შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 200-მდე სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა, დანაშაულის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.
„აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს,“ – ამბობს შსს.
ამავე წყაროს ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლი) პოლიციისადმი მომართვიანობისა და სისხლისსმართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.
„კერძოდ, 2019 წელს არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს – 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს – 1 პირის მიმართ“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლილ იქნა 200-მდე სისხლის სამართლის საქმე, რომლის შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინება იყო და რომლებზეც 2019 წელს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით.
2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და დაზარალებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე, გამომძიებლებისათვის მომზადდა სპეციალური ინსტრუქცია ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტანდარტებზე, რომლის პრაქტიკაში აქტიურ გამოყენებაზე მონიტორინგს დეპარტამენტი ახორციელებს.
2019 წლის მეორე ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვთა ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა.
ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების დროულ გამოვლენასა და ეფექტიანი გამოძიების თემაზე ონლაინკონფერენციაც გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და ადგილობივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.