გენდერული სიახლეები
სტერეოტიპები ქალთა პოლიტიკურ აქტივობაზე პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში
2022-07-25 14:03:31

უკრაინაში ომის პარალელურად და იმ ინფორმაციის კვალდაკვალ, რომელიც ხშირად ვრცელდება ომის დროს ქალების მდგომარეობის შესახებ, აქტუალური გახდა კონფლიქტის გენდერული ასპექტების განხილვა - საუბარი იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კონფლიქტს ქალებზე და გენდერულ ურთიერთობებზე.

კონფლიქტი ხშირად ცვლის გენდერული ურთიერთობების სურათს, რადგან ის როგორც მოვლენა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ზოგადად საზოგადოებრივ მოცემულობებზე. შეიარაღებული კონფლიქტი განსხვავებულად აისახება ქალებსა და კაცებზე. გარდა იმისა, რომ ქალები ხშირად ხდებიან მსხვერპლნი სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის, კონფლიქტი მათ საზოგადოებრივ როლებზეც ახდენს გავლენას. კერძოდ,რადგანაც კაცები ფრონტის ხაზზე არიან, ან ოჯახი ომის შედეგად კარგავს წევრებს,  ქალებს ხშირად უწევთ გახდნენ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; კონფლიქტის პირობებში ქალები ხშირად წარმოჩინდებიან საზოგადოებასა და თემში როგორც ლიდერები, მედიატორები, ხშირად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა მოძრაობებს. მსგავსი მაგალითები არაერთია აფრიკის კონტინენტზე კონფლიქტების ისტორიაში თუ მაგალითისთვის ბალკანეთის ომებიდან, როდესაც ქალები აყალიბებდნენ არაძალადობრივ მოძრაობებს და მართავდნენ პროტესტებს ძალადობის წინააღმდეგ.

მსგავსი აქტივობები მათ საჯარო როლს ზრდის და ერთგვარად ახდენს ქალთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის ტრადიციული ფრომის ცვლილებას, სადაც ქალი უმეტესად პასიურია და ოჯახის მომვლელად მოიაზრება, ვიდრე საჯარო ფიგურად. თუმცა ისმის კითხვა, გრძელდება თუ არა ეს გარდატეხა კონფლიქტის შემდგომ? და რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქალები პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებებში პოლიტიკური თუ სოციალური აქტივობის მიმართულებით?

როგორც უკვე ითქვა, კონფლიქტი ცვლის საზოგადოებრივ მოცემულობებს, თუმცა ეს გარანტირებულად არ გულისხმობს რომ ქალთა როლის ზრდა პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაშიც გაგრძელდება. სტერეოტიპული წარმოდგენების გაძლიერება პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების როლთან მიმართებაში  და მათ უნარების შესახებ, ქალების აქტივობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. წარმოდგენები ქალების სუსტ ლიდერულ უნარჩვევებზე და მათ ტრადიციულ როლებზე მათ კვლავაც რიყავს საზოგადოებრივი აქტივობიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან. ცხადია ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ტრადიციულ საზოგადოებებში, სადაც კონფლიქტამდელი მოცემულობითაც ქალების როლზე სტერეოტიპები ძლიერი იყო.  შედეგად, დიდია ალბათობა იმის, რომ პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაში ის ლიდერული როლები რაც ქალებმა მოცემულობიდან გამომდინარე ბუნებრივად შეითვისეს, კვლავ ომიდან დაბრუნებული მამაკაცების ხელში გადავიდეს, ქალები კი ტრადიციულ როლებს დაუბრუნდნენ.

კიდევ ერთი დაბრკოლება პოსტ-კონფლიქტურ მოცემულობაში ქალთა პოლიტიკური და სოციალური აქტივობისთვის მათი, როგორც მზრუნველის როლის თუ ვალდებულების აღქმაა, რომელიც ხშირად ქალებს არაპროპორციულად დიდ დატვირთვას აიძულებს კონკრეტული მიმართულებებით.  უმეტესად სწორედ ქალები არიან ისინი, ვინც ომის შემდგომ ზრუნავენ ბავშვებზე, მოხუცებზე, ოჯახზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ხშირად ომიდან დაბრუნებულ მეუღლეებზე, რომლებსაც ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობის შეძენილი პრობლემები აქვთ. როგორც უკვე ითქვა, რიგ შემთხვევებში ქალებს უწევთ გახდნენ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ამავდროულად შეითავსონ ზემოთ ჩამოთვლილი მზრუნველობითი ფუნქციები. ყოველივე მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალების აქტივობის შესაძლებლობას, იმდენად რამდენადაც მათ ართმევს დროს, რომელსაც ვერ უთმობენ სხვადასხვა ტიპის სოციალურ თუ პოლიტიკურ საქმიანობას.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ კონფლიქტის პირობებში ქალებს უწევთ ახალი ფუნქციების შეთავსება, მათ შორის ლიდერულისაც, რაც ერთი შეხედვით გენდერული ურთიერთობების დაბალანსებისკენ მიმავალ გზას შეიძლება ჰგავდეს, რეალობა უფრო კომპლექსურია. გარანტია, რომ ეს ტენდენცია პოსტ-კონფლიქტურ საზოგადოებაშიც გაგრძელდება არ არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება ტრადიციულ საზოგადოებებს, სადაც ძლიერია ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული აღქმები. სტერეოტიპული წარმოდგენები დიდ როლს თამაშობენ ქალების ადგილის დამკვიდრებაში პოსტ-კონფლიქტურ მოცემულობაში, როდესაც ტრავმირებული საზოგადოება ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ახალ მოცემულობებში რა გასაქანი მიეცემა გენდერულ ურთიერთობებს - შეძლებს თუ არა საზოგადოება დაბალანსებული და ჯანსაღი მოდელების ათვისებას, სადაც ქალებს გარემო და რეალობა აძლევს საშუალებას ჩაერთონ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ დაუბრუნდება ტრადიციულ მოდელს, სადაც ქალების უნარებზე სტერეოტიპული აღქმები დომინირებს. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

ნინო ჩანადირი
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად