ხვალ რომ გათენდება, დაიფიცებ, რომ არაფერი ისმოდა, სიჩუმის გარდა.
გუშინაც ასე იყო და ხვალაც ასე იქნება, როცა ჩემი სახლის კარს ფართოდ გაღებულს დაინახავ დილიდან - ღამემდე.
დამნაშავესავით შემოხვალ უმღვდლო სავანეში, ჩუმად დაჯდები, თავსაც გაიქნევ, არ შემომხედავ და ზუსტად საღამოს ცხრაზე წახვალ კედლის მეორე მხარეს ბოლოდროინდელი სტატისტიკის დაბალ ხმაზე მოსასმენად.
დუმდი ყოველ დღე მანამ, სანამ მსოფლიო გაჩერდებოდა.
მიდიოდი სამსახურში დილას, უდარდელად, უფიქრელად, ანდაც ეგოისტურად, მარტოკა, შენთვის. სკოლაში მიმავალი გხვდებოდა ჩემი შვილიც, გესალმებოდა და იფარავდა სახეს იმ საღამოს სილურჯისაგან, როცა უკვე მერამდენედ გესმოდა ჭურჭლის სიმღერა - ხან გადაბმულად, ხან კიდევ დროში, წლებში, დღეებში გაწელილად.
მაგრამ, შენ დუმდი.
მიყურებდი მსოფლიოს ჩაკეტვამდე. მიღიმოდი ფერად და მზიან დღეს ადგილობრივ სუპერმარკეტში შემთხვევით შემხვედრს. მესალმებოდი, გესალმებოდი და ვჩერდებოდით. მინდოდა გეშველა ჩემი სხეულისთვის (სულს ვეღარ შეცვლიდი). გაცლიდი, დროს გაძლევდი, რამოდენიმე წამს, გადასარჩენად.
შენ ისევ დუმდი.
სამყარო გაჩერდა.
შენ გაგაჩერეს,
მე - დამატყვევეს.
ჩემი სახლის კარსუკან ხმები კი ისევ ირეოდა.
ჩვენი საძინებლები ერთ კედელს იყოფს - ატირებული ტუჩებით ჩამოკაწრული საღებავის მოლეკულებს შენკენ მუდარის ჩუმ ხმებს ვატანდი.
მაგრამ, შენ ისევ ჯიუტად დუმდი.
სამყარომ მუშაობა შეწყვიტა, ქმრის ხელმა - არა.
ჩაკეტილ ქალაქში, ჩაკეტილ კედლებში, ვირუსმორეული ჯანმრთელი უჯრედებივით მიცოტავდებოდა სიცოცხლის დღეები.
ერთხელ, ხმებისას, მსხვრევისას, დარტყმისას, შენც კი შეწუხდი.
საბედისწერო გარიჟაჟისას დააკაკუნე ნაცრისფერ კარზე, მეძინებაო, იქნება-და მიხედოთ პატარას, საწოვარა ჩაუდოთო პირში, რომ ტირის…
შენ საუბრობდი, მაგრამ თან დუმდი.
დილას მე მომკლეს…
...დამნაშავესავით მოხვედი უმღვდლო სავანეში, დაჯექი ჩუმად, თავი გააქნიე, არ შემომხედე და ზუსტად საღამოს ცხრაზე წახვედი კედლის მეორე მხარეს ბოლოდროინდელი სტატისტიკის დაბალ ხმაზე მოსასმენად.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.