რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ძალადობისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ტ.მ.-მ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილის და ცოლის დის თანდასწრებით, ცოლს ხ.გ.-ს დანით ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო ცოლის დას ასევე დაზიანება მიაყენა ხელის არეში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.მ.-ს ცოლო ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ტ.მ. 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’, და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.