საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ მოქალაქეების თვითიზოლაციამ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც 17 მარტს საფრანგეთში კარანტინი გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 30% -ით გაიზარდა.
თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ პარიზში ოჯახში ძალადობის ფაქტების ზრდა 36% -ს შეადგენს.
ამ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, დაზარალებულებს შეეძლებათ დახმარების გამოძახება აფთიაქებში. ”ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, ქმრის გარეშე აფთიაქში მისვლის დროს, უნდა ჰქონდეს დახმარების გამოძახების შესაძლებლობა ”- განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.
მისივე განმარტებით, უკვე გაცემულია მითითებები შესაბამის სტრუქტურებში, რათა ოჯახში ძალადობის ფაქტების დროს პოლიციამ "სწრაფი რეაგირება და ჩარევა" შეძლოს.
კრისტოფ კასტანერმა აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის "პრიორიტეტია".
ბოლო ორი კვირის მანძილზე საფრანგეთის მოსახლეობა, კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება, ხოლო კარანტინი ქვეყანაში 15 აპრილამდე გაგრძელდება.
საფრანგეთი ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა ევროპაში. ყოველწლიურად, 18-დან 75 წლამდე ასაკის დაახლოებით 219,000 ქალი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ახლანდელი ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველ სამ დღეში ერთხელ, საფრანგეთში ერთ ქალს მისი პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს.