გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში შიმშილობის მაჩვენებელი შეიძლება დრამატულად გაიზარდოს.
გუტერეშის თქმით, მსოფლიოში დღეის მდგომარეობით 820 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის 144 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეს რიცხვი შეიძლება 49 მილიონით გაიზარდოს.
ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ “კოვიდ 19”-ით გამოწვეული კრიზისის გამო, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა წელს, შესაძლოა, 49 მილიონით გაიზარდოს.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიოს 7.8 მილიარდიანი მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისზე მეტი საკვები არსებობს, თუმცა პრობლემა შესაბამისი სისტემების არასათანადოდ მუშაობაშია.
„იმ შემთხვევაში, თუ მყისიერ ზომებს არ მივმართავთ, ძალიან ცხადია, რომ მსოფლიოში საჭმლის გლობალური კრიზისი გვექნება, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები მოყვება ასობით მილიონი ბავშვისთვის და ზრდასრულისთვის”, – განაცხადა გუტერეშმა.
ამ დრამატული სცენარის თავიდან ასაცილებლად ანტონიო გუტერეშმა ქვეყნებს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ მეტად ინკლუზიური და მდგრადი მსოფლიო. ჩვენ უნდა შევქმნათ ჯანსაღ საკვებზე მეტად ინკლუზიური წვდომის შესაძლებლობები, რაც მშრომელთა და მწარმოებელთა ინტერესებს წაადგება”, – განაცხადა გუტერეშმა.