ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის ცენტრისტულმა მემარცხენე ლეიბორისტულმა პარტიმ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ხმების თითქმის 50% მიიღო, რაც პარტიისთვის საუკეთესო შედეგია ბოლო 50 წლის განმავლობაში.
120 ადგილიდან პარლამენტში ლეიბორისტებს 64 ადგილის დაკავება შეეძლებათ და აქედან ნახევარზე მეტი ქალი დეპუტატი იქნება.
პარლამენტში ასევე შევლენ მკვიდრი მოსახლეობის-მაორის 16 და ქვეყნის სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.
ოპოზიციურმა, ნაციონალურმა პარტიამ ხმათა 26.8% მოიპოვა (35 ადგილი), რაც წინა შედეგზე 20-ით ნაკლებია.
პარლამენტის წევრთა დაახლოებით 10% ღიად ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი იქნება.
მწვანეთა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით მეტი, ხმათა 7.6% მოიპოვეს, რაც 10 საპარლამენტო ადგილს ნიშნავს. პარტიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ქალი, მკვიდრი მოსახლეობის ლიდერი და LGBTQ + ადამიანია.
ექსპერტების თქმით, ლეობორისტების გამარჯვება, მეტწილად, არის ჯასინდა არდერნის პოპულარობის და ბრენდის პირადი ტრიუმფი.
მთელს მსოფლიოში, ჯასინდა არდერნმა გაითქვა სახელი, როგორც პროგრესულმა ლიდერმა, ქალთა უფლებების დამცველმა, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მიმდევარმა.
ახალი ზელანდიის პარლამენტს სამ წელიწადში ერთხელ, ფარული კენჭისყრით ირჩევენ. ამჯერად 120 საპარლამენტო ადგილისთვის 566 კანდიდატი 17 პარტიიდან და 35 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთვის მათ 5% -იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.