მდგრადი განვითარების 17 ურთიერთდაკავშირებული გლობალური მიზანი, რომელიც გაეროს 2030 წლის დღისწესრიგის ნაწილია, მიზნად ისახავს ყველასთვის უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი გარემოს შექმნას. მდგრადი განვითარების მიზნებიდან მეხუთე გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას ეხება. მიზანი მოიცავს ქალთა სრული და ეფექტური მონაწილეობის მიღწევას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ყველა დონეზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ასევე ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას ლიდერული პოზიციების დასაკავებლად. აღნიშნულს იზიარებს საქართველოც. ამ მიზნის განხორციელების ინდიკატორებად გაერო მოიაზრებს პარლამენტში და ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალთა მიერ დაკავებული ადგილების პროპორციულ რაოდენობას და ხელმძღვანელ ადგილებზე ქალთა პროპორციულ რაოდენობას. ქალთა პოლიტიკური აქტივობის, ქალი პოლიტიკოსებისა და ლიდერების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ეროვნულ, არამედ ადგილობრივ დონეზეც, რადგან ეს ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობის გაზრდას და გარემოს გაუმჯობესებას სამართლიანობის და თანასწორობის კუთხით, რაც საბოლოოდ მდგრადი განვითარების დღისწესრიგის ცენტრალურ მიზანს ემსახურება - რომ არავინ დარჩეს უკან ("Leave no one behind").
პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე. ადგილობრივ მმართველობას პირდაპირი გავლენა აქვს თემის ცხოვრებაზე. პოლიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ლოკალურ საჭიროებებთან იმაზე ახლოს დგანან ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის წარმომადგენლობის გაუმჯობესება და განსხვავებული პრობლემატიკის გაჟღერება პირდაპირ აისახება თემში შემავალი სხვადასხვა ჯგუფის ცხოვრების ხარისხზე.
საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში ხშირ შემთხვევაში ქალთა საკითხები პარტიულ პროგრამებშიც იშვიათად ან არაა წარმოდგენილი.
ისეთ თემებში, სადაც პატრიარქალური სტრუქტურა და ინსტიტუტები ჯერ კიდევ ძლიერია, ეს კომპლექსური პროცესია, რადგანაც უკავშირდება ცნობიერების ამაღლებას და ღირებულებათა ტრანსფორმაციას როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. პოლიტიკოსები როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე საზოგადოების წევრები არიან და შესაბამისად გაბატონებული აღქმები მათზეც ისევე ახდენს გავლენას, როგორც სხვებზე. ქალი პოლიტიკოსების ყოფნა შიდაპარტიულ დონეზე თუ ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, ავტომატურად ქალთა საკითხებისადმი გაზრდილ ყურადღებას არ ნიშნავს, თუკი უპირატესობა ენიჭება იმ საკითხების წინ წამოწევას, რომელიც უფრო მომგებიანია პოლიტიკურად, ან უმრავლესობისთვისაა მეტად მისაღები. ქალი პოლიტიკოსები ადგილობრივ დონეზე ხშირად აწყდებიან ბარიერებს, რაც დაკავშირებულია ზოგადად ქალების პოლიტიკური საქმიანობის აღქმასთან, რაც მათ საშუალებას უზღუდავს თავისუფლად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები. შესაბამისად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივ დონეზე ქალების პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭრა და ცნობიერების ამაღლების პროცესი რალელურად მიმდინარეობდეს, რადგან ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია შედეგის მიღებაზე ორიენტაციისას.
შედეგებზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას ადგილობრივ დონეზე გენდერულ საკითხებში კომპეტენციების ამაღლების მხარდაჭერის საკითხსაც. ეს ეხება როგორც პოლიტიკურად აქტიურ ქალებს, რათა უკეთ შეძლონ ქალთა საკითხების წამოწევა, ასევე მამაკაცებს. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე არსებული ბერკეტების სწორად და ადეკვატურად გამოყენებას. მაგალითისთვის, 2016 წლიდან საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საკითხების საბჭოები, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ რიგ შემთხვევაში მათ მხოლოდ ფორმალური ფუნქცია აქვთ.საბჭოების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად ხშირად სახელდება მოხელეთა შესაბამისი კვალიფიკაციის ნაკლებობა. ასევე, რთულია საუბარი რა დონეზე ხდება მუშაობის პროცესში ქალთა ჩართულობა. შესაბამისად, კომპეტენციის ამაღლება გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას მნიშვნელოვნად წაადგება.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქალი პოლიტიკოსების და ზოგადად ადგილობრივ დონეზე პოლიტიკაში ქალთა აქტიურობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თემის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. გენდერული თანასწორობის საკითხი მდგრადი განვითარების მიზნებშიც სწორედ ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე ინდივიდების საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ქალთა პოლიტიკური აქტივობა და მათი (და არამხოლოდ მათი) მხრიდან ქალთა საკითხების ადვოკატირება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.