შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის, 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ცოლის, მამისა და დედის მიმართ. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს კაცი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.