ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, სან სებასტიანის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დასაწყისი” თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის — საუკეთესო ფილმის, რეჟისორის და სცენარის ნომინაციაში.
მსახიობმა ია სუხიტაშვილმა კი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა.
“საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით, სან სებასტიანის კინო ფესტივალი, ვაიმეეე არ მჯრააააა, დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხააარ ეხლა უცებ საუკეთესო ფილმი კიდევ ჯილდო, ვაიმეეე ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო გილოცავ”- წერს ია სუხიტაშვილი.
ფილმის სიუჟეტი პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც იეჰოვას მოწმეებს ექსტრემისტების ჯგუფი თავს დაესხა. ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.
"დასაწყისი" რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.
ფილმის ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო.