თქმით, დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები ხელს უშლის ქალთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში: „დიდი ხანია, ვაკვირდები ქალთა მონაწილეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ სასოფლო კრებებზე და სამწუხაროდ, მათი ჩართულობის ხარისხი უკეთესის სურვილს იწვევს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით პირველად გამოიყენა სასოფლო კრებებზე ქალთა გააქტიურების დამატებითი მექანიზმები, როგორიცაა მათთვის პერსონალური მიმართვა სოციალური ქსელების ან პირადი ნაცნობობის მეშვეობით. ამ მეთოდმა ქალთა მონაწილეობა სასოფლო კრებებზე გაზარდა. ასევე კრების მიმდინარეობისას ხშირად გამოყენებული იყო ქალებისთვის პერსონალურად მიმართვის ხერხი: როცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სთხოვდნენ, მათაც საკუთარი პერსპექტივიდან დაესახელებინათ გადასაჭრელი პრობლემა. უნდა ითქვას, რომ მიდგომამ გაამართლა, თუმცა, ქალთა გააქტიურებისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო“. 

ნინო სუხიაშვილის თქმით, ოჯახში ძალადობა ხაშურის მუნიციპალიტეტში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული ფემიციდის შემთხვევებიდან რამდენიმე ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხდა: „ოჯახში ძალადობის განმაპირობებელია კვლავ სტერეოტიპული შეხედულება ქალისა და მამაკაცის როლებისა და ოჯახში გენდერული ურთიერთობების შესახებ, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება, რომ ოჯახის პრობლემა მისსავე ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ამასთანავე, სახეზეა ქალთა ეკონომიკური სიდუხჭირე. ხშირად, ქალები იძულებული არიან მოითმინონ ძალადობა, რადგან უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვთ. 
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გარკვეული ხარისხზე მიუთითებს და ცალსახად დადებითი ტენდენციაა. 
მუნიციპალიტეტში საქმიანობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის ფარგლებშიც გასულ კვირას ჩატარდა გენდერული კვირეული. კვირეულის ერთი დღე ოჯახში ძალადობის პრობლემას დაეთმო. ამაზე იმსჯელეს გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, პოლიციის წარმომადგენელმა, პედაგოგებმა თუ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებმა – იმ ადამიანებმა, ვისი ჩართულობაც შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ძალადობის პრევენციისას. პრობლემის მოგვარების გზაზე პროგრესის მიღწევა  მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი“, - დასძენს ნინო სუხიაშვილი. 

როგორც ვხედავთ, ცალკეული „გამონათებების“ მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალების პოლიტიკურ გააქტიურებას უამრავი გამოწვევა ხელს უშლის. გაცილებით მეტი პროგრესია მისაღწევი, რადგან მეტი (გადაწყვეტილების მიმღები თუ განმახორციელებელი) ქალი პოლიტიკაში ქვეყნის წარმატებული ხვალინდელი დღის საწინდარია. ამ გზაზე ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას.

***

სტატია მამზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გელა მამულაშვილი
ბოლო ამბები
როგორ დააღწიეს თავი ძალადობას ქალებმა

ასეთი შემთხვევები ბევრჯერ გვქონია, რომ ვუცემივარ, გვიჩხუბია და მერე ისევ შევრიგებულვართ. აქამდე იმიტომ არ განვაცხადე, რომ შვილი მყავდა და რა თქმა უნდა იმასაც ვფიქრობდი, ხალხი რას იტყვის, კიდევ რა იქნება...

სრულად 
"ჩემი რა საქმეა, ოჯახია და თვითონ  მიხედავს"- რეალობა თუ გზა სინდისის დასამშვიდებლად

ყველაზე რთული იცი რისი გააზრებაა?! ამ ყველაფრის მომსწრე ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე უყურებდნენ ქალის ტანჯვას, მეზობლები, რომლებსაც ესმოდათ ხმა, მშობლები,რომლებსაც შვილი მის ტკივილს უყვებოდა, ბოლოს ამბობენ მხოლოდ ერთს, ,,გვესმოდა და ვიცოდით მაგრამ, ოჯახის საქმეში ჩვენ ხომ არ ჩავერეოდითო’’

სრულად 
 ღონისძიებები
 ანაზღაურებადი სტაჟირება ქალთა საინფორმაციო ცენტრში
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის
სრულად 
 ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი
სრულად 
 სატრენინგო ციკლი ე.წ ადმინისტრაციო სასაზღვრო ზოლთან მცხოვრები ქალებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
როგორ დააღწიეს თავი ძალადობას ქალებმა

ასეთი შემთხვევები ბევრჯერ გვქონია, რომ ვუცემივარ, გვიჩხუბია და მერე ისევ შევრიგებულვართ. აქამდე იმიტომ არ განვაცხადე, რომ შვილი მყავდა და რა თქმა უნდა იმასაც ვფიქრობდი, ხალხი რას იტყვის, კიდევ რა იქნება...

სრულად 
"ჩემი რა საქმეა, ოჯახია და თვითონ  მიხედავს"- რეალობა თუ გზა სინდისის დასამშვიდებლად

ყველაზე რთული იცი რისი გააზრებაა?! ამ ყველაფრის მომსწრე ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე უყურებდნენ ქალის ტანჯვას, მეზობლები, რომლებსაც ესმოდათ ხმა, მშობლები,რომლებსაც შვილი მის ტკივილს უყვებოდა, ბოლოს ამბობენ მხოლოდ ერთს, ,,გვესმოდა და ვიცოდით მაგრამ, ოჯახის საქმეში ჩვენ ხომ არ ჩავერეოდითო’’

სრულად 
რას იტყვის ხალხი? - კითხვა, რომელიც ქალებს ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას აიძულებს

რამდენი ქალი გადაურჩებოდა ტანჯვას, ტკივილს და სიკვდილს, თავის დროზე ხმა რომ ამოეღოთ და  საზოგადოების მხარდაჭერა ეგრძნოთ? 

სრულად