მოვლენები
სად გაუჩინარდა სამი ქალი, რომელიც ლუკაშენკოს დიქტატურას წინ აღუდგა
2020-09-09 17:38:37

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან ხუთი კვირა გავიდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა, რომელმაც ხმების 80,23% მიიღო. ლუკაშენკოს ხშირად ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებენ — იგი ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

არჩევნების მომდევნო კვირებში ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები შედეგებს არ ცნობდნენ, თუმცა პოლიციამ მომიტინგეები ძალადობრივად დაარბია. სამი ოპოზიციონერი ლიდერი კი — რომელთაგან სამივე ქალია — საზოგადობის თვალთახედვიდან გაუჩინარდა, ან ქვეყნიდან გაიქცა.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, მარია კოლესნიკოვა, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დააკავეს. განცხადება ბელარუსის სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა სახელმწიფო სატელევიზიო არხის საშუალებით გაავრცელა.

"კანდიდატების გაუჩინარება უტყუარად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებული რეჟიმის სისასტიკეს და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი არ გახდეს ბელარუსში არჩევნების შემდგომ მიმდინარე საზარელი მოვლენებისადმი", — აცხადებს ტომ ტუგენჰეტი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა არჩევითი კომიტეტის თავმჯდომარე.

მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ კანდიდატების დიდი ნაწილი სხვადასხვა გზით, მათ შორის, დაპატიმრებით, ჩამოიშორა, კოლესნიკოვა ოპოზიციის ორ სხვა ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ვერონიკა ცეპკალოსთან არჩევნებში საბრძოლველად გაერთიანდა.

ტიხანოვსკაიამ და ცეპკალომ ქვეყანა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე დატოვეს, კოლესნიკოვა კი ბელარუსში გასაპროტესტებლად დარჩა. როგორც მან CNN-სთვის 13 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში თქვა, ლუკაშენკომ "უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ ბელარუს ხალხს იგი არ მოსწონს და არ სურს, დიქტატორი მათი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს".

სვეტლანა ტიხანოვსკაია

ტიხანოვსკაიამ, რომელიც აგვისტოს არჩევნებში ოპოზიციის მთავარი კანდიდატი იყო, შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ბელარუსი შვილებთან ერთად დატოვა და თავი მეზობელ ლიეტუვას შეაფარა — ეს მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების დარბევა დაიწყეს.

თავდაპირველად, არჩევნებში კენჭს ოპოზიციიდან ტიხანოვსკაიას ქმარი იყრიდა, თუმცა მისი დაპატიმრების შემდეგ ბრძოლა სვეტლანამ გააგრძელა. მან არჩევნების შედეგები ეჭვის ქვეშ საჯაროდ დააყენა და მოითხოვა, თავიდან დაეთვალა ხმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომლის განცხადებითაც ტიხანოვსკაიამ მხოლოდ 9,9 პროცენტი მიიღო.

"ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, ჩვენ რეალური პროტოკოლი ვიხილეთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ მისი ხმა მოიპარეს, მოვუწოდებთ, არ დადუმდეს", — განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ლიეტუვაში წასვლის შემდეგ ტიხანოვსკაიას გამოქვეყნებულმა ორმა ვიდეომ საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა. განსაკუთრებით, მეორე ვიდეომიმართვამ, სადაც იგი ცესკოს ხელმძღვანელის კაბინეტშია გადაღებული და წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს. ტექსტში იგი ბელარუს ხალხს მოუწოდებს, შეწყვიტონ პროტესტი და დაემორჩილონ პოლიციას. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ტელეგრამის ანტიოპოზიციურ არხზე გავრცელდა და ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში გამგზავრების შემდეგაა გადაღებული, გაჩენილი ეჭვები, რომ ვიდეო მას ბელარუსში ყოფნის დროს, ზეწოლის ქვეშ ჩააწერინეს, საფუძვლიანია.

ცოტა ხნის ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც იგი, ამჯერად, რუს ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, "ტყუილის გავლენის ქვეშ" არ მოექცნენ და რუსული პროპაგანდის მიწოდებული ინფორმაცია ბელარუსში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, არ დაიჯერონ. იგი აღნიშნავს, რომ პროტესტი მხოლოდ ლუკაშენენკოს მმართველობს უპირისპირდება და არაა რუსეთისკენ მიმართული.

მარია კოლესნიკოვა

კოლესნიკოვა მინსკის ცენტრალური პარკიდან 7 სექტემბერს გაუჩინარდა. ამ ფაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ გაქრა საკოორდინაციო საბჭოში მისი ორი კოლეგის კვალიც. სწორედ ეს საბჭოა ბელარუსის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი.

ბელარუსის სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ცნობით, კოლესნიკოვას კოლეგები ალექსანდროვკას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში ღამის ოთხ საათზე გადავიდნენ. თუმცა მათ მარია არ ახლდათ.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დამცველი სამსახურის პრესოფიცრის, ოლეგ ბოკიოს თქმით, კოლესნიკოვა "უკრაინაში სასაზღვრო კონტროლის გავლით არ ჩასულა".

"ამ დროისთვის, ჩემ მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დევნიან, ავიწროებენ და იტაცებენ. ეს ძალიან მაწუხებს, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, სად არის მარია კოლესნიკოვა", — აცხადებს ლიეტუვაში თავშეფარებული ტიხანოვსკაია.

ვერონიკა ცეპკალო

ცეპკალომ, რომელიც ტიხანოვსკაიას მრჩეველი იყო, მისივე უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანა არჩევნებამდე დატოვა. მის ქმარს, ვალერი ცეპკალოს, რომელიც აშშ-ში ბელარუსის ელჩი იყო, უფლება არ მისცეს, საკუთარი თავი კანდიდატად დაერეგისტრირებინა. პატიმრობის მუქარის შემდეგ კი, უსაფრთხოების გამო, იგი ბელარუსიდან ვერონიკაზე ადრე წავიდა.

ამჟამად ოჯახი პოლონეთს აფარებს თავს. ცეპკალოს თქმით, "ბელარუსის ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი არის სვეტლანა ტიხანოვსკაია, მათი მიზანი კი მხოლოდ ლუკაშენკოს გაშვებაა". იგი დასძენს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა სამშობლოში, თუმცა ესმის, რომ მისი დაპატიმრების შანსები "ძალიან, ძალიან მაღალია".

ბელარუსში კი კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები. მიუხედავად იმისა, რომ ერთთვიანმა მასობრივმა აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებული გამარჯვებული, ალექსანდრ ლუკაშენკო, აცხადებს, რომ იგი "ასე უბრალოდ ვერ წავა". ამის მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ ბელარუსს მეოთხედი საუკუნეა, რაც აშენებს. ამასთან, ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ წასვლის შემთხვევაში მის მხარდამჭერებსაც შეექმნებათ პრობლემები. მოქმედი პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ მზადაა კონსტიტუციური რეფორმისთვის და არც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს გამორიცხავს.

ბოლო ამბები
ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“ ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს

სრულად 
IPRM -ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს განიხილავენ

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 97-ე შეხვედრა დაიწყო. განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები, დე ფაქტო რეჟიმისგან დევნილი თამარ მეარაყიშვილის საკითხი იქნება

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
IPRM -ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს განიხილავენ

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 97-ე შეხვედრა დაიწყო. განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტული ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები, დე ფაქტო რეჟიმისგან დევნილი თამარ მეარაყიშვილის საკითხი იქნება

სრულად 
საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა

სრულად 
სკოლების დახურვამ 1.5 მილიარდ ბავშვზე იმოქმედა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკი გაზარდა

გამოკითხული ბავშვების 80% აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ თითქმის არაფერი უსწავლიათ. მოსალოდნელია, რომ 9,7 მილიონი ბავშვი წელს სკოლაში არ დაბრუნდება

სრულად