გენდერული სიახლეები
ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი თუ მოგვარდა, ეს კაცებისთვის ცუდი რატომ არის?
2022-06-22 10:51:48

სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ და ბოლნისში არსებულ რეალობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი მოპასუხე ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი მარინა ბჟალავაა. 

 

მარინა ბჟალავა გვეუბნება, რომ ადგილობრივ არასამთავრობო სექტორში ძირითადად ქალები მუშაობენ. მისივე თქმით, მმართველობაში ქალები ბევრად მეტნი უნდა იყვნენ, ვიდრე დღეს არიან: „ბოლნისში გადაწყვეტილების მიღება-აღსრულებაში კაცები უფრო არიან წარმოდგენილი. საკრებულოში ფერიდე ტვილდიანი, ნონა რეხვიაშვილი და ნონა ყაველაშვილი არიან; გენდერული თანასწორობის საბჭოში მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ეს თანამშრომლობა რომ არა, მუშაობა ძალიან გაგვიჭირდებოდა. პროექტებს ვწერთ და მათთან კონკრეტული წინადადებებით მივდივართ. ოფიციალური მიმართვები კი არა, ტელეფონზე ვრეკავ და შინაურულად გვეხმარებიან“.

მაგალითისთვის, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის (უკონტროლოდ რომ არ დაეწვათ) პროექტი განახორციელეს და ბანერიც დადგეს. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ  მათ ამ საქმეში გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, ინგა ფოცხვერაშვილი დაეხმარა: „მათი ჩართულობა გადამწყვეტია. პროექტსაც იმ იმედით ვწერთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მხარში დაგვიდგება. თუნდაც ბანერისთვის ადგილი რომ გამოიძებნა, ამ ლიდერი ქალების დამსახურებაა. ამავე დროს, სოფლებში რომ დავდიოდით, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი დაგვყვებოდა, ჩვენთან ერთად მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ბუნების დასაცავად. ნებისმიერ საკითხზე თვითმმართველობის კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გვაკავშირებენ და ა.შ.“

მარინა ბჟალავას თქმით, ასევე, ბოლნისის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილებასთან აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც ქალებიც არიან წარმოდგენილი. მისივე ინფორმაციით, მერის თანაშემწეა სალომე საღინაძე, ვისთანაც ბოლო დროს კარგად თანამშრომლობენ: „მისი თანადგომით, შეხვედრებს სათემო ცენტრებში ვმართავთ. სხვანაირად პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, რაც უნდა სასიკეთო ნაბიჯები დაგეგმო. კიდევ ვალენტინა ნავერიანია, რომელიც სოციალურ საკითხებზე მუშაობს და აქტიურად გვეხმარება. მათ შორის, შშმ ქალებთან შეხვედრებს ესწრებიან, უშუალოდ ისმენენ გადასაწყვეტ პრობლემებს. ბოლო შეხვედრაზეც ინგა ფოცხვერაშვილი (გენდერული საბჭო) და სოციალური სამსახურიდან მახლდნენ. მათ მონაწილეობას მოსახლეობა განსაკუთრებულად აღიქვამს, ეს ეთნიკურ უმცირესობას უფრო შეეხება. იგივე სოფლებში რწმუნებულებს რომ დაურეკავენ, გაცილებით პასუხისმგებლობიანად უდგებიან ნებისმიერ საქმეს. ინგა ფოცხვერაშვილმა დაურეკა რწმუნებულებს და უთხრა, რომ სოფლებში შშმ პირ ქალებს და მათ ოჯახის წევრებს უნდა შევხვედროდით.  ყველგან კარგად მიგვიღეს და მათ შესახებ სრული ინფორმაცია წამოვიღეთ. ინდივიდუალურად შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას, რათა ამ ადამიანების განათლებას და შემდეგ დასაქმებას ხელი შეეწყოს“.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის ხელშემშლელ ფაქტორებზე ქალბატონი მარინა გვეუბნება, რომ დღემდე სტერეოტიპული დამოკიდებულებაა - ქალს უფრო საოჯახო საქმე ევალება და პოლიტიკა კაცის საქმეა: „ამაზე პროექტები განგვიხორციელებია, როცა კაცები დაუფარავად გვეუბნებოდნენ, რომ ქალები პოლიტიკაში გვეცოდებიანო. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩვენთან ეს პოლიტიკაც ზედმეტად დამძიმებულია. ბოლო დროს ქალები შედარებით აქტიურები კი გახდნენ, მაგრამ მეტი არის საჭირო“.   

ბჟალავას თქმით, ადრეულ და იძულებით ქორწინებაში რაღაცეები უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ პროგრესი შეუქცევადი უნდა გახდეს. მისივე თქმით, გენდერულ საკითხებზე 2001 წლიდან მუშაობენ (დღეს ქალთა რადიოც აქვთ) და ურთულესი რეალობის წინაშე იდგნენ: „ჯერ გათიშულობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მოგეხსენებათ, 90-იანებში ბოლნისში ამ ნიადაგზე შეტაკებაც მოხდა. ამ ამბებმა კიდევ უფრო დაშორიშორება გამოიწვია. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლებაც კი სამოქალაქო აქტივისტებს მტრებად აღგვიქვამდა. ახლა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ბევრი საკითხი გადაგვიწყვეტია“.

ქალბატონი მარინა აზუსტებს, რომ ადრეულ ქორწინებაში უფრო ეთნიკურ უმცირესობას გულისხმობს. იმასაც იხსენებს, ერთხელ 11 წლის გოგონა როგორ მოიტაცეს და 12 წლისას უკვე ქორწილი გადაუხადეს: „ასეთი საშინელებები დღეს აღარ ხდება. იყო სოფლები, საიდანაც სკოლიდან შეიძლება მეექვსეკლასელი გამოეყვანათ და დაენიშნათ. სოფელ ნახიდურში პედაგოგად 10 წელი ვიმუშავე. ადგილებზე საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას ხელი შევუწყვეთ, რომელიც ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებდნენ. საამაყო წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომ დღესაც მოქმედებენ - „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ და „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი“ - პროექტებსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ამ ადამიანებს საკუთარ თემში უფრო მეტი კონტაქტები და შესაძლებლობები  აქვთ, ენის ბარიერიც არ აქვთ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ამ გზით სამოქალაქო ღირებულებები უნდა გავზარდოთ და განვავითაროთ. ფონდი „ტასოს“ პროექტიც გვაქვს და პირდაპირ ამ საინიციატივო ჯგუფების გააქტიურებაზე ვმუშაობთ; რათა შემდეგ ოფიციალურად ორგანიზაციები გახდნენ და მეტ შედეგებს მიაღწიონ. ეს ახალგაზრდები ნელ-ნელა წამოვიდნენ, მუდმივად პროგრესირებენ. მათთან ერთად სოფლებში დავდიოდით და გოგონებს ვეკითხებოდით, რა საჭიროებები აქვთ, რა უნდოდათ. მაგალითად, სოფელ ნახიდურში ბიბლიოთეკა არ გვაქვსო. ვცდილობთ ისინი არ დაფრთხნენ და ნელ-ნელა ვიაროთ პროგრესის გზით. არ გვავიწყდება, ადრე სოფლებში სკოლას ვერ ამთავრებდნენ, განათლებას ვერ იღებდნენ, მაღალ კლასებში გოგონას ვეღარ ნახავდით. ბოლო წლებია სკოლასაც ამთავრებენ და მოტაცების ფაქტებიც კი შემცირებულია. მახსოვს გოგონა, შეხვედრისას გვითხრა, რომ თვითმკვლელობამდე იყო მისული, როცა ძალით დანიშნეს და ათხოვებდნენ. მთელი თავგადასავალი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევა დაგვჭირდა (ძალიან გამოგვადგა), რომ „ნიშანი“ უკან დაებრუნებინათ. აზერბაიჯანულ თემში ნიშნის უკან დაბრუნება ერთი სერიოზული ტრაგედია თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა. გოგონები ამ ყველაფერს უკვე წინააღმდეგობას უწევენ“.

ასოციაციის პრეზიდენტი ძალადობის ერთ შემთხვევაზე სასამართლო პროცესზე დასწრებასაც აპირებდა, - ჯერ არაო, უთხრეს. მისივე ინფორმაციით, ქალი სახლიდან გამოუშვეს, შვილები წაართვეს: „აზერბაიჯანელ კაცებს მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ხშირი ურთიერთობა აქვთ, ეკონომიკურადაც ქალებზე უფრო ძლიერები არიან. ამ მხრივ ქალი იჩაგრება. როდესაც ქალი ეკონომიკურად ფეხზე ვერ დგას, ნაკლებად დაცულია. ამიტომ ვიბრძვით ეკონომიკურად გავაძლიეროთ, ვზრუნავთ განათლებაზე. გოგონებს ვუხსნით თუ რამდენად ცუდია ადრეული გათხოვება განათლებისა და მისივე კარიერისთვის. სხვათა შორის, კაცებსაც ვუხსნით უარყოფით შედეგებს, რასაც ქალებისთვის განათლების შეზღუდვა იწვევს - საზოგადოებისთვის, მათივე ოჯახისთვის და ა.შ“.

მარინა ბჟალავას თქმით, გენდერული სამართლიანობის გასაუმჯობესებლად გამოსავალი მეტი ინფორმირებასა და განათლებაშია. მისივე დაკვირვებით, ხშირად კაცებსაც ჰგონიათ, რომ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობენ, როცა ქალების უფლებების დაცვას და გაძლიერებას ხელს უწყობენ: „მაგრამ ჩვენ ამით კაცების უფლებებს კი არ ვარღვევთ, ქალმაც ასე არ უნდა გაიგოს. მიზანია ოჯახში იყოს ჰარმონიული ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა. პოლიტიკაშიც ქალების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან განსხვავებული ხედვა აქვთ. ქალს ბუნებრივად სოციალური საკითხებისადმი უფრო მეტი მგრძნობელობა აქვს. ერთი აქაური შემთხვევა მახსენდება - კაცებმა სოფლის კრებაზე პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა აირჩიეს, ხოლო ქალებმა წყლის საკითხი, რეკრეაციული ზონის გაკეთება, გარემოს დაცვა ამჯობინეს. და თუ ქალთა ინიციატივით წყლის საკითხი (პრობლემა) მოგვარდა, ეს კაცებისთვის ცუდი რატომ არის?“

მართლაც რიტორიკული კითხვაა- ამიტომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ცენტრალურ თუ ადგილობრივ პოლიტიკაში. მასმედიამ ამ პროცესს მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ, ისევ და ისე ჩვენივე უკეთესი მომავლისთვის. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გელა მამულაშვილი
ბოლო ამბები
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად