საფრანგეთის ხელისუფლება აპირებს, რომ იმ ექიმებს, რომლებიც ე.წ. "ქალწულობის ცნობას" გასცემენ, ერთ წლამდე პატიმრობა და 15000 ევრო ფულადი ჯარიმა დაეკისროს.
BBC-ის ცნობით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს საფრანგეთის სეკულარული ღირებულებების გაძლიერებას და იმასთან ბრძოლას, რასაც ემანუელ მაკრონი "ისლამურ სეპარატიზმს" უწოდებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია მოუწოდებს ყველას, რომ მსგავსი პრაქტიკა აიკრძალოს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, ექიმები მსგავსი საქმიანობის გამო ერთწლიანი პატიმრობითა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან.
ფრანგულ ტელეარხ France 3-ის ცნობით, ქვეყნის ექიმების 30% ამბობს, რომ მათთვის ერთხელ მაინც უთხოვიათ, ქალისთვის "უმანკოების ცნობა" გაეცათ, თუმცა უმეტესმა მათგანმა ამაზე უარი განაცხადა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ საქალწულე აპკის გარეგანი ან შეხებით დათვალიერებისას ვერ დამტკიცდება, ქალს ჰქონდა თუ არა მანამდე სქესობრივი კავშირი. ამავდროულად ეს პრაქტიკა ლახავს ადამიანის უფლებებს.
რამდენად გავრცელებული პრაქტიკაა "ქალწულობის შემოწმება"?
გინეკოლოგი გადა ჰათემი რადიო France Inter-თან საუბრისას აცხადებს, რომ "საფრანგეთში ეს პრობლემა ათასობით ქალს არ ეხება, წლის განმავლობაში მაქსიმუმ სამ ქალზეა საუბარი". როგორც წესი, ეს ახალგაზრდა ქალები (ხშირად არასრულწლოვანი გოგოები) მაღრიბიდან — აღმოსავლეთ აფრიკის მუსლიმი ჯგუფებიდან არიან.
მისი თქმით, მას არაერთხელ გაუცია "ქალწულობის ცნობა", რათა გოგოები ოჯახის წევრებისგან ან ნათესავებისგან შესაძლო ძალადობისგან ეხსნა.
"თუ მეუბნებიან, რომ "ჩემი ძმა მცემს, მამაჩემი დამახრჩობს და ქმრის ნათესავები ჩემი ოჯახის რეპუტაციას შელახავენ", მიზეზი არ მაქვს, რომ მათ არ დავუჯერო", — ამბობს გინეკოლოგი გადა ჰათემი.
BBC Arabic-ის შარშანდელი ინფორმაციით, "ქალწულობის შემოწმება" გავრცელებული პრაქტიკაა ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, ავღანეთში, ბანგლადეშსა და სამხრეთ აფრიკაში.
2018 წელს გაერომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ მსგავსი შემოწმებები აკრძალონ, ამავდროულად კი ამ საკითხზე ცოდნა გაავრცელონ და "უარყონ ქალწულობასთან დაკავშირებული მითები და მავნებელი გენდერული ნორმები, რომელთა მიზანიც ქალებისა და გოგოების სექსუალობასა თუ სხეულებზე კონტროლის დამყარებაა".
საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მარლენ შიაპას თქმით, კანონი, რომელიც პარლამენტში მომავალ დეკემბერს იქნება განხილული, უნდა ითვალისწინებდეს იმათ ბრალეულობასაც, ვინც მსგავსი შემოწმების ჩატარებას ითხოვს: ხშირად ესენი მშობლები ან ქმრები არიან.
მსგავსი პრაქტიკა ხშირად რელიგიური წარმოდგენებითაა გამართლებული, რადგან კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფებში რწმენის გამო მიიჩნევენ, რომ ქალი ქორწინებამდე "სუფთა" უნდა იყოს.