კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში გენდერული ძალადობისა და არასასურველი ორსულობის შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულ ნიშანს მიაღწევს. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) განცხადებაში.
როგორც აღინიშნა, გლობალური პანდემია გააუარესებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ძირითადი პროგნოზი ასეთია:
- დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით 2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა;
- გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა;
- COVID-19–ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა;
- COVID-19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-30 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ამბობს, რომ აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალების და გოგოების საჭიროებები პრიორიტეტებს შორის დამკვიდრდეს.
გაეროს მონაცემებით, საგანგაშოდ არის გაზრდილი მიმართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კრიზისულ ცენტრებში და ასვე, შეტყობინებების რაოდენობა სამართალდამცავი ორგანოების ცხელ ხაზებზე.