პირველად გაერო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღებულია კანონმდებლობები, მსოფლიოს მასშტაბით, თითოეულ დოლარზე ქალები კაცებთან შედარებით კვლავ 80 ცენტზე ნაკლებს გამოიმუშავებენ. მეცნიერების განცხადებით, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მსოფლიოს 257 წელი დასჭირდება.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს. პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება ამ დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს, ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გენდერული უთანასწორობის სკაითხებს. პრაქტიკა მოწმობს, რომ ქალები უამრავ პრობლემას აწყდებიან, როგორც დასაქმების ეტაპზე, ასევე უშუალოდ შრომით ურთიერთობებში. აღნიშნული უთანასწორობა ყველაზე მკაფიოდ სწორედ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის მკვეთრ უთანასწორობაში ვლინდება.
აღნიშნული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის საშუალოდ 35,8%-ს შეადგენს. სხვაობა ხელშესახებია ისეთ სექტორებშიც კი, სადაც ძირითადად ქალები არიან წარმოდგენილნი. უთანასწორობას, ასევე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალების დაბალი წარმომადგენლობა მაღალანაზღაურებად, მენეჯერულ პოზიციებზე.
ყურადსაღებია, რომ მსოფლიოში ეს სხვაობა საშუალოდ 23%-ია, ევროკავშირში კი 16,3%. მსოფლიოს ქვეყნები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ 23%-იანი სხვაობის კიდევ უფრო შესამცირებლად, საქართველოში კი ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დიდი სხვაობის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ 2018-2019 წლებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საჩივრის საფუძველზე, საქართველო იმ 25 ქვეყნას შორის განიხილა, სადაც უხეშად ირღვევა შსო-ს სტანდარტები და მისცა რეკომენდაცია, რომ შესაბამისი რეგულაციებითა და მეთოდოლოგიის შემუშავებით ხელი შეუწყოს სხვაობის შემცირებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„საჭიროა სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წასახალისებლად და მმართველობით რგოლებში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ისევე როგორც დედობის დაცვის, ოჯახური და სამსახურებრივი ვალდებულებების შეთავსების გარანტიების უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების და მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმის შექმნა, ქმედითი შრომის ინსპექციის სახით, ასევე აქტიური ცნობიერების ამაღლების კამპანიები სოციალური პარტნიორების ჩართულობით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება პროცენტულად უფრო მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს. მიუხედავად ამისა კაცები უფრო ხშირად იკავებენ მენეჯერულ ან/და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებს. ამასთან დაბალი ანაზღაურება არის დემოტივატორი ქალებისთვის იპოვონ სამუშაო. ქალების ეკონომიკური აქტიურობა კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით ჩამორჩება. ხელფასების გათანაბრებისკენ გადადგმული ნაბიჯები კი უფრო მეტ ქალს მისცემს სტიმულს ჩაერთოს ეკონომიკურ აქტიურობაში. ეს კი ქალთა კიდევ ერთი პრობლემის - საოჯახო შრომის არათანაბარი გადანაწილების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება.
პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომის, თანაბარი ანაზღაურების მნიშვნელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა აღმოიფხვრას ქალების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა შრომით ურთიერთობებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.