გენდერული სიახლეები
ქალთა გაძლიერება მუნიციპალური დონიდან იწყება...
2022-12-01 16:10:05

"…ქალების აქტიური ჩართულობა, მამაკაცებთან თანასწორობის პირობებში, გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უმნიშვნელოვანესია თანასწორობის, მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად,“ - გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თაობაზე, 2011 (66/130)

როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობა დაფუძნებულია მოსახლეობის ჩართულობაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. ამიტომაც, იგი განსაკუთრებულად წარმოაჩენს მოსახლეობისა და ხელისუფლების ურთიერთკავშირს. სახელმწიფო კი მით უფრო მეტად დემოკრატიულია, რაც უფრო განვითარებულია თვითმმართველობის ორგანოები. შესაბამისად, ორგანოთა განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა. თუმცა, სამწუხარო რეალობაა, რომ ქალები წარმომადგენლობის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტ ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ეროვნულზე. მეტიც, გაეროს მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი მთავრობები პატრიარქალური ინსტიტუციებია და ქალების წარმომადგენლობა კვლავ ძალიან დაბალია დემოკრატიული სახელმწიფოების მერიასა და მმართველობით ინსტიტუტებში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის მოგვარება ისევ გამოწვევად რჩება. 

საქართველოში ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა უკვე ათწლეულებია აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა დღემდე არსათანადო წარმომადგენლობაა როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე. გასული წლების საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე გენდერული კვოტირების შემოღებამ შედარებით შეცვალა დამკვიდრებული ტენდენცია, რაც აისახა კიდეც პროცენტულ გადანაწილებაში, თუმცა ეს კვლავ არაა საკმარისი იმისთვის, რომ ქალებმა რეალური გავლენა იქონიონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

იმისათვის, რომ ვისაუბროთ აღნიშნული მდგომარეობის  შეცვლის გზებზე, უპირველესად უნდა დავინახოთ მისი გამომწვევი მიზეზები. ქალთა არყოფნა პოლიტიკურ არენაზე დაკავშირებულია მთელ რიგ ფაქტორებთან, რომელთაგან გამოიყოფა - კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ბარიერები. 

პირველ რიგში,  ქალის სოციალურ-კულტურული სტატუსი შეგვიძლია დავასახელოთ მთავარ წინაღობად.  დღემდე აქტიურად არსებობს ის ისტორიული ხედვები, რომ, საზოგადოება ქალს კვლავ მხოლოდ ოჯახურ გარემოში მოიაზრებს და არა პოლიტიკაში. UNDP-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ პოლიტიკა კაცის საქმე უფროა, ხოლო ქალებს ამ სფეროში მხოლოდ შეზღუდული როლი უნდა ჰქონდეთ. ამას ემატება, სოციალურ-ეკონომიკური ბარიერები, რომელიც მოიცავს ფინანსური რესურსების ნაკლებობას და ორმაგ ტვირთს, რაც ერთდროულად საოჯახო საქმეებსა და სრული განაკვეთით მუშაობას მოიცავს. შესაბამისად, ეს მიზეზები განიხილება, როგორც ერთ-ერთი რგოლი შემაკავებელი ფაქტორებისა, რაც ხელს უშლის ქალებს ჩაერთონ პოლიტიკაში. 

ასევე, დიდ პრობლემას ქმნის ინსტიტუციური ბარიერები, კერძოდ, საარჩევნო სისტემები და პარტიათა მიკერძოება. იმ დაშვებით, რომ პარტიებმა იციან ქალების მიმართ ამომრჩეველთა მიკერძოების შესახებ, სიების შედგენისას უპირატესობას ანიჭებენ კაც კანდიდატებს. შესაბამისად, ამომრჩეველთა მიკერძოების არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, პარტიის ლიდერებმა ხელი შეუშალონ ქალი კანდიდატების წინასვლას. თუმცა, ამ მხრივ, გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, "2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი". მართალია, ჩანაწერი არ აკონკრეტებს სქესს, თუმცა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ნორმის მიზანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა.

მნიშვნელოვანია განვიხილოთ ქალთა  ფსიქოლოგიური ასპექტიც პოლიტიკურ ამბიციებთან დაკავშირებით. გამოკითხვებმა დაადგინა, რომ ქალებს, რომელთაც პროფესიული და ეკონომიკური მდგომარეობა ხელს უწყობთ იყვნენ პოლიტიკური კანდიდატები, კაცებთან შედარებით ნაკლებად აქვთ წამყვანი პოლიტიკური პოზიციების დაკავების ამბიცია (Fox and Lawless, 2004). ამის მიზეზია დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ოჯახური ურთიერთობების გავლენა. ფოლკისა და რიკნის (Folke and Rickne, 2020) ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ შვედეთში პარტნიორთან განქორწინების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება იმ ქალი პოლიტიკოსების შემთხვევაში, რომლებიც მერის პოზიციაზე დაწინაურდნენ (რაც უმაღლესი თანამდებობაა მუნიციპალური პოლიტიკის დონეზე), კაცების შემთხვევაში კი ასე არ ხდება. 

ზემოაღნიშნული ბარიერების გათვალისწინებით, ქალთა პოლიტიკური აქტივობის წახალისების მიზნით, კარგ პრაქტიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ დიდი ბრიტანეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიის კამპანია სახელწოდებით “ფული, თავდაჯერებულობა და კულტურა,” რომელიც პოლიტიკაში ახალბედების სამ მთავარ წინაღობას იღებდა მიზანში. კამპანიის ფარგლებში, არათანაბარი ფულადი რესურსების პრობლემის აღმოსაფხვრელად დაფუძნდა ნდობის ფონდი. თავდაჯერების გასაზრდელად ქალებისთვის შემუშავდა პროგრამები, რაც მოიცავდა საჯარო გამოსვლებს, დებატებს და მსგავს ღონისძიებებს. ამას გარდა, ადგილობრივი პარტიების დონეზე დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია, რათა აღმოეჩინათ ქალი ლიდერების ახალი კანდიდატები.

საქართველომ, არაერთ დეკლარაციასა და კონვენციას მოაწერა ხელი, მათ შორისაა, "ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ" კონვენცია, რითაც დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში აიღო ვალდებულება, რომ დაიცავს ქალებს და შეუწყობს ხელს თანასწორობის პოპულარიზებას საკანონმდებლო, საჯარო ინსტიტუტების, სხვადასხვა ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების დონეზე. ასევე, ქვეყანაში მიღებულია არაერთი კანონი, რომლის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში მოქმედებს გენდერული თანასწორობის საბჭოები. თუმცა კანონი არ ავალდებულებს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ გენდერული გავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშგება. შესაბამისად, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში, ასევე ადგილობრივ დონეზე კვლავ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმეგებლი პირების არსებობა. აღნიშნული ინსტრუმენტების გარეშე კი რთულია, რომ ქალთა შორის არსებული საჭიროებები სრულყოფილად იყოს ასახული შესაბამის სტრატეგიებსა თუ ადგილობრივ პროგრამებში. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უზრუნველყოფს საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, რომელიც გავლენას მოახდენს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდამ მოიტანა ის, რომ ეს ქვეყნები ქალთა უფლებების რეალიზაციის მხრივ დღესდღეობით საუკეთესო ქვეყნებად მიიჩნევა. უკვე ამოქმედებული გენდერული კვოტირება მრავალი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნოთ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად, რადგან ის უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან ქალი-პოლიტიკოსის როლის მიმღებლობას. თუმცა ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკური ცვლილებების გატარება, რომლებიც შეამცირებს აუნაზღაურებელ საშინაო შრომის ტვირთს. ამავდროულად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად სახელმწიფო და ადგილობრივმა უწყებებმა ხელი უნდა შეუწყონ ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებულ მეტი ტრენინგსერვისის მიწოდებას. აღნიშნული კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალურ დონეზე, სადაც მოსახლეობის საჭირობები კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს და საიდანაც უნდა გადაიდგას ქვეყნის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 


 

ანანო ფერაძე
ბოლო ამბები
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად