თალიბების ლიდერმა მულა ჰაიბათულა აჰუნზადიმ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ უფლებებს კოალიციური ძალების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ.
აჰუნზადიმ განცხადება გაავრცელა,რომელშიც ნათქვამია: "საზოგადოების ყველა წევრს, თითოეულ კაცსა და ქალს, უნდა მიენიჭოს შესაბამისი უფლებები. არავის არ უნდა გაუჩნდეს უსამართლობის შეგრძნება, ხოლო საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარებისათვის აუცილებელია ყველა საქმე განხილული იყოს შარიათის კანონის გათვალისწინებით”.
ავღანეთში თალიბების მოსვლამდე და სამოქალაქო ომამდე ქალთა მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ავღანელმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1919 წელს მოიპოვეს, 1950 წლიდან ჩადრის ტარების ვალდებულება გაუქმდა, 1960-იან წლებში კი ქალისა და კაცის თანასწორობა უკვე ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირდა.
ქვეყანაში გენდერული თანასწორობას გამანადგურებელი დარტყმა ხელისუფლებაში თალიბების მოსვლამ მიაყენა – შუა საუკუნეების რეჟიმის დამყარებამ, რომელიც შარიათის კანონების ბრმა და სიტყვასიტყვით გაგებას ეფუძნებოდა.
თალიბები ქალებს „შარიათის კანონები“ თავს მოახვიეს, თუმცა ეს ყველაფერი „გენდერულ აპარტეიდს“ უფრო მიაგავდა. ავღანელ ქალებს მუშაობა აეკრძალათ, დაიხურა გოგონათა ყველა სკოლა. ქალებს ყველა უფლება ჩამოერთვათ, რის მისაღწევადაც ათწლეულების განმავლობაში მედგრად იბრძოდნენ. მათ საკუთარი სახლიდან მამრობითი სქესის წარმომადგენელი ნათესავის გარეშე გასვლაც კი აეკრძალათ. აკრძალვები ჩაცმულობაზეც სათანადოდ აისახა: ქალი თავით ფეხებამდე შეიფუთა ჩადრსა და ფარანჯაში.
დღეს, მიუხედავად იმისა, რომ თალიბების დესპოტიზმი და ქალების უფლებების სრული უგულებელყოფის ტენდენცია წარსულს ჩაბარდა, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანა მაინც გაცილებით ჩამორჩენილია, ვიდრე წინა საუკუნეში.
2020 წლის თებერვალში აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები დათანხმდენ, რომ კოალიციური ძალები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ.