გენდერული ძალადობა
ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ...
2020-12-10 12:28:01

პატარა გოგო ოცნებობს სიყვარულზე, ამ ოცნებაში სიყვარულმა ოჯახი უნდა შეაქმნევინოს, ცხოვრების მეგზური წარმოუდგენია ყველაზე ძლიერი, ყველაზე მამაცი, ყველაზე ერთგული, თავგადაკლული მიჯნური, მოყვარული მამა და ოჯახის მცველი, ,,ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ... " ოცნებიდან გამოფხიზლებული უკვე დიდი გოგო ზოგჯერ მის გვერდით ასეთი მეგზურის ნაცვლად ურჩხულს აღმოაჩენს... და რაც უფრო ძლიერი იყო მისი ოცნება იდეალურ ოჯახზე, მით უფრო მტკივნეულია იმედგაცრუება, რადგან ქვეცნობიერში განმტკიცებული სიტყვები --- ,,ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ..." გამოსავალს სიცოცხლეში აღარ უტოვებს.

ჩემი ასეთი იმედგაცრუების საბოლოო დადასტურება იყო ამერიკელი ფსიქოლოგების სტატია ,,მოძალადის ფსიქიკა", მეგონა, ვიღაც ჩემს ქმარს აღწერდა, თან ისე ზუსტად, ისე თანმიმდევრულად.  შიშები ჩემთვის უკვე ორგანულ მდგომარეობად იყო ქცეული, რაღაც განსხვავებულმა შიშმა შემიპყრო, მაგრამ ყველაზე მტკივნეული და დაუჯერებელი (იმდენად არასასურველი, რომ არ გინდა დაიჯერო) იყო ფრაზა : ,,უკვე ჩამოყალიბებულ კონკრეტულ ურთიერთობაში მოძალადე არ იცვლება! " ......
მანამდე იყო ყველა სახის ძალადობა, მანიპულაციები, შანტაჟი, თვალთვალი, დამცირება, უმიზეზო პათოლოგიური ეჭვიანობა, ღალატი, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ტრიალი და გამოყენება, მოკლედ -- მთელი კომპლექტი...... და ამ ინციდენტებს შორის არსებული ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა -- იმედი, რომ ეს საბოლოოა და გამოსწორდება, თანაც მეც უკეთ მოვიქცევი რომ საბაბი აღარ მივცე. იდეაფიქსად და პარანოიად მექცა იდეალური ქცევა, და რაც უფრო ვცდილობდი, მესიამოვნებინა და იოტისოდენა მიზეზიც აღარ დამეტოვებინა უკმაყოფილებისთვის, მით უფრო მეტ მიზეზს მიდებდა, ჩემი მცდელობის პირდაპირპროპორციულად მისი აგრესია იზრდებოდა, მაშინ არ ვიცოდი, რომ სინამდვილეში მოძალადეს მიზეზი არ სჭირდება, თავად ჩემი არსებობა იყო მიზეზი, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე, ისე ვმოქმედებდი, მე სარკე ვიყავი, რომელშიც ის საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსების და შინაგანი უსუსურობის ანარეკლს ხედავდა და ქვეცნობიერად მის განადგურებას ცდილობდა. მე მისი განტვირთვის ობიექტი ვიყავი იმის მიუხედავად, იდეალურად ვიქცეოდი თუ არა. მოკლედ, ვაღიარე რომ მსხვერპლი ვარ....

ოჯახში ძალადობის თითოეული შემთხვევა სიტუაციურად განსხვავებულია, მაგრამ ფსიქიკური მიმდინარეობით და განცდებით -იდენტური. აღიარების შემდეგ იწყებ გამოსავლის ძიებას: ისედაც ყველას მიერ დანახული ტკივილის გაზიარებას ახლობლებთან, მეგობრებთან, ყოველი ამოთქმული სიტყვით თითქოს შველას ითხოვ, რჩევებსაც იღებ: ,,უნდა დაშორდე!", ,,როგორ აბედინებ ამდენს?!", თეორიულად შენც იმავე აზრზე ხარ, მაგრამ ამის განხორციელება აფსურდად გეჩვენება, რადგან შენში უკვე ფესვგადგმულია დაავადება სახელად ,,მსხვერპლის მიჯაჭვულობა", დაავადება, რომელიც შეურაცხადივით არაადეკვატურს გხდის და სიცოცხლეს გართმევს, დიახ, გართმევს, რადგან მთელი სასიცოცხლო ენერგია გამუდმებულ სტრესებთან გამკლავებას ხმარდება და აღარაფერი გრჩება საკუთარი ნიჭების და უნარების რეალიზებისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, დანარჩენი ნაცნობებისთვის, უსულო უსიცოცხლო ნივთი ხდები, ის ნივთი, რომლად გქევაც მოძალადემ დაგავალა თავისი მოპყრობით, თანაც მოძალადის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია, მის ყველა ქმედებას გამართლებასაც კი უძებნი: ,,მძიმე ხასიათი აქვს და არ უნდა გამეღიზიანებინა, ჩემი ბრალია! ჩემი ბრალია! ჩემი ბრალია! ..... უკეთ უნდა მოვიქცე!" უკიდურესი დანაშაულის შეგრძნება, თვითშეფასების ნულამდე დაცემა, რეალობისგან სრულ ჯოჯოხეთურ ილუზიაში გადასახლება, სადაც მხოლოდ შიში გმართავს, სიცოცხლე მძიმე ტვირთი ხდება, სიკვდილზე ოცნებობ, რახან არ კვდები -სუიციდს მოსინჯავ, დროთა განმავლობაში ფსიქიკური ,,შეშლილობა" კლინიკურადაც გამოიხატება: ტრემორი, ანემია, დეპრესიისთვის დამახასიათებელი ფიზიკური უძლურება, როცა კიდურები აღარ გემორჩილება, სრული ინვალიდობის განცდა.... იმ ახლობლებს და მეგობრებსაც ბეზრდებათ შენი ჩივილები, არავინაა ვალდებული იტვირთოს შენი ,,შეშლილობა', მით უმეტეს, რომ არ ესმით, რატომ ითმენ ამდენს და უკვე სამართლიანად გამტყუნებენ, მაზოხისტად გნათლავენ. შენი გაგება შეუძლია ადამიანთა მხოლოდ ორ ჯგუფს - ფსიქოლოგებს, რომლებიც უშუალოდ ამ პროფილით მუშაობენ და თავად მსხვერპლებს, რომლებმაც გამოსცადეს ანალოგიური ტკივილი.

ასეთი ოჯახების ყველაზე დიდი ტრაგედია კი იმაში მდგომარეობს, რომ შვილები ავტომატურად ხდებიან მსხვერპლები და შემდეგ უკვე - მოძალადეები. მე ჩემმა ტკივილმა მაიძულა შემესწავლა ამ მიმართულების ფსიქოლოგია. მანამდე არ ვიცოდი სტოკჰოლმის სინდრომის და ზიმბარდოს ექსპერიმენტის შესახებ, არც მიჯაჭვულობის ფენომენს ვიცნობდი. თურმე ბავშვისთვის აუცილებელია მოდელი, რომელსაც მიბაძავს პიროვნული ჩამოყალიბების პერიოდში და ეს მოდელი აღმოჩნდება ხოლმე გოგოსთვის დედა და ბიჭისთვის - მამა. შესაბამისად, მოძალადე მამის ვაჟი უდიდესი პროცენტულობით ხდება ძალადობისკენ მიდრეკილი, მას დედა გარკვეულ ეტაპამდე ეცოდება, ეშინია, ვერ ხვდება, რატომ არ გარბიან ტირანი მამისგან, ხოლო გარდატეხის ასაკთან ერთად დაბეჩავებული დედის ავტორიტეტი მის თვალში ბუნებრივად ეცემა და ხშირ (საბედნიეროდ არა ყველა) შემთხვევაში თავადაც მამის მსგავსად ექცევა დედას და შემდგ უკვე საკუთარ ცოლსაც. ასეთი ტრაგიკული რისკის შემცველია ოჯახში ძალადობა და საზოგადოების ნაწილი თითქოს მოჯადოებულ წრეში ებმება. თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა მოხდეს სასწრაფო რეაგირება ყოველ ფაქტზე, ქალები უნდა გაძლიერდნენ! ამის უპირველესი პირობა არის ინფორმირებულობა დევიზით - ძალადობა არ არის ნორმა!

მსხვერპლში დანაშაულის გრძნობის გაღვივებას მოძალადესთან ერთად ძალიან ხშირად ხელს უწყობს სოციუმის გაუცნობიერებელი (არც თუ მცირე) ნაწილი ყოვლად არაადეკვატური, ძალადობის გამამართლებელი და წამახალისებელი დამოკიდებულებით: ,,ალბათ აშავებდა რაღაცას, თორემ მართლა გიჟი ხომ არაა, ტყუილად მოეკლა?!" ანუ მიზეზის და დანაშაულის მსხვერპლზე გადაბრალება.
 
მსხვერპლობა არც სამარცხვინოა და არც საამაყო. მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც გამხდარან ოჯახში ძალადობის მსვერპლები. ეს არის მდგომარეობა, საიდანაც თავის დაღწევისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის აღიარება და გაცნობიერება იმისა, რომ თუ თავს არ დააღწევ, დღითი-დღე უარესად გახდები. შემდეგ კი დახმარებისთვის მიმართვა ფსიქოლოგთან, გამოცდილ პირთან ან ორგანიზაციასთან. ქალთა ორგანიზაციები მაქსიმუმს აკეთებენ ამ პრობლემების გადაჭრისთვის. 

ჩემთვის, პირადად, ქალთა ორგანიზაცია აღმოჩნდა რეალური მაშველი რგოლი, დღეს მართლა აუცილებლად მიმაჩნია მიმართვა ასეთი სტრუქტურისთვის, მათ ყველაფერი იციან, ჰყავთ სპეციალისტები, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ანონიმურობის გარანტირება, მსხვერპლს რთავენ უფასო პროგრამებში - ფსიქოლოგიური რეაბილიტაციიდან დაწყებული დასაქმებით დამთავრებული. 

მათი დამსახურებაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ოჯახში ძალადობის მუხლს მიენიჭა სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. მათი დამსახურებაა შესამჩნევი პროგრესული ცვლილება ქართულ მენტალობაში ქმრის და ცოლის უფლება-მოვალეობების შესახებ. ისინი ცდილობენ, შედეგი კი თავად მსხვერპლზეც არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული სტატისტიკა მცდარია, რადგან რეალური მსხვერპლების რაოდენობა განუზომლად მეტია აღიარებული მსხვერპლების რაოდენობაზე, ამის მიზეზი ნათელია: აღიარების და მიმართვიანობის არარსებობა სირცხვილის და შიშის გამო, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ ორგანიზაციის წარმომადგენლობა სისტემატიურად სტუმრობს ლექციებით და საუბრებით რეგიონებსაც ქალთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით. ჩემი აზრით, ჩვენი გოგონები უნდა აღვზარდოთ იმ აზრით, რომ გამოუცდელ და პატარა ასაკში არასწორი არჩევანის შემთხვევაში (რისგანაც დაზღვეული ალბათ არავინაა), შეუმდგარი ე.წ. ,,ოჯახი" საპყრობილედ არ იქცეს და მის გარეშეც შეძლონ ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელება, იყვნენ ეკონომიურად დამოუკიდებლები.

დღეს მე უკვე ვიცი, რომ ყველაზე მძიმე ფორმის მსხვერპლობაც არ არის განაჩენი! ქალს შეუძლია გადადგას უდიდესი ნაბიჯი ყოფილი მსხვერპლობიდან საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციამდე და უფრო მეტიც - ნამდვილ, გაცნობიერებულ სიყვარულამდე და ნამდვილ ოჯახურ ბედნიერებამდეც.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 

ქეთევან ზოიძე
ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად