სუდანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 141 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ხელისუფლებას ებრძოლოს ერთ – ერთ ყველაზე საშიშ სოციალურ პრაქტიკას, რომელიც ქალთა მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას წარმოადგენს.
ახალი კანონის თანახმად, ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
გაეროს მონაცემებით, სუდანში 15-დან 49 წლამდე ქალებისა და გოგონების 88%-მა გაიარა წინადაცვეთის პროცედურა.
UNICEF - ის მონაცემებით კი 2016 წელს 200 მილიონ ქალსა და ბავშვს მსოფლიოს 30 ქვეყანაში ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული, აქედან 27 ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე მდებარეოს. თუმცა დრემდე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.
ეს პროცედურა ასევე დამახასიათებელია რამდენიმე თემისთვის, ფილიპინებში, მალაიზიასა და პაკისტანში. იშვიათად გვხვდება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, იემენში, ომანსა და ბაჰრეინში. ლათინურ ამერიკაში ქალთა წინადაცვეთა ძირითადად გვხვდება ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკასა და პერუში.
აღსანიშნავია, რომ არცერთი რელიგია ამ პროცედურას არ მიესალმება. გაერთიანებულ სამეფოში ქალთა წინადაცვეთა აიკრძალა 1985 წელს, თუმცა დღემდე ხდება ამ პრაქტიკის გამოყენება. 1997 წლიდან ქალთა წინადაცვეთა აგრეთვე აიკრძალა ეგვიპტეშიც.