გენდერული ძალადობა
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებებით განხორციელებული ძალადობა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ახალი ფორმა
2020-12-25 13:01:17

კორონავირუსის პანდემიამ, უამრავ სოციო-ეკონომიკურ პრობლემასთან ერთად, ოჯახში ძალადობის საფრთხეების გაზრდაც გამოიწვია. ზოგადად, კრიზისები, კერძოდ კი, დაავადებათა აფეთქებები განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს ქალებსა და კაცებზე, აღრმავებს გენდერულ უთანასწორობას და ზრდის ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის განხორციელების რისკებს.  ძალადობის რისკის ქვეშ მცხოვრები ქალები მოძალადესთან ერთ სივრცეში იზოლირებული აღმოჩნდნენ. პანდემიის დროს,  სხვა ქვეყნების მსგავსად, ოჯახში ძალადობის მასშტაბი საქართველოშიც გაიზარდა. 2020 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალდობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე (116 006) მიმართვიანობამ,  2019 წელთან შედარებით, 31%-ით მოიმატა. 2020 წლის გაზაფხულის ლოქდაუნის დროს, პიკს მიაღწია 112-ის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობამ,  რომლის საშუალებით მსხვერპლს ძალადობის შესახებ უხმო სიგნალის გაგზავნისა და ოპერატორთან ჩემი მიმოწერის შესაძლებლობა აქვს. 

იზოლაციის პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიებს უმნიშვნელოვანესი  როლი დაეკისრათ პირადი თუ საქმიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ეფექტურობის შენარჩუნებაც, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.     

პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას, ხშირად ეთმობა ყურადღება, იმ გარემოებას, რომ დისტანციური სწავლების პირობებში სოცალურად დაუცველ ოჯახებში და/ან სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს არა აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ გადასაჭრელია ოჯახში ძალდობის მსხვერპლების საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომის პრობლემაც. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ძალადობის რისკის ქვეშ მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ  ქალებს ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მობილურ ტელეფონებზე, რათა გადაუხდელობიდან გამომდინარე გამორთული ტელეფონის  გამო მსხვერპლის იზოლაცია კიდევ უფრო არ გაძლიერდეს.  

თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და მათზე რეაგირების ახალ გზებს. თუმცა ამავდროულად, თავი იჩინა ახალმა პრობლემამ - მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებამ  მსხვერპლთა თვალთვალისა და კონტროლისათვის. გენდერული ძალადობის ეს სახე იმდენად გავრცელებულია, რომ დღეს ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ძალადობა (technology-facilitated gender-based violence), ძალადობის ერთ-ერთ ფორმად არის მიჩნეული ძალადობის ფიზიკური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის ფორმებთან ერთად.  

მოძალადეები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს მსხვერპლის მონიტორინგის, შევიწროების, მუქარის, დაშინებისა და თვალთვალისთვის. სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე ძალადობის  სხვა ფორმებთან ერთად, მასზე ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ძალადობაც ხორციელდებოდა. 

ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ძალადობის ყველაზე მარტივი სახეა მსხვერპლისათვის საკომუნიკაციო საშაულებების გამოყენების აკრძალვა ან გამოყენების ღია კონტროლი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა პანდემიის დროს, როდესაც იზოლაციის, კარანტინის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, მსხვერპლისათვის მობილური ტელეფონი და ინტერნეტი რჩება კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებებად. 

ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ძალადობის (technology-facilitated gender-based violence) სხვადასხვა პრაქტიკებია იდენტიფიცირებული: 

  • მსხვერპლის მიერ განხორციელებული ზარების კონტროლი
  • მოძალადის მიერ მსხვერპლის ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის პაროლების კონტროლი   და პირადი მესიჯებისა და მიმოწერის მონიტორინგი 
  • მსხვერპლის  ინტერნეტში აქტივობის ისტორიის (რა გვერდები ნახა, რა ინფორმაციას გაეცნო) კონტროლი 
  • ჯაშუშური სათვალთვალო პროგრამების დაყენება მსხვერპლის მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში 
  • მსხვერპლის  თანხმობის გარეშე, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავი  ფოტოებისა ან ინფორმაციის გამოქვეყნება, ან გამოქვეყნების შიშით დაშანტაჟება 
  • სხვა პიროვნების იმიტირება სოციალურ ქსელში  მსხვერპლის ღია ბულინგის ან მისთვის შიშის გამომწვევი, სექსუალურად შემავიწროვებელი პირადი წერილების მიწერის მიზნით  და სხვა. 

ამგვარად, მსხვერპლისათვის აუცილებელია ტექნოლოგიური უსაფრთხოების საბაზისო უნარების ქონა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ბაზარზე მოძალადისათვის ჯაშუშური მეთვალყურეობის პროგრამები საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია შეძენისა და ინდივიდუალური გამოყენებისათვის. ამ პროგრამების უმრავლესობა ლეგალური მიზნებით იქმნება მშობლების მიერ ბავშვების  მეთვალყურეობისათვის ან კომპანიის მიერ თანამშრომლების კორპორატიული ტელეფონების მონიტორინგისათვის, ამიტომაც ხშირად ანტივირუსულ პროგრამებს არ შეუძლიათ აღმოაჩინონ სამეთვალყურეო პროგრამა. შესაბამისად, ძალადობის ამ ფორმისაგან დასაცავად, მსხვერპლს ტექნოლოგიური კონსულტანტის დახმარება შეიძლება დასჭრიდეს.   

ძალადობის პრობლემაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სააგენტოებისათვის ნათელია, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გენდერული ძალადობის პრობლემა მზარდია და მასთან ბრძოლისათვის სპეციალური პოლიტიკისა და მიდგომების შემუშავებაა საჭირო. ძირითადი მიმართულებებია, ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით ძალადობის მსხვერპლთა დახმარება, ხოლო მეორე მიმართულებაა ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით ძალადობის საქმეების სრულყოფილი სისხლისსამართლებრივი დევნისა და ხარისხიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა. 

ძალადობასთან ბრძოლის ბევრ ორგანიზაციას აქვს ტექნოლოგიური უსაფრთხოების პროექტები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის. 

მაგალითად, ამერიკულ ორგანიზაცია „ოჯახში ძალადობის დასრულების ეროვნულ ქსელი“ (National Network to End Domestic Violence) სწავლობს მოძალადეების მიერ ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენების პრაქტიკებს და შემუშავებული აქვს რესურსები როგორც მსხვერპლებისათვის, ისე სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის .

მსხვერპლისათვის შემუშავებული ინსტრქუციები ეხება მსხვერპლის ტექნოლოგიური უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და ასევე, ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ ძალადობაზე მტკიცებულებების შეგროვებას. 

ავსტრალიაში, ქალებისათვის განკუთვნილი სერვისების ქსელი  (Women's Services Network (WESNET))  იმ მსხვერპლ ქალებს, რომელთა მობილური ტელეფონები კონტროლდება მოძალადეების მიერ  გადასცემს ე.წ. საიდუმლო ტელეფონს, რომლის არსებობაც არ იცის მოძალდემ. ამ ტელეფონის საშუალებით, ქალს შეუძლია გაუკონტროლებელი კავშირი ჰქონდეს ქალთა უფლებების დამცავ ორგანიზაციებთან,  სამართალდამცავ ორგანოებთან, ადვოკატთან. 

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ტექნოლოგიების როლის გაზრდის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ქალის მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის შემუშავებისას, საქართველოშიც, როგორც სახელმწიფომ, ისე ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა შეიმუშავონ მიდგომები მსხვერპლის ტექნოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებითაც, რაც უნდა აისახოს ძალადობასთან ბრძოლის პროგრამებსა და პროექტებში. 

საქართველოში  მსხვერპლთა ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის ერთი მიმართულებაა მსხვერპლთა (განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებთა), საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფა, მეორე მსხვერპლთა შესაძლებლობების გაზრდა, თავი დაიცვას  მოძალადის მიერ ტექნოლოგიების საშუალებებით კონტროლისაგან.  

გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ტექნოლოგიური უსაფრთოხების პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს: 

  • მსხვერპლებისათვის ტექნოლოგიური უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების (ტელეფონისა და კომპიუტერის უსაფრთხოდ გამოყენების) შესახებ ხელმისაწვდომი ინსტრუქციების შემუშავება და გავრცელება; 
  • მსხვერპლის ფსიქოლოგიური, სოციალური, სამართლებრივი დახმარების ტრადიციული სერვისებისათვის ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტირების სერვისის დამატება; 
  • ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და ადვოკატებს უნდა შეეძლოთ მსხვერპლებს გაუწიონ კონსულტაცია ტექნოლოგიების საშაულებით განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და შევიწროების მტკიცებულებების სწორად შეგროვებაში, რომ შემდგომ სასამართლოში არ შეექმნათ  პრობლემები; 
  • მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოების  ეფექტურობის გაზრდა ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას და მოსამართლეთა გადამზადება,  ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის ხარისხის გასაზრდელად. 

***

სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.

ლელა ხომერიკი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად