კარებს დავეხსენი, მხდალი და უნდილი
შიშით ყურს ვუგდებდი საკუთარ ფეხისხმას,
ჩემს სახლს გავეცალე დამფრთხალი ქურდივით
და შორით ჩამოდგარ წყვდიადს შევეხიზნე.
ემილი დიკინსონი
ძალადობა ღამის კოშმარს ემგვანება, იმედი გაქვს რომ ერთ გადამწყვეტ მომენტში თვალს გაახელ, გამოფხიზლდები და მიხვდები რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო, საშიში, მაგრამ მაინც წარმოსახვის ნაწილი. თუმცა კოშმარი არ მთავრდება, მისგან გაქცევის ერთადერთი შესაძლებლობა კი, რაც უნდა ირონიული იყოს, ძილია, სადაც რეალობის კოშმარიც შენთან ერთად იძინებს.
ყოველთვის როცა ოჯახში ძალადობაზე საუბარი მიწევს, ერთი კადრი მახსენდება, ყელში ბურთი მეჩხირება და მთელი გულით მინდა დრო უკან დავაბრუნო და რაღაც მოვიმოქმედო. სასექტემბროდ ვემზადებოდით, როგორც ვიცით ხოლმე, ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომელსაც ორი კვირა მაინც დასჭირდება რომ კომფორტულად გამოიყენო, ჩანთა, რომელიც წიგნების ჩაწყობამდე სასიამოვნოდ მსუბუქია. უკვე სასკოლო სამზადისის ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესი დასრულებული გვქონდა, „მარშუტკაში“ ვიჯექი და ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ისხდნენ დედა, მამა და შვილი, ჩემხელა, ალბათ 12-13 წლის ბიჭი. ისინიც სასექტემბრო სამზადისში იყვნენ, ალბათ. ამ დროს პირველად დავინახე კაცის ქალისკენ მოქნეული ხელი, ქალის ღიმილი და შვილის სიჩუმე ერთ კადრში.
მას შემდეგ რამდენჯერმე შევსწრებივარ სხვის ღამეულ კოშმარს, და სირცხვილნარევად უნდა ვაღიარო, რომ ყოველ ჯერზე ვიყინები, და არ ვიცი რა ვქნა. უძლურობის ეს განცდა ყველაზე საშიში და სასტიკია, რომელიც მხოლოდ მაყურებლებს არ გვაქვს, ყველაზე მეტად ამ განცდით თავად ძალადობის მსხვერპლები ცხოვრობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზურგს უკან კარს მოიკეტავენ და მარტო რჩებიან თავიანთ მოძალადეებთან. პანდემიამ ეს კარი კი კიდევ უფრო მტკივნეულად ჩაკეტა, რომლის მიღმაც ძალადობა ნელ-ნელა გაიზარდა და იმ მონსტრად იქცა, რომელსაც თავს თუ მოაჭრი, მის ადგილზე ორჯერ მეტი ამოვა. ძალადობის ეს მონსტრი შიშით და მსხვერპლის უიმედობით იკვებება. და მაშინ როდესაც საინფორმაციო საშუალებები, ოჯახში ძალადობის ფაქტების გაშუქებისას გადაცემას შემდეგი სიტყვებით იწყებენ, „დუმილის დრო აღარ არის! ქალბატონებო ძალადობის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ორგანოებს!“ მათ, ძალადობის მონსტრებმა, ძალიან კარგად იციან, რომ „შესაბამისი ორგანოები“ ძალას კარგავენ, როდესაც მათ შეშინებულ მსხვერპელბს წასასვლელი არსად აქვთ, განსაკუთრებით თუ ქალაქი საკარანტინო ზონადაა ქცეული, კომენდანტის საათი კი წუთი-წუთზე დაიწყება.
ცხრათავიანი მონსტრები ყველა საზოგადოებაში და ყველა ეპოქაში ცხოვრობდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის შემთხვევები საშუალოდ 30%-ით გაიზარდა, „დარჩი სახლში“ კი სიკვდილთან თამაშად გადაიქცა. და იქ, სადაც ადამიანებმა სიშმვიდე და სიყვარული უნდა იგრძნონ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სამყარო ზღურბლს მიღმა საშიში ხდება, ქალების დიდი ნაწილი გადარჩენისთვის იბრძვის, მათკენ მოქნეულ ხელს ჩუმად ხვდებიან, და ამ ყველაფერს ხშირად იმ შვილებისთვის უძლებენ, რომლებიც ძალადობას კომუნიკაციის ერთ-ერთ ენად სწავლობენ.
და მაინც, სანამ შევძლებთ მოძალადეების მიერ ჩაკეტილ კარებზე დაკაკუნებას, მსხვერპლებისთვის დახმარების ხელის გაწვდენას, უნდა გვესმოდეს რომ აგრესიას ინდივიდუალური და სიტუაციური განმაპირობებლები აქვს. პანდემიამ არამოძალადე ადამიანები მოძალადეებად კი არ გადააქცია, უბრალოდ გარემოებები ისე შეცვალა, რომ აგრესიული ბუნების ადამაინებს სასათბურე პირობები შეუქმნა ძალადობისთვის.
გართულებულმა ეკონომიკურმა პირობებმა, ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლამ, სოციალურმა ფრუსტრაციამ, სახლში დარჩენის აუცილებლობამ მოძალადეებს შესაძლებლობა მისცა დაგროვილი აგრესია საკუთარ მსხვერპლებზე გადაეტანათ. სოციალურ ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს აგრესიის გადანაცვლებას უწოდებენ - მაშინ როცა ფრუსტრაცია შეუძლებელია გამოხატული იქნას მისი რეალური წყაროს მიმართ, მოძალადეები თავიანთ აგრესიას ანაცვლებენ ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ „ობიექტზე.“ სახლი, რომელიც სახლემწიფომ ჩაკეტა, და მსხვერპლი, რომელსაც „წასასვლელი არსად აქვს,“ მოძალადის განკარგულებაში დარჩა.
და მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, ყველაზე დიდი თავისუფლება იქაა, სადაც ყველაზე მტკივნეული მარწუხებია, აქ და ახლა, ქალები თავიანთ ღამეულ კოშმარებში ცხოვრობენ, გამოღვიძების იმედის გარეშე და მარწუხები არა მარტო მათ თავისუფლებას, მათ სიცოცხლესაც მსხვერპლად იღებენ.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.