ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული თანასწორობის ჯგუფმა, რომელსაც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს, შეადგინა სახელმძღვანელო, სახელწოდებით „ყველა თანასწორია“ (All Things Being Equal).
ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც დასაქმებული ქალების და მამაკაცების თანაფარდობის შესახებ ყველა კითხვას პასუხობს, გვიზიარებს უკვე წარმატებულ პრაქტიკას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლები ნერგავენ გენდერული თანასწორობის დასაცავად.
ანგარიში უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია ონლაინ. სახელმძღვანელოზე EBU-ს 11 წევრი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლები მუშაობდნენ.
პირველად ანგარიში, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 83-ე გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა, რომელიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა. ასამბლეას ევროპის მაუწყებელთა კავშირის 56 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. ევროპის მაუწყებელთა კავშირის 116 წევრ ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოში მილიარდზე მეტი აუდიტორია ჰყავს და 56 ქვეყანაში 160-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობენ.
ანგარიშის წარდგენაში თინათინ ბერძენიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტმა/BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა ნოელ კურანმა.