გენდერული სიახლეები
UNFPA-ს ანგარიში: ყოველდღიურად, მსოფლიო მასშტაბით, ათობით ათასს გოგონას ართმევენ ჯანმრთელობას, მათ უფლებებს და მომავალს
2020-07-01 11:55:41

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წლიური ანგარიში “State of World Population 2020: Against my will” ეძღვნება ტრადიციებს, რიტუალებსა და პროცედურებს, რომლებიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს გოგონებსა და ქალებს, ართმევს მათ საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობას. 

2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით.

ანგარიშის თანახმად, სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად. თუმცა ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამ ყველაზე გავრცელებულ საზიანო პრაქტიკაზე: ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება.

„წელს, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 4,1 მილიონი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი; 18 წლამდე ასაკის 33 000 გოგონა იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს მამაკაცზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგონების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგონების სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიც არის მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი „გაუჩინარებული გოგონა“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დაუყოვნებელი და დაჩქარებული მოქმედებაა საჭირო ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების შესაჩერებლად, რომლებიც ზიანს აყენებს ქალებსა და გოგონებს. ინფორმაციას UNFPA საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბავშვთა ქორწინება არალეგალურად არის მიჩნეული, თუმცა რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ეს პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული. UNFPA-ს მიხედვით, ზოგიერთ ქვეყანაში, 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულ გოგონათა წილი 15%-მდეა; ხოლო ზოგიერთ თემში, თითქმის ყოველი მეორე ქალი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება. ასევე ფართოდაა გავრცელებული ვაჟისთვის უპირატრსობის მინიჭება. ამ მიზეზით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ზოგიერთ ქვეყანაში სქესთა შორის თანაფარდობის რღვევა შეინიშნება – დაბადებულ ვაჟთა ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გოგონების რაოდენობას.

ქვეყნებს, რომლებმაც მოახდინეს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, ეკისრებათ საზიანო პრაქტიკის აღკვეთისა და დასრულების ვალდებულება. ბევრმა ქვეყანამ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი კანონები შემოიღო, თუმცა, მხოლოდ კანონების შემოღება საკმარისი არ არის. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომები გაცილებით ეფექტურია ცვლილებების მისაღწევად, – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშის მიხედვით, პროგრამები, რომლებიც სოციალური ნორმების შეცვლას ემსახურება, საკმაოდ ეფექტურია საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს პროგრამები არა მხოლოდ ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ უფრო ფართო სპექტრის საკითხებზე, როგორიცაა ქალებისა და გოგონების დაქვემდებარებული მდგომარეობის შეცვლა, მათი უფლებების დაცვა, მათი სტატუსის ამაღლება და შესაძლებლობებზე წვდომის უზრუნველყოფა.

„მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელი ისეთი გზებით, როგორიცაა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნა, მათთვის ცხოვრებისეული უნარების სწავლება და სოციალური ცვლილებების განხორციელების ძალისხმევაში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვა. ანგარიშის თანახმად, 2030 წლამდე, 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიცია ამ ორი საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ამით დასრულდება, დაახლოებით, 84 მილიონი გოგონას ტანჯვა.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია, COVID-19-ის პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს და ზრდის პრობლემის გამწვავების რისკს. უახლესი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგონა გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი.

პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად არის მიჩნეული.

იზოლაცია, სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოზარდი გოგონების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და იმ სისტემების რღვევას უწყობს ხელს, რომლებიც მათ ამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება. „პანდემია უფრო მეტ გოგონას აყენებს რისკის წინაშე და საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ ამ რისკების შემცირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს” განაცხადა არმიტაჟმა. „ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გოგონებმა ყველგან შეძლონ სრულად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით, თავად გააკეთონ საკუთარ ცხოვრებისა და სხეულის შესახებ არჩევანი“- წერია ანგარიშში.

ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად