გენდერული ძალადობა
ჩვენ და ჩვენი ცოლები
2020-12-17 11:03:30

ჩვენ ისინი გვიცნობენ. იციან, როგორები ვიყავით გუშინ და როგორად ვიქცევით ხვალ, იციან, რა შეგვიძლია, იციან, რას ვიტყუებით, იციან, რა ჩავიდინეთ...

ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რაც კაცებს საკუთარი ცოლების მიმართ მორალური თუ ფიზიკური აგრესიის გამოხატვისკენ გვიბიძგებს. ისინი იცნობენ ჩვენს ბნელ მხარეს, იციან ყველა ჩვენი კომპლექსი, რომელმაც ჩვენში დიდი ხანია, ღრმად გაიდგა ფესვები. იციან ჩვენი გონებრივი და სექსუალური სისუსტეები, იციან, რა არ გვაძინებს ღამით, რისი გვრცხვენია და გვეშინია, იციან ისიც, რაშიც ჩვენს თავსაც კი არ გვინდა, გამოვუტყდეთ... ჩვენ გვეშინია ჩვენი ცოლების, რომელთა წინაშეც შიშვლები ვდგავართ და გვჭამს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ ნიღაბჩამოხსნილები აღარ ვართ ისეთი სასურველები, როგორიც ადრე ვიყავით - მაშინ, როცა ურთიერთობა მხოლოდ ლამაზი სენტიმენტებისგან შედგებოდა. არადა, ყველაფერი თავად გავაფუჭეთ, როცა მოვიტყუეთ, როცა იმედი გავუცრუეთ, როცა მათი შრომა არ დავაფასეთ, როცა მათი სურვილები ჩვენსაზე უკან მოვიქციეთ და გადავწყვიტეთ, ურთიერთობა ისეთი ყოფილიყო, როგორსაც მხოლოდ თავად განვსაზღვრავდით. ამ ურთიერთობის მთავარი რგოლიც, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით - კაცები - და ჩვენს ცოლებსაც ჩვენი გადაწყვეტილებებით უნდა ეცხოვრათ.

და დგება მომენტი, როცა ამას გვეუბნებიან, როცა ამას გვაგრძნობინებენ და ჩვენ მიერ ხელოვნურად აღმართული ბარიკადები რყევას იწყებს. ჩვენც ვაკეთებთ იმას, რაც გამოგვდის: ჯერ მანიპულირებას ვცდილობთ, შემდეგ პირდაპირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შემდეგ ფიზიკურ ძალადობას და ბოლოს ვკლავთ კიდეც. პირველი ნაბიჯიდან უკანასკნელამდე არც ისე შორია და ზოგჯერ ისე შეიძლება მივაღწიოთ ბოლო წერტილს, ვერც კი გავიაზროთ მისი სიახლოვე.  

რადგანაც ვცდილობთ, ცოლები მორჩილებას მივაჩვიოთ, ნებისმიერი წინააღმდეგობისას ვხვდებით, როგორ შეიძლება ჩამოგვენგრეს თავზე ჩვენ მიერვე გამოძერწილი მოჩვენებითი ბედნიერება, ვგრძნობთ ჩვენივე ძალაუფლების შესუსტებას და ვცდილობთ, უფრო მონდომებით ვიყვიროთ, რათა ჩვენი ხმა იმაზე ხმამაღლა ჟღერდეს, ვიდრე სიმართლე, რომელსაც ცოლები გვეუბნებიან ან სიმართლე, რომელსაც თავიანთი საქციელით გვიმტკიცებენ. კაცები ამ დროს ყველაზე უსუსურები ვართ. საერთოდაც, ჩვენსავით დაბლა დაცემაც იშვიათად შეუძლია ვინმეს და ყველაფერზე მოვაწერთ ხელს, ოღონდ ის როლი და სახელი ფიქტიურად მაინც შევინარჩუნოთ, რომლითაც ვფიქრობთ, რომ ბუნებამ დაგვაჯილდოვა. ეს „ჯილდო“ კი ჩვენში მოძალადის ჩამოყალიბების საწყის მიზეზს წარმოადგენს.

ეს ამბავი ბავშვობაში იწყება.

კაცების უმეტესობა გავიზარდეთ იმ გარემოში, რომელმაც, ჩვენი მამაკაცობის გამო, გარკვეული პრივილეგიები მოგვანიჭა და წინასწარ განგვისაზღვრა ჩვენი უპირატესი როლი. ეს უსამართლო კომფორტია, რომელსაც არავინ იმსახურებს, თუმცა მასზე უარსაც, როგორც წესი, არავინ ამბობს. კაცები მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობთ, დავტკბეთ ამ კომფორტით, რომელიც, რასაკვირველია, არცერთ ქალს არ მოსწონს, რადგან არავის მოსწონს უსამართლო პრივილეგიები, გარდა იმისა, ვინც ამ პრივილეგიებით სარგებლობს. ასეთ გარემოში კაცები მართლები ვართ, თუ დამღლელი სამსახურიდან დაბრუნებულები ჯავრს საკუთარ ცოლებზე ვიყრით, თუ არაფრად ჩავაგდებთ მათ შრომას, რომელიც საოჯახო საქმეების მოგვარებას უკავშირდება, თუ ნებას არ მივცემთ, სხვა საქმით დაკავდნენ, თუ ავუკრძალავთ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, თუ არ დავუტოვებთ პირად სივრცეს მეგობრებისთვის ან თუნდაც საკუთარი თავისთვის და ვეცდებით, მათი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ მოვიცვათ. ჩვენ არასდროს ვართ მართლები, როცა ასე ვიქცევით. ჩვენ დამნაშავეები ვართ, რომლებიც ადამიანების ცხოვრებასა და სიცოცხლეს ანადგურებენ.

როცა ცოლებს ქცევითი გამოხატულების ჩარჩოებში მოვამწყვდევთ, ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ტერორი სწორედ მაშინ შედის გადაწყვეტ ფაზაში - ჩვენ მათი ფიქრების გაკონტროლებას ვიწყებთ. უფრო სწორად, კონტროლის უშედეგო მცდელობებს. ამბის საშინელი დასასრულიც ამ დროს გაცილებით ახლოსაა და ჩვენ, კაცები, დინების საწინააღმდეგოდ ვიწყებთ ცურვას. ახლა უფრო ცხადად გვახსენდება, რომ ერთხელ ვუღალატეთ, უფრო სწორად კი, დიდი ხანია, მათი ერთგულები აღარ ვართ, რომ როცა ცოლთან ვწევართ, იმ ქალზე ვფიქრობთ, ვის გამოც სამსახურიდან ნერვებმოშლილი მოვდივართ. თითქოს, ისიც გვახსენდება, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა საყიდლებიდან ვბრუნდებოდით, ვიღაცას საეჭვოდ მოარიდა თვალი, რომ გუშინ გაუგებრად გაიმართლა თავი, თუ რატომ არ გვიპასუხა ტელეფონის პირველივე ზარზე და რომ ამ ბოლო დროს დიდხანს ზის ჩუმად, შორს იყურება და ხმას არ იღებს... რაზე ფიქრობს?

ამაზე პასუხი არ გვაქვს, უფრო სწორად, ყველა შესაძლო პასუხი გვაცოფებს, ამიტომ ვცდილობთ, ფიქრის უნარიც წავართვათ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო მათი ნებისმიერი აზრი აგრესიით ჩავახშოთ. ნებისმიერი აზრი, რომელიც შესაძლოა საერთოდაც არ დაბადებულა... უკვე ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ გვეჩვენება. მათი სუნთქვაც კი. ცოცხლად გამოგვხრა ჩვენმა ეგოიზმის ჭიამ და ჩვენმა სიმდაბლემ. ვქენით ყველაფერი, რაც აქამდე არ გვიქნია და ყოველ დილას საკუთარი ბოღმის ამონთხევის ახალი გზების ძებნაში ვხვდებით. აქ ფატალური შედეგი თითის გაწვდენაზე უფრო ახლოსაა.

ყველა მოძალადე წინასწარვე მარცხისთვისაა განწირული, ვინც მეორე ადამიანის დამორჩილებას, მით უმეტეს, მისი ფიქრების გაკონტროლებას ცდილობს. ჩვენც, მოძალადე კაცები, ჩვენს სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ. ერთადერთი შედეგი, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება, ფემიციდის მზარდი სტატისტიკაა. შედეგი ჩვენი უძლურებისა და სიმდაბლისა.

 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 

ბექა ღიბრაძე
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად