ინტერ-საპარლამენტო კავშირის მონაცემების თანახმად, აზია - წყნარი ოკეანის ქვეყნების პარლამენტებში ქალთა რაოდენობა ძალზე დაბალია. ამ რეგიონის ქვეყნების პარლამენტებში ქალები მხოლოდ სამ პროცენტს წარმოადგენენ.
189 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მიკრონეზია, პაპუა-ახალი გვინეა და ვანუატუ სიაში ბოლო ადგილებს იკავებენ, რადგან ამ ქვეყნების პარლამენტების შემადგენლობაში არც ერთი ქალი არ არის.
ვანუატუს უფლებადამცველებმა ახალ პრემიერ მინისტრს მოუწოდეს რეფორმების ჩატარებისკენ და მომავალი არჩევნებისათვის კანდიდატთა სიებში უფრო მეტი ქალის წარდგენისკენ. უფლებადამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვეყანაში "უხერხული" სიტუაცია შეიქმნა და ვანუატუ არ უნდა დარჩეს იმ ქვეყნებს შორის, სადაც კანონმდებელი ქალები არ არიან.
1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ვანუატუში მხოლოდ ხუთი ქალი პარლამენტარი აირჩიეს, ხოლო ბოლო სამ არჩევნებში არც ერთმა კანდიდატმა ქალმა არ მიიღო მონაწილეობა.
ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლება არის ერთპალატიანი ვანუატუს პარლამენტი, რომელიც შედგება ოთხწლიანი ვადით არჩეული 52 დეპუტატისაგან.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში ვანუატუში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და მასში 240-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 17-მა ქალმა.
ვანუატუში ქალებს ხმის უფლება 1975 წელს მიანიჭეს.