გენდერული ძალადობა
ქალი და კაცი
2020-11-27 16:23:53

იჯდა ქალი თავშესაფრის რამდენიმე კვადრატულში ორ ოქროსფერდალალიან გოგონასთან, მუცელზე ხელებშემოჭდობილი და თვალწინ ედგა მეზობლების წვიმიანი ქორწილი. 

იხსენებდა, როგორ შიშისგან უცემდა გული როცა მისკენ უბნის ყველაზე გაიძვერა მამაკაცი მიიწევდა; როგორ ერთიანად კანკალებდა მისი სხეული პირველად იმ კაცმა რომ ყველას დასანახად თვალი ჩაუკრა.

განა ვერ უგრძო გუმანმა რომ მისი “ბედი” იმ დღეს გაიჩარხა, მაგრამ რას იფიქრებდა თუ თვითონ მას მართლა არავინ ჰკითხავდა არაფერს?!

თვალწინ ედგა, როგორ აბეზარად ექცეოდა კაცი ყველგან სადაც გაივლიდა, ან გადაეყრებოდა და როგორი სიფრთხილით ცდილობდა მის ჩამოშორებას, ხან რა მიზეზით, ხან - რითი, მაგრამ, აბა, ქალის სურვილს ვინ რას დასდევს - იმ კაცს გადაეწყვიტა რომ ეს “მისი ქალია”.

მერე ახსოვს ბნელი, თოვლიანი ღამე, როცა მთის კენწეროზე იმ კაცთან მარტოდ მარტო დარჩა… თვალცრემლიანმა, დამფრთხალმა როგორ სთხოვა შინ, მშობლებთან დაებრუნებინა და რომ ახლა ამის დრო არ იყო.

მერე ახსოვს უსაშველო ტკივილი, რაც განა მხოლოდ ფიზიკური იყო, სულს უღრღნიდა, ძილს უფრთხობდა, გონებას უმღვრევდა; მერე სილა, ჯერ ერთი, მერე - მეორე; მერე სისხლიანი დანა გამობერილ მუცელში…

მერე ბალღობისდროინდელი სახლი დედ-მამასთან, სადაც არავინ ელოდა და არავის ესმოდა; კარდაკარ სამათხოვროდ სიარული ორი ბალღით თბილი კერისა და ნატეხი პურის ძიებაში...

იჯდა ახალგაზრდა დედა თავშესაფრის ოთხ კედელში, მუცელზე მჭიდროდ შემოხვეული ხელებით და ვერ ხვდებოდა, როგორ დარჩა ამ სამყაროში მარტოდმარტო სამი ბალღით. 

---

კაცი იჯდა ცივ იატაკზე მუხლებზე ხელებშემორტყმული და თვალწინ ედგა ღამე, როცა პირველად მოკრა თვალი მეზობლების წვიმიან ქორწილში ქალს, რომელმაც ერთი ნახვით გაუღვიძა ღრმად მიძინებული სული, აუფორიაქა ფიქრები და გულმუცელი შიგნიდან გამოუთბო; წამით დაავიწყა თუ ვინ იყო, ან რა ცხოვრებით უცხოვრია იქამდე.

იჯდა კაცი ცივ იატაკზე და ხედავდა, როგორ ურცხვად მიეპარა ქალს იმ ქორწილში ყველას დასანახად, თვალი ჩაუკრა და მტკიცედ მიახვედრა, რომ მისი უნდა გამხდარიყო.

ბევრი უარყოფის შემდეგ, როგორ მოიტაცა ქალი მაღალ მთებში ბებიის სახლში და იქ მოსახდენიც მოხდა. აკი არ უნდოდა, აკი უარყოფდა ქალი მანამდე? კაცის თვალში ეს მხოლოდ მისი ქალური მეტიჩრობა იყო. 

მერე როგორ მოიტანა ზამთრის სუსხმა ჯერ პირველი, მერე მეორე განხეთქილება ოჯახში; როგორ აუწია კაცმა ტონს ჯერ საუბრისას, მერე როგორ მოხვდა ქალს მისი მძლავრი სილა სახეში და როგორ წივილკივილით ჩამოიარა მშობლებისეულ სახლში. 

მერე როგორ დააბრუნეს მოხუცმა მშობლებმა ქმართან “ცოლქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო”. როგორ დათბა დროებით ისევ მათთან სახლში სანამ სიმთვრალით გატიალებულს ისევ ხმის აწევა და მეორე ლოყაში გარტყმა არ მოუნდა.

მერე აღარც ახსოვს, როგორ აერია ტარაბუა ქალისგან პირველი უარი რომ მიიღო. ქმარი იყო და ძალა როგორ არ ეხმარა?... გაახსენდა როგორ ცრემლლიანი სთხოვდა ქალი რომ “მზად არ იყო”. 

მერე იყო ჯერ პირველი, მერე მეორე ბალღი. თმახუჭუჭა, ოქროსფერქოჩორა გოგონები. გვარის გამგრძელებლის ლოდინში ცოლქმრის ჩხუბი ჩვეულებად გამხდარიყო, სანამ ბოლოს, სიმთვრალისგან სულ მთლად გატიალებულს, სილის ნაცვლად ხელი დანაზე არ წაუცდა და ლამის გვარისგამგრძელებლიანად გამოფატრა დამფრთხალი ქალი…

მერე ამ ცივ საკანის გარდა აღარაფერი იყო!

იჯდა კაცი ცივ საკანში მუხლებზე ხელებშემოწყობილი და ვერ იგებდა, რა დროს, როდის დარჩა ასე სულ მთლად მარტო. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს. 

სალომე მოდებაძე
ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად