გენდერული სიახლეები
ქალები საოკუპაციო ხაზთნ პანდემიის პირობებში
2020-08-12 09:40:24

Covid-19 ის გავრცელების შედეგად, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო სოციალურ-ეკონომიური პრობლემები არაერთ ოჯახს შეექმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შეინიშნება. აქ მცხოვრები ოჯახები მავთულხლართებისა და შეიარაღებული ჯარისკაცების ყოველდღიურად ნახვის გამო საკუთარ სოფელში თავისუფლად გადაადგილებას ისედაც ერიდებოდნენ, კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებულმა აკრძალვებმა და  სახლში დარჩენამ მათი მდგომარეობა უფრო გაართულა, მათ შორის ფსიქოლოგიურიც. 
ასეთ ვითარებაში ადგილზე რჩებიან ქალები, რომლებიც, არსებული საფრთხის მიუხედავად ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას იჩენდნენ და სხვების დახმარებას ვისაც როგორ შეეძლო ისე ცდილობდნენ. 

30 წლის ეთერ ედიშერაშვილი გორის მუნიციპალიტეტში, სოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისში ცხოვრობს. მასწავლებლად სოფლის სკოლაში მუშაობა გასულ წელს დაიწყო. კარანტინის პერიოდში ონლაინ სწავლებასთან ერთად სკოლისა და ბაღის გარეშე, სახლში დარჩენილი შვილების მოვლა და ოჯახის დანარჩენ წევრებზე ზრუნვა უწევდა. პარალელურად, მდგომარეობის გაუმჯობესებას მეზობელი ქალებისთვისაც ცდილობდა და საკუთარი ელექტომოწყობილობების გამოყენებით მათ ონლაინ ლექციებსაც ასმენინებდა, როგორც სამედიცინო ისე ფსიქო-სოციალური მიმართულებით. 

„აქ მცხოვრები ქალები მუდამ სტრესში ცხოვრობენ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ფსიქოლოგიურად რთული მდგომარეობა ჰქონდათ და კორონავირუსმა განაახლა ეს ტრავმა. ხალხი შეშინდა, დაიბნა. არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. სწორედ ამიტომ,  გარკვეული დახმარება რომ აღმომეჩინა მათთვის, მოვიძიე ინტერნეტში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ონლაინ შეხვედრებს აწყობდნენ სტრესის დაძლევაზე, ვირუსის გავრცელების პრევენციებზე. შემომყავდა ჩემ ეზოში ეს ქალები, კვირაში 5-5- მაინც, ჩავურთავდი და ვასმენინებდი ამ რჩევებს“-ამბობს ეთერ ედიშერაშვილი.

36 წლის ნინო თვაური ლაბორანტია. ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხვითში ცხოვრობს და კონფიქტის ზონაში მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატურიაში 3 წელია მუშაობს. საგანგებო მდგომარეობის დროს ის სამედიცინო დაწესებულებაში დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე მუშაობდა და ანალიზებთან ერთად სხვა სამედიცინო მომსახურებასაც უწევდა პაციენტებს. სამსახურის შემდეგ კი არა თუ სახლში, არამედ ამ ორი სოფლის მოსახლეობას სახლში აკითავდა და სათანადო დახმარებასაც უწევდა. ამბობს, რომ სახლიდან ამბულატორიამდე 3 კმ მანძილს ყოველდღიურად ფეხით გადიოდა. 

„მნიშვნელობა არ ჰქონდა ქარი იყო, წვიმა თუ სიცივე, გახსოვთ ალბათ ამ თვითიზოლაციის პერიოდში როგორი ცუდი ამინდები იყო, მიუხედავად ამისა პაციენტბს სახლში ვაკითხავდი, ყველა საჭირო წესის დაცვით და ვუტოვებდი ჩემი მობილურის ნომერს, რომ დაერეკათ ნებისმიერ დროს, როცა დახმარება დაჭირდებოდათ. ძირითადად რის-ჯგუფში მყოფ პირებთან მივდიოდი, რომლებიც ასაკის და მდგომარეობის გამო ამბულატორიაში ვერ ახერხებდნენ მოსვლას, ვუცვლიდი, წნევას და სიცხეს ვუზომავდი.საჭირო მედიკამენტებს ვაწვდიდი, შემდეგ მირეკავდნენ და ვისაც რა წამალი უნდოდა ნიქოზის ამბულატორიიდან მიმქონდა, ძირითადად წნევის წამლებს და დამამშვიდებლებს მთხოვდნენ.“-ამბობს ნინო თვაური. 

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გორის მუნიციპალტეტში და ნიქოზთან ახლოს მდებარე სოფელ თერგვისში მცხოვრებ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას covid-19 დაუდასტურდა მოსახლეობა უფრო დაიძაბა. ნინო თვაური ამბობს, რომ ხშირად საკუთარ განცდებზე ვეღარც ფიქრობდა და აღელვებული ადამიანების დამშვიდებას რეკომენდაციების დაცვისკენ მითითებით ცდილობდა. 

თვითიზოლაციაში მყოფ რის-ჯგუფის ადამიანებს უვლის კიდევ ერთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრები 62 წლის ქალი. ლუდა სალია აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ხურვალეთში ცხოვრობს. ის სოხუმში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ის , აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. დაცემული ქალაქიდან 27 წლის წინ, 28 სექტემბერს ლუდა სალია ჭუბერის გზით, ფეხით გადმოვიდა შედარებით უსაფრთხო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ ზრუნვა სხვებზე ისევ გააგრძელდა და ამჯერად საოკუპაციო ხაზთან ხანდაზმულთა თავშესაფარს პატრონობს. მის სახლთან ახლოს გახსნილ თავშესაფარში ამჟამად 13 მოხუცია, ოჯახის წევრებისგან ნაწილი მიტოვებულია, ნაწილს კი არავინ ჰყავს. პანდემიამდე მოხუცებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობდნენ და ერთფეროვან დღეებს ულამაზებდნენ. მას შემდეგ რაც გადაადგილების მხრივ ზომები გამკაცრდა, ისინი ლუდა სალიას და ამავე სოფლის მაცხოვრებელ 2 თანამშრომლის იმედად დარჩნენ. ლუდა სალია ამბობს, რომ მიუხედავად ყველფრისა, ამ პერიოდში ცდილობდა მოხუცებს არ ეგრძნოთ ეს მძიმე დღეები და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვით ეს პერიოდი მათთვის გაეხალისებინა. 

„თავშესაფარში სულ 13 მოხუცი გვყავს, მათ შორის მხოლოდ ერთია მამაკაცი. კორონავირუსის გავრცელებამდე ჯერ ისედაც მთელი პროცედურებია გასავლელი სოფელში შემოსვლამდე და ახლა მითუმეტეს თითქმის არავის უნახავს როგორ აგრძელებდნენ მოხუცები ცხოვრებას კარანტინის დროს - ამბობს ის. 

ლუდა სალია თვითიზოლაციის დროს, ოჯახის წევრებთან ერთად მოხუცებსაც უვლიდა, მისი თქმით,  კარანტინი მოხუცებს არც კი უგრძვნიათ. 

„ვცდილობდი ძალა მომეკრიბა და უყურადღებოდ არ დამეტოვებინა ჯერ ისედაც ოჯახის წევრებისგან მიტოვებული მოხუცები. ამისთვის ცხელი წვნიანის და მათთვის საჭირო საკვების მომარაგების გარდა, გადავწყვიტე გამელამაზებინა მათი ერთფეროვანი დღეები. 

ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომლემა სტილისტის როლიც შეითავსა და მოხუცებს არ აგრძნობინა გადაადგილების შეზღუდვის და დაკეტილი სალონების გამო შექმნილი დისკომფორტი. სალონური მომსახურება ადგილზე გავუწიეთ ჩვენს მოხუცებს, რაშიც შედიოდა, თმის შეჭრასთან ერთად შეღებვა, მანიკური და პედიკური. გარდა ამისა, ვუწყობდი პოეზიის საღამოს, ზოგჯერ თვითონ ერთმანეთს უკითხავდნენ ახალგაზრდობიდან რა ლექსებიც ახსოვდათ. გვყავს მათ შორის ისეთიც, რომელიც ისევ ახერხებს ფორტეპიანოზე დაკვრას, დანარჩენები კი მღეროდნენ მის დაკრულზე. ასე ვულამაზებდი მოხუცებს თვითიზოლაციის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მახსენდებოდა, რომ ისინი რისკ-ჯგუფში მოიაზრებოდნენ.“-ამბობს ლუდა სალია. 

მარტოხელა მოხუცი ქალები პანდემიის პერიოდში ერგნეთში მცხოვრებ 68 წლის  ლია ჩლაჩიძესაც ყავდა მისახედი. 81 წლის ლეილა ჩლაიძე და 85 წლის მანია ტერაშვილი მის მეზობლად ცხოვრობენ. არცერთს ოჯახსი წევრები არ ჰყავს და გადაადგილების მხრივ არც მდგომარეობა უწყობთ ხელს,რის გამოც  ყურადღებას სხვებისგან ელიან. 

„ ჩემი ოჯახის წევრებს რომ ვუმზადები სადილს, მათთანაც მიმქონდა, თან ვეკითხებოდი, რა ესიამოვნებოდათ რომ შემდეგში მომემზადებინა, მაბარებდნენ თუ კი რამე მედიკამენტი სჭირდებოდათ და მიმქონდა“-ამბობს ლია ჩლაჩიძე. 

ერგნეთში სასურსათო მაღაზია არ არის და მოსახლეობას საკვები პროდუქტის მომარაგების კუთხით კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით გაუჭირდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ ქალაქში გადაადგილებაც შეეზღუდათ. ლია ჩლაჩიძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და სპეციალური საშვით კვირაში რამდენჯერმე ქალაქში ჩასვლა უწეწვდა. მანამდე კი კალმით და ბლოკნოტით დადიოდა სოფელში იმისთვის, რომ მოენიშნა ვის რა სჭირდებოდა. 

„ასე კარდაკარ დავდიოდი და მაბარებდნენ ვის რა სჭირდებოდა, აფთიაქში და მაღაზიაში როცა შევდიოდი სია მეჭირა ხელში და ვიხედებოდი არაფერი დამვიწყებოდა. მახსოვს ერთ დღეს 15 ოჯახს მივუტანე საკვები პროდუქტი, გარდა ამისა ხელფასიდანაც ყოველთვე, თანხას ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფს ვურიცხავდი, რომლებიც მოსახლეობისთვის პროდუქტს ყიდულობდნენ. ერთ-ერთი ასეთი აქცია სააღდგომოდაც მოვაწყეთ და აქ მაცხოვრებლებს მივუტანეთ პასკა და კვერცხი.“-ამბობს ლია ჩლაჩიძე, რომელიც საოკუპაციო ზოლთან თვითიზოლაციის მიუხედავად წელსაც მივიდა და მის იქით დარჩენილ ოკოუპირებული სასაფლაოს ტერიტორიაზე პასკა და კვერცხი მწვანე ღობეებიდან მაინც დაალაგა.

საკვები პროდუქტის დარიგება გადაწყვიტა თვითიზოლაციის პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში მცხოვრებმა 57 წლის რუსუდან მესხმა. ამ სოფელში ადგილობრივებთან ერთად ფერეიდნელი ქართველებიც ცხოვრობენ, რომლებიც აქ დაახლოებით 10 წლის წინ დასახლდნენ. 3 შვილის დედას საცხოვრებელ სახლთან მაღაზია აქვს გახსნილი. ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტუებისას საკვები პროდუქტი მოიმარაგა, თუმცა მათი ნაწილი მეზობლებში არსებული ვითარების გამო უსასყიდლოდ დაარიგა. ამჟამად მაღაზიაში აღარაფერი დარჩა. მხოლოდ პურს და შაქარს ყიდის, რომელსაც დისტრიბუციით იღებს, შემდეგ კი რძალთან ერთად სოფელში კარდაკარ არიგებს.

„წითელუბანში 240 ოჯახი ცხოვრობს, წლებია რთულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ყოველდღიურად პირისპირ ვხედავთ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები როგორ გადაადგილდებიან. მოსახლეობა ისედაც სტრესში იყო და ამ გაჭირვებამ ჩვენი ყოფა უფრო დაამძიმა.  მინდა რაღაც წვლილი შევიტანო ამ გაჭირვებული ჟამისას და დავდივარ ჩემი ბიჭის ცოლთან ერთად დილიდან სოფლებში და შაქარს და პურს ვარიგებ. რადგან მოსახლეობას მისი შეძენა სხვაგან არ შეუძლია. ვიდრე გზებს გახსნიდნენ ვისაც მანქანა ჰყავს, ქალაქშიც ვერ მიდიოდა რამის საყიდლად. რომ შევდივარ ეზოში ვხედავ ზოგი როგორი გაჭირვებულია, ხურდებს ითვლიან მუჭაში რომ პური იყიდონ. ასეთებს არც ვართმევ ხოლმე თანხას და ისე ვუტოვებ პურს“-ამბობს რუსუდან მესხი. 

საოკუპაციო ხაზთან მებარე მერეთის თემში კი  52 წლის ლია მიქელაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალური ჯგუფების მიხედვით საკუთარი და მეზობელი სოფლების მოსახლეობის აღწერაში ეხმარება. მან 2 ადგილობრივ ქალთან ერთად პანდემიამდე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და გორისმმუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში პროექტის „ღირსეული სიბერე“ განხორციელება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შეჩერდა, საქმიანობას მაინც აგრძელებს და უკვე მონიშნული კატეგორიების მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დისტანციურად იმ საკითხებს აცნობს, რაც მერეთის თემის სოფლებში, კოშკა-გუგუტიაანთარსა და ზარდიაანთკარში, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გამოავლინა. 

„სოფელ კოშკაში 70 წლამდე -15 -პირია ქრონლიკული დაავადების მქონე. 54 ოჯახში კი 70 წელს გადაცილებული წევრი ყავთ. სულ ამ სოფელში  125 ოჯახი და 482 მოსახლეა მუდმივი მაცხოვრებელი. -გუგუტიანთკარში-96 ოჯახი ცხოვრობს 253 მოსახლით, ზარდიაანთკარში - 33 კომლია 129 მოსახლით. რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩვენი პროექტის დაფინანსება, შეწყდა, მაგრამ ხალხს მაინც ვეხმარებით მე და კიდევ 2 ადგილობრივი ქალი. სწორედ ჩვენი კომუნიკაციის შედეგია, რომ მერის წარმომადგენლებისთვის ჩვენს მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით მოხდა, გაჭირვებული ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარება. ასევე იმ ოჯახებში სადაც მოხუცები ცხოვრობენ ისევ ჩვენს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით, მიუტანეს საჭირო მედიკამენტები“-ამბობს ლია მიქელაძე. 

კონფლიქტის ზონაში პანდემიამდე ძირითადი პრობლემა საოკუპაციო ხაზი და თანმდევი უსაფრთხოების განცდა იყო. ახლა COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა სოფლები ახალი საზრუნავის წინაშე აღმოაჩინა. მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს ჰიგიენის ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზოგიერთ სოფელში დღემდე წყლის პრობლემაა მოუგვარებელი. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული ტვირთი ამ შემთხვევაშიც სწორედ ქალებზე მოდის. 

„ქალების ყოფა კონფლიქტის ზონის სოფლებში ორმაგად გართულდა. ჯერ იმაზე ფიქრი, რომ არ იცი როდის რას ჩამოგაჭრის საოკუპაციო ზოლი, მიწის ნაკვეთს თუ საცხოვრებელი სახლის ნაწილს და შემდეგ იმაზე შიში, როგორი იქნება ასეთ ვითარებაში ზამთარი. პანდემიის შემდგომ პერიოდში ვფიქრობ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ასეთ ზონებში მცხოვრები ქალების მიმართ ფსიქოლოგიური დახმარება.“- ამბობს ანა ხუტიაშვილი. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარედ შიდა ქართლში სულ 56 სოფელია მიჩნეული. აქედან 11-ს რამდენიმე კვირის წინ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, რაც გარკვეულ სოციალური შეღავათებით სარგებლობას გულისხმობს. აქ მცხოვრები ქალები კი რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან და მავთულხლართებთან ახლოს სასიკეთო ცვლილებების განხორციელების მოტივაცია აქვთ, მხარდაჭერას პოსტ-პანდემიის პერიოდშიც ელოდებიან. 

 

***

სტატიამ გაიმარჯვა მედიაკონკურსში, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში იყო გამოცხადებული.

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად